Facebook Twitter

№ას-1298-1225-2012 8 იანვარი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ.ჩ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ბ-ემ ი.ბ-სა და ო. ა-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეთათვის სოლიდარულად 4782 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 5 აპრილს ო. ა-ემ ქ. ქუთაისში ნ-ის ქ. N127-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოიპარა 4782 ლარად შეფასებული ოქროს ნივთები, რომელიც მოგვიანებით იყიდა ი.ბ-მა. იცოდა რა ნივთების დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ, მან ისინი გადაადნო. მოპასუხეთა მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის19 აპრილის განჩინებით რ.ჩ-სა და თ. ბ-ის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

იმავე სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით რ.ჩ-სა და თ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. ა-ეს რ.ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4782 ლარის გადახდა, ხოლო თ. ბ-ის სასარგებლოდ - 15624 ლარის გადახდა, ი.ბ-ის თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რ.ჩ-ემ ი.ბ-ის თანხის სოლიდარულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, რ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 მაისისგადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც რ.ჩ-ის სარჩელი ი.ბ-ზე თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ.ჩ-ის სარჩელი ი.ბ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი.ბ-ს რ.ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 300 ლარი ი.ბ-მა უნდა გადაიხადოს სოლიდარულად ო. ა-ან ერთად, ამასთან დაკისრებული 300 ლარი შედის ო. ა-ზე დაკისრებული 4782 ლარში.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 იანვრის განაჩენით (საქმე №1/33) მოპასუხე ო. ა-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” (11 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და ო. ა-ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, საიდანაც 7 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ხუთი წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი;

2. წინასწარი შეცნობით ნაქურდალი ნივთის შეძენისათვის ი.ბ-ი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/667-2011წ) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი) და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით;

3. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ი.ბ-მა დაადასტურა, რომ ო. ა-ის მიერ რ.ჩ-ის საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ოქროს ნივთებიდან შეიძინა 300 ლარის ღირებულების სამკაულები;

4. ი.ბ-ის მიერ რ.ჩ-ის დანაშაულით მიყენებული ზიანი 300 ლარს შეადგენს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განაჩენით წინასწარი შეცნობით ნაქურდალი ნივთის შეძენისათვის ი.ბ-ი (საქმე №1/667-2011წ) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი) და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, თუმცა განაჩენი არ შეიცავს მონაცემებს რა სახისა და ღირებულების ნივთები შეიძინა მოპასუხემ. ასევე არ შეიცავს რ.ჩ-ის ი.ბ-ის მიერ მიყენებული ზიანის გაანგარიშებას. შესაბამისად, ი.ბ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი, არ წარმოადგენს სსსკ-ის 102-ე და 30917-ე მუხლებით განსაზღვრულ სათანადო მტკიცებულებას, რ.ჩ-ის ი.ბ-ის მიერ მიყენებული ზიანის გაანგარიშების თაობაზე. რაც შეეხება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 იანვრის განაჩენს მასში დაფიქსირებულია, მხოლოდ ო. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. არც აღნიშნული განაჩენით და არც სხვა მტკიცებულებით ირკვევა, რომ ო. ა-ის მიერ რ.ჩ-ის ბინიდან მოპარული ყველა ნივთი ი.ბ-მა შეიძინა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე ი.ბ-მა დაადასტურა, ო. ა-ის მიერ რ.ჩ-ის საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ოქროს ნივთებიდან 300 ლარის ღირებულების სამკაულების შეძენის ფაქტი, ი.ბ-ის მიერ რ.ჩ-ის დანაშაულით მიყენებული ზიანი 300 ლარს შეადგენს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში რ.ჩ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ი.ბ-ის დანაშაულებრივი ქმედებით რ. ჩ-ეს ზიანი მიადგა, მაგრამ არასწორად განსაზღვრა ზიანის ოდენობა. ი.ბ-მა თავად განაცხადა, რომ მისთვის უცნობი იყო ო. ა-ან შეძენილი ნივთების ღირებულება. მან მოსამართლეს მოახსენა, რომ ნაქურდალ ნივთებში სხვადასხვა თანხას იხდიდა და ერთხელ 300 ლარიც აქცვს გადახდილი, მაგრამ ვერ დაადასტურა, რომ რ. ჩ-ის ბინიდან მოპარულ ნივთებში გადაიხადა 300 ლარი. გადაწყვეტილებაში დასაბუთებული არ არის, სასამართლომ რატომ მიიჩნია, რომ ი. ბ-მა მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა რ. ჩ-ეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე