№ას-1249-1178-2012 25 იანვარი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.დ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.დ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - ნ.ქ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - ბინის საფასურის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ.დ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბ. დ-ის, ი.დ-სა და ნ.ქ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 15 000 აშშ დოლარის, ხოლო ბ. დ-ის დამატებით 700 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე რემონტის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წელს ი.დ-ემ შესთავაზა ქ. ბათუმში, წ-ის გამზირ N44/48-ში მდებარე მისი ოჯახის კუთვნილი ბინის ყიდვა. მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო ი.დ-ის მეუღლე ბ. დ-ე. 2003 წლის 31 დეკემბერს გამყიდველთან გაფორმდა ხელწერილი, რომლის თანახმადაც მყიდველმა გადაიხადა 12 100 აშშ დოლარი. დარჩენილი 3400 აშშ დოლარი რ. დ-ემ გადაიხადა 2004 წლის აგვისტომდე. 2006 წელს რ. დ-ემ ბინა დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. 2008 წელს ამ ბინასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა დაიწყო ნ.ქ-ემ. ამჟამად ბინის მესაკუთრეა ნ.ქ-ე. რ. დ-ეს მიადგა 15500 აშშ დოლარის ზიანი. გარდა ამისა, მოსარჩელემ 2006 წელს ბინას კაპიტალური რემონტი ჩაუტარა. ექსპერტიზის დასკვნით, სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 48640, 19 ლარი შეადგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით რ.დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბ. დ-სა და ი.დ-ეს რ.დ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ რ.დ-ის მიერ ბინის ნასყიდობისათვის გადახდილი 16 200 აშშ დოლარისა და ბინის რემონტისათვის გაწეული ხარჯის - 48 640 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ი.დ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ი.დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება ი.დ--ის რ.დ-ის სასარგებლოდ რემონტისათვის გაწეული ხარჯების დაკმაყოფილების ნაწილში და ასევე 729 ლარის სახელმწიფო ბაჟის რ.დ-ის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ.დ-ის სარჩელი რემონტისათვის გაწეული ხარჯების ი.დ-ის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ქ.ბათუმში, ა. წ-ის ქ. №44/48-ში მდებარე №93 ბინის მესაკუთრედ 1995 წლის 9 ივნისიდან 2006 წლის 21 აგვისტომდე რეგისტრირებული იყო ნ.ქ-ე;
2. 2003 წლის 25 დეკემბერს რ.დ-ემ განცხადებით მიმართა ხულოს ნოტარიუსს და ნ.ქ-ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა;
3. სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ნ.ქ-ის გარდაცვალება ქ.ბათუმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული იყო 2001 წლის 9 მარტს;
4. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ა.წ-ის ქ.№44/48-ში მდებარე №93 ბინის მესაკუთრედ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა რ.დ-ე;
5. ნ.ქ-ე არ იყო გარდაცვლილი და მან 2008 წელს დავა დაიწყო აღნიშნულ ბინაზე;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ.ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ.ქ-ის დანაშთ ქონებაზე რ.დ-ის სახელზე 2003 წლის 25 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და 2011 წლის 26 აგვისტოს ქ.ბათუმში, ა. წ-ის ქ. №44/48-ში მდებარე №93 ბინის მესაკუთრედ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში კვლავ ნ.ქ-ე დარეგისტრირდა;
7. 2011 წლის სექტემბერში პოლიციის მიერ გაფრთხილების შემდეგ რ.დ-ემ ბინა ნებაყოფლობით დაცალა;
8. საქმეზე წარმოდგენილი 2003 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ხელწერილით დადგენილია, რომ ბ. დ-ემ რ.დ-ეს მიჰყიდა ქ.ბათუმი, ა.წ-ის ქ. №44/48-ში მდებარე №93 ბინა 15 500 აშშ დოლარად;
9. აღნიშნული თანხიდან ხელწერილის შედგენის დროს როლანდ დუმბაძემ გადაიხადა 12 100 აშშ დოლარი, ხოლო 3400 აშშ დოლარი ვალად დაიტოვა 2004 წლის 1 სექტემბრამდე. ზემოაღნიშნული ხელწერილს ხელს აწერს როგორც ბ. დ-ძე, ისე მყიდველი რ.დ-ე. ხელწერილს ასევე ადასტურებენ ბ. დ-ის ოჯახის წევრები;
10. ხელწერილზე არ არის ი. დ-ის ხელმოწერა;
11. რ. დ-ის მიერ სადავო უძრავი ქონების ნასყიდობისათვის გადახდილია სულ 15 500 აშშ დოლარი და საბუთების გასაფორმებლად 700 აშშ დოლარი, სულ 16 200 აშშ დოლარი;
12. სადავო უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით რ. დ-ე მოლაპარაკებას აწარმოებდა ბ. დ-ის მეუღლე ი. დ-ან და მის დედამთილთან, შესაბამისად, თანხაც ი. დ-ეს გადაეცა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია მოწმე ო. ს-ის ჩვენებითაც, რომელიც დაეხმარა მყიდველსა და გამყიდველს ბინის ნასყიდობაში. მოწმემ აჩვენა, რომ მან შეახვედრა ისინი ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდა ნასყიდობის პროცესს. მოწმე თანხის გადაცემას ესწრებოდა და თანხა სწორედ ი. დ-ემ აიღო;
13. ი. დ-ე და ბ. დ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ი.დ-ის რემონტის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება და აღნიშნა, რომ უძრავი ქონება ამჟამად აღრიცხულია ნ.ქ-ის სახელზე და ის ფლობს აღნიშნულ ნივთს, შესაბამისად, ი. დ-ე უსაფუძვლოდ ვერ გამდიდრდებოდა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ი.დ-ეს რ.დ-ის ზიანი არ მიუყენებია. დადგენილია, რომ რ. დ-ეს ბათილი გარიგების დადების დროისათვის უნდა სცოდნოდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრის ვინაობა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 2003 წლის 31 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ა. წ-ის ქ. №44/48-ში მდებარე ბინა N93-ის ნასყიდობის შესახებ ბ. დ-სა და რ.დ-ეს შორის ხელწერილის დადებისას ბ. დ-ე არ წარმოადგენდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ქონება ირიცხებოდა ნ.ქ-ის საკუთრებად. ხელწერილი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უძრავი ქონების შეძენის შესახებ დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებად, ვინაიდან იგი დადებულია ფორმის დაუცველად. აღნიშნული უძრავი ქონების რ.დ-ის საკუთრებად აღრიცხვა საჯარო რეესტრში განხორციელდა 2006 წელს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. 2003 წლის 31 დეკემბრის გარიგება საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ დადებულია ფორმის დაუცველად, არ წარმოშობს დასახულ სამართლებრივ შედეგებს არც მხარეთათვის და არც მესამე პირთათვის, რის გამოც იგი წარმოადგენს უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი.დ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არასწორად და მიკერძოებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელე ვერ მიუთითებს, რომ ი.დ-ე მონაწილეობას იღებდა სადავო ბინის ყიდვა-გაყიდვაში. მოსარჩელემ ი.დ-ე განსახილველ დავაში ჩართო მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ბ. დ-ეს თავის სახელზე რაიმე სახის ქონება არ გააჩნია. 2003 წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ ხელწერილში ი.დ-ის ქმრის ყველა ოჯახის წევრი არის მითითებული, გარდა თავად ი.დ-სა და ეს ბუნებრივია, ვინაიდან მას, როგორც აჭარული ოჯახის რძალს, არავინ ეკითხებოდა არც ბინის გაყიდვას და არც ფულის აღებას. რაც შეეხება დარჩენილი 3400 აშშ დოლარის გადახდას, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ეს თანხა ი.დ-ეს გადასცა. სასამართლომ, მოსარჩელის მოთხოვნის გარეშე არარად ცნო 2003 წლის 31 დეკემბრის გარიგება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ი.დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ქ.ბათუმში, ა. წ-ის ქ. №44/48-ში მდებარე №93 ბინის მესაკუთრედ 1995 წლის 9 ივნისიდან 2006 წლის 21 აგვისტომდე რეგისტრირებული იყო ნ.ქ-ე;
2. 2003 წლის 25 დეკემბერს რ.დ-ემ განცხადებით მიმართა ხულოს ნოტარიუსს და ნ.ქ-ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა;
3. სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ნ.ქ-ის გარდაცვალება ქ.ბათუმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული იყო 2001 წლის 9 მარტს;
4. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ა.წ-ის ქ.№44/48-ში მდებარე №93 ბინის მესაკუთრედ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა რ.დ-ე;
5. ნ.ქ-ე არ იყო გარდაცვლილი და მან 2008 წელს დავა დაიწყო აღნიშნულ ბინაზე;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ.ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ.ქ-ის დანაშთ ქონებაზე რ.დ-ის სახელზე 2003 წლის 25 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და 2011 წლის 26 აგვისტოს ქ.ბათუმში, ა. წ-ის ქ. №44/48-ში მდებარე №93 ბინის მესაკუთრედ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში კვლავ ნ.ქ-ე დარეგისტრირდა;
7. 2011 წლის სექტემბერში პოლიციის მიერ გაფრთხილების შემდეგ რ.დ-ემ ბინა ნებაყოფლობით დაცალა;
8. საქმეზე წარმოდგენილი 2003 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ხელწერილით დადგენილია, რომ ბ. დ-ემ რ.დ-ეს მიჰყიდა ქ.ბათუმი, ა.წ-ის ქ. №44/48-ში მდებარე №93 ბინა 15 500 აშშ დოლარად;
9. აღნიშნული თანხიდან ხელწერილის შედგენის დროს რ. დ-ემ გადაიხადა 12 100 აშშ დოლარი, ხოლო 3400 აშშ დოლარი ვალად დაიტოვა 2004 წლის 1 სექტემბრამდე. ზემოაღნიშნული ხელწერილს ხელს აწერს როგორც ბ. დ-ე, ისე მყიდველი რ.დ-ე. ხელწერილს ასევე ადასტურებენ ბ. დ-ის ოჯახის წევრები;
10. ხელწერილზე არ არის ი. დ-ის ხელმოწერა;
11. რ. დ-ემ უძრავი ქონების ნასყიდობისათვის გადაიხადა 15 500 აშშ დოლარი და საბუთების გასაფორმებლად 700 აშშ დოლარი, სულ 16 200 აშშ დოლარი;
12. სადავო უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით რ. დ-ე მოლაპარაკებას აწარმოებდა ბ. დ-ის მეუღლე ი. დ-ან და მის დედამთილთან, შესაბამისად, თანხაც ი. დ-ეს გადაეცა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია მოწმე ო. ს-ის ჩვენებითაც, რომელიც დაეხმარა მყიდველსა და გამყიდველს ბინის ნასყიდობაში. მოწმემ აჩვენა, რომ მან შეახვედრა ისინი ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდა ნასყიდობის პროცესს. მოწმე თანხის გადაცემას ესწრებოდა და თანხა სწორედ ი. დ-ემ აიღო;
13. ი. დ-ე და ბ. დ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიზნებისათვის „დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას პროცესუალურ დარღვევებზე, რამაც მტკიცებულებათა არასწორი შეფასება და ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა გამოიწვია. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ისარგებლა 407-ე მუხლით გარანტირებული შედავების უფლებით და მე-12 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაშვები პრეტენზია წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლომ, განიხილა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები, მიიჩნევს, რომ ი.დ-ის პრეტენზია გაზიარებულ უნდა იქნეს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას ბინის ნასყიდობის თანხის დაკისრების ნაწილში ი. დ-ის მიმართ რ.დ-ის სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მოწმის ჩვენების საფუძველზე მიიჩნია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით რ. დ-ე მოლაპარაკებას აწარმოებდა ბ. დ-ის მეუღლე ი. დ-ან და მის დედამთილთან, შესაბამისად, თანხაც ი. დ-ეს გადაეცა.
აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2003 წლის 31 დეკემბრის ხელწერილი, რომლის თანახმადაც, რ.დ-ემ თითქოსდა შეიძინა ქ.ბათუმში, ა.წ-ის ქ. №44/48-ში მდებარე №93 ბინა 15 500 აშშ დოლარად და ნასყიდობის ფასის სახით ბ. დ-ეს გადაუხადა 12 100 აშშ დოლარი, ხოლო 3400 აშშ დოლარი ვალად დაიტოვა 2004 წლის 1 სექტემბრამდე. ხელწერილს ხელს აწერენ ბ. დ-ე და რ.დ-ე, ასევე მოწმედ დამსწრე პირები. ი.დ-ე არ არის გარიგების მხარე და არც მოწმეთა შორისაა დასახელებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მითითებული ხელწერილის ბათილობასთან დაკავშირებით, ამასთან აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაჭრისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, თუ ვის გადაეცა თანხა შესაბამისი ვალდებულებითსამართლებრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ რომელიმე მტკიცებულებას უპირატესობა არ ენიჭება და სასამართლომ ყველა მათგანი უნდა შეაფასოს, მაგრამ თითოეული მტკიცებულება უნდა შემოწმდეს უტყუარობის თვალსაზრისით.
მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, არსებობს წერილობითი მტკიცებულება, რომლის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა და მეორე მხრივ, მოწმის ჩვენება, რომლის თანახმადაც თანხა მიიღო არა ხელწერილში მითითებულმა პირმა, არამედ მისმა მეუღლემ, რომელიც, ხელწერილის თანახმად, თანხის გადაცემას არც ესწრებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ჩვეულებრივ პირობებში, სასამართლო გაიზიარებს წერილობით მტკიცებულებაში ასახულ გარემოებებს, რომელსაც ორივე მოდავე მხარე აწერს ხელს, თუ დოკუმენტის ნამდვილობა სადავო არ არის, ამასთან, წერილობით მტკიცებულებაში ასახულისაგან განსხვავებული გარემოებების დადგენა ან დაზუსტება-შევსება მოწმეთა ჩვენების საფუძველზე შესაძლებელია, თუ თავად დოკუმენტის შინაარსი ბუნდოვანია ან ისეთი საკითხის დადასტურებაა საჭირო, რაც დოკუმენტში არ ასახულა. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ამგვარი დაზუსტების საჭიროება ობიექტურად უნდა არსებობდეს, ხოლო მოწმეთა ჩვენება სარწმუნო უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე მოწმედ დაიკითხა ო. ს-ე, რომელიც ხელწერილის დადებას ესწრებოდა და ხელიც აქვს მასზე მოწერილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე გადაჭრით მხოლოდ ერთ გარემოებას მიუთითებს: რომ თანხა მიიღო ი.დ-ემ. მოწმის განმარტებით, სწორედ მან დააკავშირა ი.დ-ე და რ.დ-ე. აღნიშნულის მიუხედავად, იგი ვერ იხსენებს გარიგებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გარემოებებს, მათ შორის ნასყიდობის ზუსტ ფასს და ეჭვი ეპარება, ესწრებოდა თუ არა ხელწერილის დადებას თავად ბ. დ-ე, რომელიც როგორც ბინის გამყიდველი აწერს ხელს.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იმ გარემოებასაც იღებს, რომ სადავო ბინა ეკუთვნის ნ.ქ-ეს და არა ი.დ-ეს ან ბ. დ-ეს. რ.დ-ე ე. წ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე ყალბი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დაეუფლა ნ.ქ-ის ქონებას და მოცემულ განჩინებაში მითითებული ბინა საჯარო რეესტრში თავის სახელზე აღრიცხა, ამდენად, გაუგებარია, რატომ უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკება ან დაედო იმავე ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება ი.დ-ან, ან ბ. დ-ან, რომლებიც ბინის მესაკუთრეები არასოდეს ყოფილან და რ.დ-ე ამ გარემოების თაობაზე კარგად იყო ინფორმირებული. ისიც ბუნებრივია, რომ არსებულ ვითარებაში, რ.დ-ეს ი.დ-ან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკების წარმოება და ამ მიზნით ო. ს-ის დახმარება არ დასჭირდებოდა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება არასარწმუნოა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით უნდა ეხელმძღვანელა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას. იმის დამდასტურებელი სხვა მტკიცებულება, რომ ი.დ-ეს რაიმე თანხა გადასცა, რ.დ-ეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებით შეფასების აუცილებლობა და საქმის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნების საჭიროება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმეს ი.დ-ის რ.დ-ის სასარგებლოდ ბინის ნასყიდობისათვის გადახდილი 16 200 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილები უცვლელად დატოვების ნაწილში და რ.დ-ის სარჩელი ი.დ-ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვინაიდან, საერთო ჯამში, რ.დ-ის სარჩელი ი.დ-ის მიმართ მთლიანად არ დაკმაყოფილდა, რ.დ-ემ ი.დ-ეს უნდა აუნაზღაუროს სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი (რაც არ გაუნაწილებია სააპელაციო სასამართლოს) – 522,2 ლარი და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 670,56 ლარი, სულ 1192,76 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება ი.დ-ის რ.დ-ის სასარგებლოდ ბინის ნასყიდობისათვის გადახდილი 16 200 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ.დ-ის სარჩელი ი.დ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
4. რ.დ-ეს ი.დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 522,2 ლარისა და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 670,56 ლარის, სულ 1192,76 ლარის ანაზღაურება;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე