Facebook Twitter

№ ას-1243-1172-2012 3 იანვარი , 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – 1. რ.ხ-ა (მოპასუხე)

2. დ.ტ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორ რ. ხ-ას მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

კასატორ დ.ტ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.ტ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.ხ-სა და ნოტარიუს თ/ ჩ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა 2011 წლის 2 სექტემბერს რ.ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ. ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ქ. ბათუმში, ა-ის დასახლებაში მდებარე, ამჟამად რ.ხ-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.

მოპასუხემ რ.ხ-ამ სარჩელი არ ცნო.

მოპასუხე ნოტარიუსმა თ. ჩ-ამ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2011 წლის 2 სექტემბერს რ.ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ. ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა სანოტარო მოქმედების რაგისტრაციის №1100927552; დ.ტ-ე ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ა-ის დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ; მოპასუხე რ.ხ-ას დ.ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჯის სანაცვლოდ და 900 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის გადახხდილი იურიდიული მომსახურების ხარჯის ანგარიშში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.ხ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით რ.ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტიელბა, დ.ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რ.ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №110927552 5/6 ნაწილში, ქ. ბათუმში, ა-ის დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი №... და ქ. ბათუმში ა-ი დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №...., 5/6 ნაწილი აღირიცხა დ.ტ-ის საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საკომლო წიგნის და ა. ხ-ას კომლის შესახებ ჩანაწერის ასლებით დასტურდება, რომ ქ.ბათუმი ა-ის დასახლება ქ. №3-ში არსებულ კომლში კომლის უფროსს წარმოადგენდა ა. ხ-ის ძე ხ-ა, მოცემული ცნობის თანახმად კომლში ირიცხება სამი წევრი; კომლს აწერია 1988-2006წ 0.05ჰა (ნულინულიხუთი) მიწის ნაკვეთი; საცხოვრებელი სახლის აგების წელი - 1950წ; (ცნობა №51-ხ, 14.09.2011წ იხ საქმეში); საკომლო წიგნის ჩანაწერით კომლის წევრებს წარმოადგენენ: ა. ხ-ა, ჟ. ხ-ა და დ.ტ-ე; (იხ საკომლო წიგნის და ა. ხ-ას კომლის შესახებ ჩანაწერის ასლი); იგივე შინაარსის შემცველია ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის საარქივო ცნობა 27.09.2011წ. №42/ჩ, სადაც მითითებულია, რომ კ-ის თემის საკრებულოს 1988-2006წ №3 საკომლო წიგნის მიხედვით ა. ხ-ა ირიცხება კომლის უფროსად. კომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ირიცხება ჟ. ხ-ა და დ.ტ-ე, ხოლო რაც შეეხება დ.ტ-ის კომლიდან ამოწერას და ისევ ჩაწერას, დამატებითი ცნობების გრაფაში აღნიშნულის შესახებ არ არის მინიშნებული, რის გამოც დ.ტ-ე ითვლება ა. ხ-ას კომლის წევრად.

ა. ხ-ა გარდაიცვალა 2011 წლის 25 თებერვალს, რომლის გარდაცვალებისთანავე გაიხსნა სამკვიდრო მოცემულ საქმეზე სადაოდ ქცეულ ქონების შესაბამის წილზე.

ჟ. ხ-ა გარდაიცვალა 2010 წლის 25 აგვისტოს; პალატის მიუთითებით გაიხსნა სამკვიდრო მოცემულ საქმეზე სადაოდ ქცეულ ქონების შესაბამის წილზე.

საარქივო ცნობების 33-ტ (13.09.2011წ) და 778-ხ (11.07.2011წ) საფუძველზე დადგინდა, ქ. ბათუმში, ა-ას დასახლებაში სადაო ქონება დაზუსტებული ფართი: 430 კვ.მ და შენობა ნაგებობის საერთო ფართი: 248.30 კვ.მ 2011 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით აღირიცხა კომლის წევრების: ა. ხ-ას, ჟ. ხ-ას და დ.ტ-ის საკუთრებად; იგივე საარქივო ცნობების საფუძველზე 2011 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით იგივე უძრავი ქონება აღირიცხა მხოლოდ დ.ტ-ის საკუთრებად.

საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მომართვით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სახით უძრავი ქონების 430 კვ.მ მესაკუთრის (დ.ტ-ის) სახელზე რეგისტრაცია განპირობებული იყო და აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენდა ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიერ გაცემული ცნობები საკომლო ჩანაწერის შესახებ და განმცხადებლის მიერ წარდგენილი კომლის წევრების გარდაცვალების მოწმობები;

სადავო კომლში მდებარე კ-ის თემის საკრებულოში, დ.ტ-ე 1986-2006წ №3 საკომლო ჩანაწერების მიხედვით ირიცხება ა. ხ-ას კომლის წევრად; კომლის უფროსს წარმოადგენდა ა. ხ-ა, კომლის წევრებს: ჟ. ხ-ა, დ.ტ-ე (აღნიშნული ასევე დადასტურებულია ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიერ გაცემული მომართვით); პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1993 წლისათვის კომლის შემადგენლობა ჩამოყალიბებული იყო მითითებული ფორმით., რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული საარქივო ცნობით და საკომლო წიგნების ამონაწერებით, რომელიც იმ დროისათვის სპეციალურად დადგენილი წესით იყო წარმოდგენილი (ს.ფ.30-33)

კომლს გააჩნდა საერთო უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი 500კვ.მ; ა.ხ-ას გარდაცვალების შემდეგ კომლის წევრის სტატუსით სარგებლობდა დ.ტ-ე, რომლის კომლის წევრობის შესახებ ჩანაწერის გაუქმებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით რ.ხ-ას ეთქვა უარი. (აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ არ არის შესული კანონიერ ძალაში).

საჯარო რეესტრის 2011 წლის 19 ოქტომბრის №157616 მომართვით დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი - 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2007 წლის 20 ივლისს ა.ხ-ას მოთხოვნით გაიმიჯნა 430.0 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...) და 70.5 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთებად ეს უკანასკნელი 2010 წელს დაზუსტდა შემდეგი საკადასტრო მონაცემებით ნაკვეთის ფართობი 71.0 კვ.მ. საკადასტრო კოდი №.... მოცემულ საქმეზე სადაოა სწორედ აღნიშნული ქონება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 22 სექტემბერს დ.ტ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ბათუმში ა-ის დასახლებაში მდებარე ა. და ჟ. ხ-ის საერთო საკუთრების უფლება (როგორც კომლის წევრების) რეგისტრირებულ 430 კვ.მ. და დაახლოებით 71 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე არსებულ ჩანაწერებში ცვლილებების რეგისტრაცია. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის აუცილებლობა ერთის მხრივ გამოწვეული იყო კომლის წევრების ა. და ჟ. ხ-ის გარდაცვალებით და მეორეს მხრივ იმ გარემოებით, რომ 2007 წლის 11 ივლისს ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, შეიცავდა არასრულ მონაცემებს, კერძოდ მასში საერთოდ არ იყო მითითებული დ.ტ-ე, რომელიც ბიძასთან ა.ხ-ან და დედასთან ჟ.ხ-ან ერთად, როგორც კომლის წევრი წარმოადგენდა ხსენებული ნაკვეთების თანამესაკუთრეს. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის აუცილებლობა ასევე გამოწვეული იყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაშვებული შეცდომით, რაც იმაში გამოიხატა, რომ 2010 წლის 07 ივლისს ა.ხ-ას სახელზე 71 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მომზადებულ ამონაწერში რეესტრის მიერ მონაცემების გადატანისას დაშვებული შეცდომის გამო თანამესაკუთრედ, როგორც კომლის წევრი, არ იქნა მითითებული ჟ.ხ-ა და ამონაწერში მესაკუთრედ მხოლოდ ა.ხ-ა იქნა დაფიქსირებული.

რ.ხ-ამ ისარგებლა აღნიშნული გარემოებებით და ჟ. და ა.ხ-ის გარდაცვალების შემდეგ 2011 წლის 02 სექტემბერს კომლის კუთვნილი ქონე-ბიდან 71.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი №.... მიიღო კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №110927552, როგორც ა.ხ-ას მეორე რიგის მემკვიდრემ და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხა თავის სახელზე.

სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 სექტემბრის №882011463233 გადაწყვეტილებით დ.ტ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები 430 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებულ ჩანაწერებში, ხოლო 71 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებულ ჩანაწერებში ცვლილებების შეტანაზე სარეგისტრაციო სამსა-ხურის 2011 წლის 28 სექტემბრის №882011463266 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა იმ საფუძვლით რომ აღნიშნულ ქონებაზე რეგისტრირებული იყო რ.ხ-ას საკუთრების უფლება.

აწ. გარდაცვლილი ა.ხ-ა, აწ. გარდაცვლილი ჟ.ხ-ა და რ.ხ-ა არიან დედმამიშვილები, ხოლო დ.ტ-ე არის ჟ.ხ-ას შვილი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოშობილი იყო როგორც 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ისე მის შემდეგ, განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას უნდა გამოყენებულიყო როგორც 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.

პალატის განმარტებით, ,,სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრე-ბის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკომლო მეურნეობა არ წარმოადგენდა 1993 წლამდე არსებულ საკოლმეურნეო კომლის სამართალმემკვიდრეს, რადგან მითითებული სუბიექტი განსხვავებული წარმონაქმნია და მასთან დაკავშირებით კანონით დადგენილია განსხვავებული რეჟიმი. პალატის აზრით, არასწორი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 569-ე მუხლზე (1964წ), რომლის თანახმად საკომლეურნეო კომლის წევრის გარდაცვალებით კომლის ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება; გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკომლეურნეო კომლში სხვა წევრები არ დარჩენილა. მოცემული რეგულაცია 1993 წლის შემდეგ არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის კანონთან შეუსაბამოა. პალატის აზრით, ასევე შეუსაბამო იყო მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის გამოყენება, რომლის თანახმად კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. აღნიშნული ნორმა არ შეეხება საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შედეგად დამდგარ საერთო საკუთრების რეჟიმში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას.

პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1336-ე მუხლის, 1424-ე და 1421-ე მუხლების შესაბამისად, დასტურდებოდა, რომ ჟ.ხ-ას გარდაცვალების შემდეგ, მის წილ ქონების 1/3 ნაწილს, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა შვილი დ.ტ-ე ასევე იგი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა აწ. გარდაცვლილი ბიძის - ა.ხ-ას სამკვიდრო ქონებასაც კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო რ.ხ-ამ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სანოტარო ბიუროს განცხადებით ა.ხ-ას გარდაცვალების შემდეგ.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონებიდან 1/3 წარმოადგენდა დ.ტ-ის საკუთრებას (საერთო ქონებიდან), მანვე 1/3 ნაწილი მიიღო დედის სამკვიდრი ქონებიდან ფაქტობრივი ფლობით, ხოლო 1/6 აწ. გარდაცვლილი ბიძის სამკვიდრო ქონებიდან ( ჟ.ხ-ას გარდაცვალების გამო), ასევე ფაქტობრივი ფლობით, ხოლო 1/6 ნაწილი მიიღო რ.ხ-ამ კანონით დადგენილი წესით და ვადაში ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც დ.ტ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

რ.ხ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არასწორად იქნა დადგენილი გარემოება მასზე, რომ ქ. ბათუმში, ა-ის ქ. №3-ში არსებული უძრავი ქონება ეკუთვნოდა კომლს, რომლის წევრები იყვნენ ა.ხ-ა, ჟ.ხ-ა და დ.ტ-ე, ვინაიდან 2007 წელს ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, კომლის წევრებს მხოლოდ ა. და ჟ.ხ-ბი წარმოადგენენ;

კასატორის აზრით, სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ არ გაიზიარა საქმეში არსებული საკომლო ცნობა, რომლითაც დგინდებოდა, რომ სადავო კომლი იყო არა საკოლმეურნეო, არამედ მუშა-მოსამსახურის, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო დაესაბუთებინა, თუ რატომ იზიარებდა ან უარყოფდა ამა თუ იმ მტკიცებულებებს, ამასთან საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა შეეფასებინა ერთობლიობაში. გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა და არასწორად დააკისრა რ.ხ-ას სასამართლო ხარჯები.

დ.ტ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა კომლის საკუთრებას და იგი კომლის წევრი იყო, თუმცა ჩათვალა, რომ კომლის ერთ-ერთი წევრის – ა.ხ-ას გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო მის წილ ქონებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დ.ტ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით რ.ხ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ტ-სა და რ.ხ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ.ტ-ისა და რ.ხ-ას საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% .

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. რ.ხ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ დ.ტ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 24 აგვისტოს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. კასატორ რ.ხ-ას დაუბრუნდეს 2012 წლის 27 სექტემბერს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის) და 2012 წლის 8 ოქტომბერს გადახდილი (335 ლარის), სულ 835 ლარის 70% – 584.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე