Facebook Twitter

№ას-1265-1194-2012 25 იანვარი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 26 ოქტომბერს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.ა-ემ მოპასუხე სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 26 სექტემბრის №1კ-07 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სარჩელის თანახმად, მ.ა-ე მოპასუხე სკოლაში მუშაობის მთელი დროის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას, არასდროს აცდენდა გაკვეთილებს, არ იგვიანებდა, კონფლიქტურ სიტუაციაში არ იმყოფებოდა კოლეგებთან, ყოველთვის ზრუნავდა როგორც თავის პროფესიულ, ასევე სკოლის განვითარებაზე. ამასთან, მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დისციპლინურ გადაცდომას. სადავო ბრძანება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი რეალურად არ არსებობდა, შესაბამისად, სკოლის დირექტორმა იგი ცალმხრივად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლა სამუშაოდან.

გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ.ა-ემ 1974 წელს დაამთავრა გორის ნ.ბ-ის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სრული კურსი ფიზიკის სპეციალობით და მიენიჭა საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებლის კვლიფიკაცია;

1976 წლის 4 თებერვალს მ.ა-ე დაინიშნა სოფელ ტინისხიდის სკოლის ფიზიკის მასწავლებლის თანამდებობაზე. 1984 წლის 18 ოქტომბრიდან იგი დაინიშნა ამავე სკოლაში კლასგარეშე აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზატორად;

სსიპ სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის 2009 წლის 1 სექტემბრის N2 ბრძანებით მ.ა-ე დაინიშნა ამავე სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე სასწავლო დარგში. ამავე ბრძანებით გაუქმდა დირექტორის მოადგილის სკოლის გარეშე მუშაობის დარგში თანამდებობა და დაევალა მ.ა-ეს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება. დროის გარკვეულ მონაკვეთში მ.ა-ე ასრულებდა სკოლის დირექტორის მოვალეობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 მარტის N1/კ-174 ბრძანებით ვ. გ-ე დაინიშნა სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

სსიპ სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 18 აპრილის N24 ბრძანებით მ.ა-ე დაინიშნა სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და ამავე ბრძანებით დაევალა დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება. 2010-2011 სასწავლო წელს მას ჰქონდა ფიზიკის მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვა.

სსიპ სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 26 სექტემბრის N1/კ-07 ბრძანებით მ.ა-ე გათავისუფლდა სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. ამავე ბრძანებით განისაზღვრა მ.ა-ის ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 დღისა. 2011-2012 სასწავლო წელს მას მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვა არ ჰქონია.

სსიპ სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 26 სექტემბრის სადავო N1/კ-07 ბრძანება მ.ა-ეს გადაეცა ამავე წლის 29 სექტემბერს. მოსარჩელემ მიიღო მოცემული ბრძანებით განსაზღვრული ერთი თვის შრომის ანაზღაურება.

ჟ. შ-ას სახელობის გორის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან მჭიდრო თანამშრომლობისა და თანადგომისათვის 2004 წელს მ.ა-ეს სასახლის დირექციის მიერ გამოეცხადა მადლობა. 2006 წელს მან მოისმინა ფონდი განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კურსი თემაზე: სასწავლო პროცესის დაგეგმვა ახალი საგნობრივი პროგრამების მიხედვით და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი. 2011 წელს მ.ა-ემ გაიარა სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის” მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი თემაზე „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში” და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.

2011 წელს, სსიპ სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის 26 მოსწავლიდან 21 მოსწავლემ ვერ გადალახა საატესტაციო გამოცდების ბარიერი, ხოლო 10% დარჩა ატესტატის გარეშე.

სსიპ სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 2 ივნისის N40 ბრძანებით შრომითი ურთიერთობა შეწყდა სკოლის დარაჯთან ი. კ-ან და ამავე ბრძანებით განისაზღვრა მისთვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა.

სსიპ სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის 2011 წლის 5 ივლისის პედსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ეწრებოდა მ.ა-ე, სკოლის დირექტორმა გააცნო პედაგოგებს თავისი შემდგომი მუშაობის გეგმა და აცნობა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესაძლებლობა.

მ.ა-ეს, უშუალოდ მასთან მოსალოდნელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, სკოლის დირექტორმა აცნობა ზეპირი ფორმით – 2011 წლის 14 სექტემბერს.

რაიონულმა სასამართლომ მიუთით შრომის კოდექსის მე-2, მე-3 მუხლებზე, ამავე კოდექსის 37.1 მუხლის „დ“ პუნქტზე, 38-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.

დასახელებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებით მ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად შრომის ხელშეკრულების კანონის დაცვით შეწყვეტის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. საქართველოს შრომის კოდექსიც განამტკიცებს აღნიშნულ პრინციპს. კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამდენად, ნების ავტონომიის პრინციპი გულისხმობს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფლებასაც.

სააპელაციოსასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, რა დროსაც შესაძლებელია შეწყდეს შრომითი ურთიერთობები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების მოშლა. შრომითი ხელშეკრულების მოშლა შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ანუ ხელშეკრულების მოშლა შეუძლია როგორც დასაქმებულს, ასევე – დამსაქმებელს. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველია და იგი არ გულისხმობს ხელშეკრულების შეწყვეტას ვალდებულების დარღვევის ან სხვა საფუძვლის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ასევე, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა წყდება. ამასთან, კანონმდებელი არ ზღუდავს მხარეთა ინიციატივას რაიმე დამატებითი პირობების დაწესებით ანუ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საკმარისია ერთ-ერთი მხარის ინიციატივა ხელშეკრულების მოშლის შესახებ, თუმცა მხარეთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებელი შრომის კოდექსის 38-ე მუხლით შრომითი ურთიერთობის მონაწილეებისთვის ითვალისწინებს გარკვეულ გარანტიებს. აღნიშნული მუხლი ადგენს არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, არამედ შრომითი ხელშეკრულების მოშლის პროცედურას – მოშლისს წესს და თანაზომიერების პრინციპის დაცვით აწესებს მხარეთა ინტერესების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ამასთან, კანონმდებელი არ ზღუდავს მხარეებს შრომის ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრონ მათი ინტერესების დამცავი სხვა პირობები ანუ მათ ენიჭებათ თავისუფლება ხელშეკრულებით მოაწესრიგონ აღნიშნული საკითხი და დააწესონ გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის, გაითვალისწინონ დასაქმებულისათვის მისაცემი შრომის ანაზღაურების ოდენობაც. შესაბამისად, დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლის დროს დაცული უნდა იქნეს როგორც საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი, ისე, არსებობის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირობები.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ სსიპ სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 26 სექტემბრის N1/კ-7 ბრძანებით მ.ა-ე გათავისუფლდა სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. ამავე ბრძანებით განისაზღვრა მ.ა-ის ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 დღისა. მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიერ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუნაზღაურდა ერთი თვის შრომის ანაზღაურება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ხელშეკრულების მოშლა, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის ნორმების დაცვით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ.ა-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:

მოცემული საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველმა სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა კანონის სრული დაცვით, რაც სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ გაიზიარა.

სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, ამასთან, სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არ გამოიყენა სპეციალური კანონი – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. საგულისხმოა, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ამ მუხლიდან გამომდინარე, შრომის კოდექსი აწესრიგებს ისეთ შრომით ურთიერთობებს, რომლებიც განსხვავებულად არ რეგულირდება სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. სკოლის დირექტორის მიერ მასწავლებლის გათავისუფლების საკითხი მოწესრიგებულია სპეციალური კანონით, კერძოდ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. რაც შეეხება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს დასაქმებულთან, სასამართლო პრაქტიკა გათავისუფლების აუცილებელ პირობად თვლის გათავისუფლების საფუძვლის არსებობას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება როგორც შიდა კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო აქტებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 26 სექტემბრის N1/კ-07 ბრძანებით მ.ა-ე გათავისუფლდა სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. ბრძანებაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. ამავე ბრძანებით განისაზღვრა მ.ა-ისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთდასახელებული ბრძანების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი უფლებას ანიჭებდა მოპასუხეს, ცალმხრივად მოეშალა შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველია და იგი არ გულისხმობს ხელშეკრულების შეწყვეტას ვალდებულების დარღვევის ან სხვა საფუძვლის გამო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხება შრომით ურთიერთობას ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ტიპის დაწესებულებებში შრომითი ურთიერთობები სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის რეგულირდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. მითითებული კანონის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობების რეგულირების სფეროში. შესაბამისად, სკოლის დირექტორის ინიციატივით მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლის კანონიერების საკითხი უნდა შემოწმდეს სწორედ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების ფარგლებში, რაც არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ განუხორციელებია.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს ანიჭებს შეუზღუდავ უფლებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოშალოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამ ამოცანის შესრულებას სასამართლო ვერ შეძლებს, თუ დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი მითითებული არ იქნება. ასეთ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრი დაეკარგებოდა.

საკასაციო პალატის ზემოხსენებული დასკვნები შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-575-541-10, ამავე პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-1206-1057-10).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ზემოხსენებული საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ასეთ პირობებში კი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად შეაფასოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე