№ას-1244-1173-2012 9 იანვარი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.ს-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ლ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინება, 2012 წლის 7 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ადვოკატის მომსახურების ხარჯების განაწილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.ს-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ა.ლ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 1590 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2011 წლის დეკემბერში, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ა. ლ-ეს ასესხა 1500 აშშ დოლარი, თვეში 1%-იანი სარგებლით. მოვალეს თანხა 2012 წლის იანვარში უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ვალდებულება დათქმულ ვადაში არ შეასრულა. იგი უარყოფდა თანხის მიღების ფაქტს, რის გამოც ი. ს-ემ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. შსს ქ. ქუთაისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივთან ა. ლ-ემ ვალის არსებობა აღიარა, თუმცა პოლიციამ უარი განაცხადა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე იმ საფუძვლით, რომ არსებული დავა კერძოსამართლებრივი იყო.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თანხა ისესხა არა ი.ს-ან, არამედ მისი მეუღლე რ. ბ-ან, ამასთან, მოსარჩელეს არასწორად ჰქონდა გამოანგარიშებული პროცენტი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით ი.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ა.ლ-ე იცნობდა ცოლ-ქმარს ი.ს-სა და რ. ბ-ს;
2. ა.ლ-ეს სჭირდებოდა 1500 აშშ დოლარი,რისთვისაც მიმართა ი.ს-სა და რ. ბ-ს. მათთან საუბრის შემდეგ ი.ს-ის დედამ ნ. ს-ემ ა.ლ-ეს გადასცა 1500 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გაცემული იყო სამი თვით, თვეში 1%-იანი სარგებლით;
3. სამი თვის გასვლის შემდეგ ა.ლ-ემ ნასესხები თანხა და პროცენტი გამსესხებელს არ დაუბრუნა, რის გამოც ი.ს-ემ პოლიციას განცხადებით მიმართა. პოლიციამ გამოიკვლია ი.ს-ის განცხადება და განუმარტა რომ ა.ლ-ე აღიარებს ვალს, მაგრამ საქმე სამოქალაქო სამართალწარმოებას განეკუთვნება და უნდა მიმართოს სასამართლოს;
4. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა. ლ-ეს სესხი მიღებული აქვს არა აპელანტ ი. ს-ან, არამედ ამ უკანასკნელის მეუღლე რ. ბ-ან, რაც დადასტურებულია როგორც ა.ლ-ის მიერ, ასევე საქმეში არსებული მიმოწერით, კერძოდ, რ. ბ-სა და ა.ლ-ეს შორის 2011 წლის 16 დეკემბისა და 2012 წლის 31 იანვარის ელექტრონული წერილებით;
5. რ. ბ-ი და ი.ს-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ არიან. რ. ბ-სა და ა. ლ-ის მიმოწერა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როგორც თანხის სესხებისას, ისე თანხის შესაძლო დაბრუნებისას ხელშეკრულების პირობებს ა. ლ-ე ათანხმებს მხოლოდ რ. ბ-ან;
6. მოსარჩელემ უარი განაცხადა არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე. აღნიშნულის შესახებ რ. ბ-ის ცნობილი იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლზე და დაადგინა, რომ სათანადო მოსარჩელე მოცემულ საქმეზე რ. ბ-ა. ი. ს-მ კი, სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე უარი განაცხადა. სასამართლომ ასვე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და დაადგინა, რომ თანხის გასესხების პირობებზე ი. ს-ეს მოლაპარაკება არ უწარმოებია, სესხის ხელშეკრულების მხარე რ. ბ-ი იყო, საკუთარი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი.ს-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ შსს ქუთაისის სამმართველოს დეტექტივის გ. ხ-ის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ თავის დროზე მხარეთა შორის არსებული დავის თაობაზე შესაბამისი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს განცხადებით მიმართა უშუალოდ ი.ს-ემ და არა მისმა მეუღლემ რ. ბ-მა. მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტია, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ ი.ს-ე აღიარებულია ა.ლ-ის მიმართ სამართლებრივი პრეტენზიის წარმდგენ მხარედ. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ი.ს-ე და რ. ბ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან.
2012 წლის 7 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც ი.ს-ეს ა.ლ-ის სასარგებლოდ დააკისრა ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურების საფასურის - 100 ლარის გადახდა.
დამატებითი გადაწყვეტილება ასევეა გასაჩივრებული საკასაციო წესით, კასატორ ი.ს-ის მითითებით, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მას არ უნდა დაჰკისრებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევის გარეშეა განხილული, რომელსაც შეეძლო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი.ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს ი. ა-ის მიერ 28.07.2012 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე