ბს-553-139-კ-05 2 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი,
ჯ. გახოკიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს àადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2003წ. 23 ივლისს ზ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს, მოპასუხის საქართველოს შსს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 6389,40 ლარის გადახდის დაკისრება, შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელე მუშაობდა ქუთაისში შსს პოლიციის ... განყოფილებაში ... საქმეების ...-ად, 2000წ. 15 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემოწმების აქტი ¹ 190-ის მიხედვით მიიღო მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის კომისიის შემოწმების შედეგად მიენიჭა ინვალიდობის 2 ჯგუფის და 2001წ. 30 ნოემბერის ბრძანება ¹ 679-ით ავადმყოფობის გამო და პირადი პატაკით დათხოვნილ იქნა პირადი შემადგენლობიდან.
“პოლიციის შესახებ’’ კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დასახიჩრებისა და ტრავმის გამო, მისთვის უნდა მიეცათ კომპენსაცია 1-დან 5-წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით, მისი ხელფასი კი შეადგენდა 106 ლარსა და 49 თეთრს, რაც 5 წელზე გაანგარიშებით შეადგენს 6389 ლარსა და 40 თეთრს, რაც მას, მიუხედავათ არაერთგზის მოთხოვნისა არ მისცეს, საქართველოს შს მინისტრის 1999წლის 26 იანვრის ¹3 ბრძანების საფუძველზე, რომელიც მოგვიანებით, კერძოდ კი 2003წ. 22 მაისის, შს მინისტრის ¹184-ე ბრძანებით გაუქმებულია და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა ფულადი კომპენსაციის შესახებ კანონიერია.
მოპასუხემ წარმოდგენილი სარჩელი არ სცნო შემდეგი საფუძვლით:
2000წ. 12 ივნისის ქ. ქუთაისის შს სამმართველოს ქვეგანყოფილების ცალკეულ თანამშრომელთა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებში, დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ შსს ინსპექტორის ზ. მ.-ის მიერ მიღებული სხეულის დაზიანება ჩაითვალოს, როგორც არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ დაზიანებად, ადასტურებს რა ფაქტს, რომ პოლიციის თანამშრომელმა მიიღო სხეულის დაზიანება, მაგრამ არა პოლიციის კანონის II თავის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას. მისი ჯანმრთელობის დაზიანება არ ყოფილა დაკავშირებული პოლიციის მოვალეობის შესრულებასთან. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ 6389 ლარი არასწორადაა დაანგარიშებული, ვინაიდან აღნიშნულ თანხაზე მითითებას აკეთებს “პოლიციის კანონის’’ ძველი რედაქციის 31-ე მუხლზე, რომელშიც 2000წ. ივნისის თვეში შევიდა ცვლილება.
მოსარჩელის მოთხოვნა სწორედ რომ 6389 ლარის გადახდის თაობაზე, გულისხმობს ძველი რედაქციით გათვალისწინებული ხელფასის სტრუქტურას, რაც არასწორია, რადგან ხელფასი უნდა დაანგარიშდეს ცვლილების შესაბამისად გათვალისწინებული თანამდებობრივი, (რომელიც შეადგენს 35 ლარსა და 97 თეთრს) და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთს (რომელიც შეადგენს 7 ლარსა და 21 თეთრს) სულ 43 ლარი და 18 თეთრს, რომლის ხუთი წლის ოდენობა საბოლოო ჯამში შეადგენს 2590 ლარსა და 80 თეთრს. /იხ. ს. ფ.56/
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ ზ. მ.-ს სხეულის დაზიანებები არ მიუღია მოვალეობების შესრულების დროს, არ იქნა გაზიარებული რადგან მოპასუხის მიერ მოყვანილი მტკიცებები ემყარება და ძირითადად იმეორებს საქართველოს შს სამინისტროს 1999წ. 26 იანვრის ¹3 დირექტიული მითითებების დებულებებს, რომლის თანახმადაც, ასეთი კომპენსაციები შესაძლებელია გაცემულიყო მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც დაზიანებები მიღებული ჰქონდათ უშუალოდ შეტაკებების დროს.
ვინაიდან “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილით იმპერატიულად არ მოითხოვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის თანამშრომელზე მიყენებული სხეულის დაზიანების საკომპენსაციო 5 წლის ხელფასის ანაზღაურებას, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის ანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს გონივრულ ფარგლებში ორი წლის ხელფასის ოდენობით, რაც მთლიანობაში შეადგენს 1036 ლარსა და 32 თეთრს.
თბილისის კრწანისის-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ “პოლიციის შესახებ’’ კანონის 31-ე მუხლში 2000წ. 28 ივნისს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლებზე გასაცემი ხელფასის ცნებაში იგულისხმება მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი და მოპასუხეს მის სასარგებლოდ დააკისრა ყოველთვიურად მის მიერ მოთხოვნილი 106,49 ლარის მაგივრად 43,18 ლარი.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ზ. მ.-ისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განესაზღვრა არა მის მიერ მოთხოვნილი ხუთი წლის, არამედ ორი წლის ხელფასის ოდენობით.
2000წ. 9 მარტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის შემდეგ ვეღარ უძლებდა ფიზიკურ დატვირთვას, რის გამოც იძულებული გახდა პირადი პიტაკით დაეტოვებინა სამსახური, რომელიც მისი ოჯახისათვის იყო შემოსავლის ძირითადი წყარო, რითიც განპირობებული იყო მისი მოთხოვნა კომპენსაციის სახით ხუთი წლის ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
აპელანტმა მოითხოვა, რომ სასამართლოს გაეთვალისიწინებინა აღნიშნული გარემოება, კომპანსაციის გონივრულ ოდენობად ჩაეთვალა ხუთი წლის მთლიანი ხელფასი და მისი ანაზღაურება დაეკისრებინათ მოპასუხისათვის.
მოწინააღმდეგე მხარე შს სამინისტრომ არ სცნო აპელაცია და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით ზ. მ.-ის აპელაცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 5111,52 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, “პოლიციის შესახებ’’ კანონის 31.7. მუხლის საფუძველზე.
შსს საკასაციო საჩივრის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს 2004წ. 22 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განხილვისას თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ზ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4472,58 ლარის ანაზღაურება,რაც სააპელაციო პალატამ დაასაბუთა შემდეგნაირად:
“პოლიციის შესახებ’’ კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მოსარჩელეს ეკუთვნის კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 3,5 წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის ოდენობით.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ზ. მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად დაუდგინდა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი და რომ მისი შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრა შესაძლებელია 70%-ით, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ “პოლიციის შესახებ’’ კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მოსარჩელეს ეკუთვნის კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 3,5 წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და მოსარჩელისთვის მოთხოვნის მხოლოდ ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ნაწილში დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “პოლიციის შესახებ’’ კანონის 31-ე მუხლი, რამდენადაც იგი არ განსაზღვრავს პოლიციის კომპენსაციის განსაზღვრულ ოდენობას, რის გამოც “ნორმატიული აქტების შესახებ’’კანონის 27.1. მუხლის შესაბამისად გამოყენებულ უნდა იქნეს სამართლის ანალოგია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9.02¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ’’ ნორმები.
კასატორი სააპელაციო სასამართლოს პროცესზე ზ. მ.-ის მიერ წარმოდგენილ ქუთაისის ¹2 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ცნობის მტკიცებულად ჩათვლას, რომლის თანახმადაც მისი შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი განსაზღვრულია სამოცდაათი პროცენტით, და ბიუჯეტის სახსრებიდან მოსარჩელის სამწელნახევარი ხელფასის ოდენობით გადახდა დააკისრა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სადავოდ ხდის, რადგან მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2003 წელს და აქამდე არ წარმოუდგენია აღნიშნული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიერ გაცემული ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც არსებითად სწორი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, ადგილი არ ჰქონია საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს სამართლის ანალოგია, დაუსაბუთებლობის გამო და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ სამართალურთიერთობას სწორად შეეფარდა სამართლის ნორმა, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში, სადაო სამართალურთიერთობაზე ვერ გავრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 1999წ.09.02. ¹48 ბრძანებულება “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ” კანონი, რადგან სადავო სამართალურთიერთობა წესრიგდება სპეციალური “პოლიციის შესახებ” კანონით, რომლის 31.1. მუხლის მიხედვით კანონმდებელი ადგენს რა სახელმწიფოს ვალდებულებას, შესაბამისად პასუხისმგებლობას უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის ამოცანების შესასრულებლად, პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაღალი რისკფაქტორი განაპირობებს ადეკვატური სოციალური დაცვის გარანტიების დადგენის აუცილებლობას, რაც განსაზღვრულია კიდეც კანონის 31-ე მუხლში, რომლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან დაინვალიდების შემთხვევაში სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, კომპენსაციის გაცემის წესი და ოდენობა. მითითებული ნორმით დადგენილია ზღვრული ოდენობა გასაცემი კომპენსაციისა, რომელიც შეიძლება მიეცეს პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის დროს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის მე-5 მუხლის შესაბამისად სამართლის ანალოგიით ურთიერთობა შეიძლება მოწესრიგდეს თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, კონკრეტულ შემთხვევაში კი სადაო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმას წარმოადგენს “პოლიციის შესახებ” კანონი, შესაბამისად სამართლის ანალოგიის გამოყენება სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის ¹... სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ ზ. მ.-ის მიმართ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მისი შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრა 70 % _ კასატორს შს სამინისტროს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით იხილავს საქმეს, სადაოდ არ გაუხდია, სსსკ-ის 407.1. მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნულზე შესაბამისად, ამ ფაქტობრივი გარემოების საკასაციო საჩივრის საფუძვლად მითითება კანონშეუსაბამოა, რადგან სსსკ-ის 393.1. მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს შინაგან საქმთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასკ-ის 1.2 მუხლით; სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.