Facebook Twitter

№ ას-1310-1236-2012 11 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – თ. და ნ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – თანხის დაკისრება (სარჩელში), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა სესხის ნაწილში (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოსი თ.და ნ. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა თ. ხ-ის მ.მ-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 41 500 აშშ დოლარის დაკისრება; თ.ხ-ის მ.მ-ის სასარგებლოდ სესხის სარგებლის 57 270 აშშ დოლარის და 2011 წლის 05 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1245 აშშ დოლარის დაკისრება; თ.ხ-ის მ.მ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 56 100 აშშ დოლარის და 2011 წლის 05 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 124,5 აშშ დოლარის დაკისრება; დავალიანების დაფარვის მიზნით ნ.ხ-ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ქონების 2/3 ნაწილის რეალიზაცია მდებარე ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №23 (საკადასტრო კოდი #...).

სარჩელის თანახმად, 2007 წლის 4 ოქტომბერს მ.მ-ს და თ.და ნ. ხ-ებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ.მ-მა მოპასუხეებს ასესხა 41 500 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, ყოველთვიური 3% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა თ.ხ-სა და ნ.ხ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა №23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ნ.ხ-ის კუთვნილი 1/3 ნაწილის იპოთეკით დატვირთვის ნაწილში. თ.ხ-ეს გადასახდელად უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა 41 500 აშშ დოლარი, სარგებელი 57 270 აშშ დოლარი და 2011 წლის 5 აგვისტოდან ყოველთვიურად 1245 აშშ დოლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლო 174 300 აშშ დოლარი და 2011 წლის 5 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 124,5 აშშ დოლარი, დაკისრებული თანხის გადახდევინება მოხდეს იპოთეკით საგნის რეალიზაციით.

თ.ხ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2007 წლის 4 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა სესხის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით: ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით თ.ხ-ემ განიზრახა მისი და დის ნ.ხ-ის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გაქირავება. ხ. ხ-ის დახმარებით გაიცნო ა. გ-ი, რომელმაც შესთავაზა სახლის სასტუმროდ გადაკეთება, რისთვისაც ჩადებდა 60 000 აშშ დოლარს, უზრუნველყოფდა თ.ხ-ეს ბინის ქირით და 4 წელიწადში სასტუმროს მართვა გადავიდოდა თ.ხ-ის ხელში. ა. გ-ი ენდო თ.ხ-ეს და საწყისი თანხის მოპოვების მიზნით შესთავაზა სესხის აღება, რომელსაც უზრუნველყოფდა თ.და ნ. ხ-ის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით. 2007 წლის 04 სექტემბერს ნოტარიუს მ. ბ-ან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ. მ-ან. ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერა ნ.ხ-ემ და პროტესტის ნიშნად დატოვა სანოტარო ბიურო. მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსს არ დაუდგენია მხარეთა ნება, არ განუმარტავს ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები და ხელშეკრულებას ხელი ნ.ხ-ის მაგივრად მოაწერა თ.ხ-ემ დაამოწმა გარიგება, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას და ბათილია.

მოპასუხე თ.ხ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა 2009 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება რეალურად გაფორმდა სხვა შინაარსით და საერთოდ სხვა მხარეესთან. თანხის გადახდა რეალურად იკისრა ა. გ-მა. წარმოდგენილი სახით ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორები იყვნენ მ. მ-ი, ა. გ-ი და ნოტარიუსი მ. ბ-ი. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება როგორც თვალთმაქცური გარიგება ბათილია. სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა ასევე ხანდაზმულია.

მოპასუხე ნ.ხ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. უძრავი ნივთი წარმოადგენდა თანასაკუთრებას, ნივთის საზღვრები თანამესაკუთრეებს შორის არ იყო გაყოფილი და ნივთის განკარგვისთვის საჭირო იყო თანამესაკუთრეების ნება.

მოპასუხემ (შეგებებულ სარჩელში) მ.მ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონის მოთხოვნების დაცვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეებს მ.მ-ს და თ.ხ-ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 იანვრის განჩინებით ნ.ხ-ის შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში და უკან დაუბრუნდა ავტორს თანდართული დოკუმენტებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის პირველი თებერვლის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე თ.ხ-ეს მ.მ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა: ა) სესხის ძირითადი თანხა 41 500 აშშ დოლარი; ბ) სარგებელი 1425 აშშ დოლარი; გ) პირგასამტეხლო 10 000 აშშ დოლარი. ამავე გადაწყვეტილებით დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მოპასუხე ნ.ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 2/3 ნაწილი მდებარე: ქ. თბილისში, ჩ-ის ქუჩა N23, საკადასტრო კოდი N....

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

მ.მ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თ.და ნ. ხ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თ.და ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში და იმ ნაწილში, რომლითაც თ.ხ-ეს მ.მ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სარგებელი 1425 აშშ დოლარი და ამ ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ.მ-ს უარი ეთქვა თ.ხ-ის სასარგებლოდ 1245 აშშ დოლარის დაკისრებაზე; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 4 ოქტომბერს მ.მ-ს და თ.ხ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ.მ-მა თ.ხ-ეს ასესხა 41 500 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, ყოველთვიური 3% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ.ხ-ის კუთვნილი უძრავი ქონების 2/3 ნაწილი, მდებარე ქ. თბილისი, ჩ-ის ქუჩა N23, საკადასტრო კოდი N....

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 4 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ნ.ხ-ის კუთვნილი 1/3 ნაწილის იპოთეკით დატვირთვის ნაწილში;

უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თ.ხ-ემ 2011 წლის 05 სექტემბერს საცხოვრებელი სახლის მდებარე ქ. თბილისში, ჩ-ის ქუჩა N23-ში კუთვნილი 2/3 ნაწილი აჩუქა ნ.ხ-ეს;

მ.მ-ს 2007 წლის 4 ოქტომბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიღებული აქვს 3 თვის სარგებელი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა იმის შესახებ, რომ 2007 წლის 4 ოქტომბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ.მ-ს მიღებული ჰქონდა მხოლოდ 2 თვის სარგებელი. აღნიშნულთან მიმართებაში, პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ 07.03.2008 წლის გასაუბრების ოქმზე, სადაც მ.მ-ი განმარტავდა, რომ ორი თვის პროცენტი მათ გადაუხადა ა. გ-მა, და სულ მიღებული აქვთ სამი თვის პროცენტი 3735 აშშ დოლარი.

პალატამ არ გაიზიარა თ.და ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 144-ე, 130-ე, 129-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 2007 წლის 4 სექტემბერს მ.მ-ს და თ.ხ-ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2007 წლის 4 დეკემბერს, რაც ცხადყოფდა, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტი იყო 2007 წლის 5 დეკემბერი.

სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო შპს ”არბიტრაჟის” გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდებოდა, რომ მ.მ-მა 2008 წლის 7 თებერვალს (3 წლიანი ხანდაზმულობის ვადაში) მიმართა საარბიტრაჟო პრეტენზიის არბიტრაჟს და მოითხოვა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ.ხ-ის თანხის დაკისრება, რითაც შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა.

პალატამ ასევე არ გაიზიარა თ.ხ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე, მ.მ-სა და თ.ხ-ეს შორის გაფორმებული 04.10.2007 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას სესხის ნაწილში. პალატამ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თ.ხ-ე სესხის ნაწილში 04.10.2007 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვდა შეგებებული სარჩელით. პალატის მითითებით, მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულის თაობაზე იმსჯელა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.1. პუნქტში (ტომი 1; ს.ფ. 4), რომლის მსჯელობის შედეგად ნათლად ჩანდა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი, მაგრამ, სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ მიუთითებია შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შესახებ, რაც, პალატის აზრით, წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უსწორობის გასწორების საფუძველს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ემსჯელა სესხის ნაწილში 04.10.2007 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო ემტკიცებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად სესხის ნაწილში 04.10.2007 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობა. აპელანტს კი, საერთოდ არ მიუთითებია, თუ რომელი გარიგების დასაფარად დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და რაში გამოიხატებოდა თვალთმაქცობა, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ნ.ხ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულ იმ გარემოებას, რომელიც შეეხებოდა იპოთეკის ნაწილში 2007 წლის 04 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობას იმ საფუძველით, რომ იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ჩ-ის N23-ში მდებარე უძრავი ქონებიდან თ.ხ-ის კუთვნილი 2/3 წილი, რისი იპოთეკით დატვირთვის უფლებაც მას არ ჰქონდა ნ.ხ-ის - თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე, რომელიც ასევე წარმოადგენდა მითითებულ მისამართზე არსებული უძრავი ქონების 1/3-ის მესაკუთრეს, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული საკითხი სააპელაციო წესით განხილვის საგანს არ წარმოადგენდა, ვინაიდან მასზე მოქმედებდა კერძო საჩივრის რეჟიმი იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოთხოვნა ნ.ხ-ეს დაყენებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებული სარჩელით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 09 იანვრის განჩინებით არ იქნა მიღებული წარმოებაში და რომელიც გასაჩივრებული იყო კერძო საჩივრით.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე და 301-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდებულიყო, ხოლო თ.და ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო იმ ნაწილში, რომლითაც თ.ხ-ეს მ.მ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სარგებელი 1425 აშშ დოლარი და ამ ნაწილში სასამართლოს უნდა მიეღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა მ.მ-ის მოთხოვნა თ.ხ-ის სასარგებლოდ 1425 აშშ დოლარის დაკისრებაზე. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში კი უცვლელად დარჩენას ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ.და ნ. ხ-მა.

თ.ხ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ზოგადად იმსჯელა სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი იყო განაჩენით და ყურადღება არ გაუმახვილებია განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმ კუთხით, რა კუთხითაც საჭიროებდა შეფასებას.

ნ.ხ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გასაჩივრებულ ნაწილში საქმის ხელახლა განხილვა ნ.ხ-ის შეგებებულ სარჩელთან ერთად იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და იგი უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას, კერძოდ, შეგებებულ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა განეხილა ძირითადი სარჩელი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საკითხი განიხილა მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისა და კერძო საჩივრის განხილვის საპროცესო წესების კონტექსტში, რაც ცხადყოფდა, რომ სასამართლომ სრულიად არასწორად და არასრულყოფილად იმსჯელა მასზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ნ. და თ.ხ-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და თ.ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. და თ.ხ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ თ.ხ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3447ლარი) 70% – 2412.9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ თ.ხ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 8 ოქტომბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3447 ლარი) 70% –2412.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე