Facebook Twitter

საქმე №ას-12-10-2013 18 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ. შ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე, მ. ო.-ის სარჩელის გამო, დ. შ.-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ დ. შ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბერს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორი დ. შ.-ე და მისი წარმომადგენელი ქ. უ.-ი (ტ.II, ს.ფ.39). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2012 წლის 21 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე – 1 დეკემბერი. გამომდინარე აქედან კასატორს ან მის წარმომადგენლს (იხ.მინდობილობა ტ.I, ს.ფ. 57) შეეძლოთ გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინათ 2012 წლის 21 ნოემბრიდან 2012 წლსი 1 დეკემბრამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. შ.-ე საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადაში, 2012 წლის 30 ნოემბერს მივიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბარა ამავე სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 1 დეკემბერს და დასრულდა 2012 წლის 21 დეკემბერს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი დ. შ.-ემ შეიტანა 2012 წლის 28 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ.56), ხოლო საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2012 წლის 27 დეკემბერი, რაც უტყუარად ადსტურებს კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. შ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე