Facebook Twitter

№ას-1356-1280-2012 8 იანვარი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – პ.დ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ს-ე (მოპასუხე, მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება, რემონტის ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ.დ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში დ.ს-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.

დ.ს-ემ სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა და გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა. მისი განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხის ბინაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და კიდევ დამატებითი ხარჯები გასწია ბინის კეთილმოსაწყობად, ასევე ზრუნავდა მოპასუხეზე. ვინაიდან პ. დ-მა მოითხოვა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა, მოსარჩელეც, ხელშეკრულების თანახმად, მოითხოვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით პ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდეა პ.დ-სა და დ.ს-ეს შორის 2010 წლის 5 მაისის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება; დ.ს-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პ.დ-ს დ.ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8651.02 ლარის გადახდა; დ.ს-ეს 12 687.98 ლარის მოთხოვნის ნაწილში უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; პ.დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ.ს-ის შეგებებული სარჩელი დნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პ.დ-ს დ.ს-ის სასარგებლოდ დაეკისრო 8454 ლარისა და 55 თეთრის გადახდა.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი გაანგარიშება არ შეესაბამება საქმის მასალებს, რის გამოც იგი უნდა შეიცვალოს და პ.დ-ს თანხა უნდა დაეკისროს ახალი გადაანგარიშებით, კერძოდ, როგორც მხარეებმა განმარტეს, ექსპერტიზის ჩატარებისას ისინი მიუთითებდნენ ექსპერტს ჩატარებული სამუშაოების სახეობასა და მოცულობას, ვინაიდან თავად ექსპერტი ვერ განსაზღვრავდა, თუ რა სახის სამუშაოები იქნა ჩატარებული. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა სწორედ ის დასკვნა, რომელიც ემყარებოდა სამუშაოების შესრულებისას არსებულ ფასებს (ტ.1. ს.ფ. 233-240). პირველი ინსტანციის სასამართლომ პ. დ-ს საერთო ჯამში დააკისრა 8651,02 ლარი და განმარტა, რომ ეს თანხა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან – 7224,18 ლარი წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნის „ჯამის“ გრაფაში აღნიშნულ თანხას, რომელსაც გამოაკლდა უნიტაზის ღირებულება 150 ლარი (დასკვნის მე-20 გრაფა), ვინაიდან იგი მანამდეც პ. დ-ს ეკუთვნოდა. 1133,62 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, წარმოადგენდა იმ სამუშაოების ღირებულებას, რომელიც დადასტურებული იქნა მოწმეთა მიერ და არ იქნა ასახული პ. დ-ის მიერ წარდგენილ დასკვნაში, მაგრამ ასახულია დ. ს-ის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პ. დ-ის მიერ წარმოდგენილ ზემოხსენებულ დასკვნაში არაა ასახული ისეთი სამუშაოები, რომელიც ასახულია დ. ს-ის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში (ტ.1. ს.ფ. 156-162), მაგალითად, გრაფა №1: ძველი შპალერის მოხსნა, №2: ძველი ნალესის მოხსნა კედლიდან, №3: ძველი ნალესის მოხსნა ჭერიდან, №4: ძველი ქვ. ცემენტის მჭიმის დემონტაჟი, №5: არსებული კერამიკული ფილების დემონტაჟი იატაკიდან და კედლიდან, №8: იატაკის მოჭიმვის მოწყობა ქვიშა-ცემენტის ხსნარით, №16: რკინის კარის შეღებვა, №27: წყალსადენ-კანალიზაციის მილების გაყვანა. ამ სამუშაოთა შესრულება დგინდება მოწმეთა ჩვენებებით. მაგალითად, მოწმე გ. დ-მა განმარტა, რომ რემონტის დროს მოეწყო ტიხარი, მოწმე ა. წ-ემ უჩვენა, რომ შეესწრო, როგორ ასხამდნენ მოჭიმულ იატაკს, მოწმე ა. ბ-მა განმარტა, რომ მან თავად მოაწყო შიდა კარები და გამოცვალა საკეტები, მანვე განმარტა, რომ შეესწრო სამღებრო სამუშაოებს, ხოლო სამზარეულოში დაიგო მეტლახი, გაკეთდა ჭერი ტუალეტშიც და სამზარეულოშიც. მოწმე პ. გ-ემ განმარტა, რომ სამზარეულოში ტუალეტი დაშალეს, ერთი ოთახი გადატიხრეს, შპალერი ააძვრეს, კედლებზე ნალესი მოხსნეს და შელესეს, იატაკის ნაწილზე დაასხეს ბეტონი, ძველი კერამიკული ფილები აიღეს და ახალი დადგეს. პალატამ შეისწავლა რა ორივე საექსპერტო დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ერთ-ერთი კომპონენტი 1133 ლარის წარმომავლობა დაუსაბუთებელია და იგი უნდა შემცირდეს 849,49 ლარამდე, კერძოდ, საბოლოოდ პ. დ-ზე დასაკისრებელ თანხაში უნდა შევიდეს შემდეგი კომპონენტები:

ა) პ.დ-ის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის (ტ1, ს.ფ. 234-240) 24-ე გრაფაში აღნიშნული 7224,18 ლარი, რომელსაც უნდა გამოაკლდეს უნიტაზის ღირებულება 150 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 7074,18 ლარს;

ბ) დ.ს-ის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ის სამუშაოები (და მასალები), რომლებიც მოწმეთა ჩვენებებით განხორციელდა, მაგრამ არ არის ასახული პ. დ-ის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში:

• გრაფა №1 ძველი შპალერის მოხსნა - 39+1,25=40,25

• გრაფა №2 ძველი ნალესის მოხსნა კედლიდან – 44,26+11.05=55,31

• გრაფა №3 ძველი ნალესის მოხსნა ჭერიდან – 15,73+3,27=19

• გრაფა №4 ძველი ქვ. ცემენტის მჭიმის დემონტაჟი – 26,45+6,6=33,05

•გრაფა №5 არსებული კერამიკული ფილების დემონტაჟი იატაკიდან და კედლიდან – 41,82+25.45=67,27

• გრაფა №8 იატაკის მოჭიმვის მოწყობა ქვიშა-ცემენტის ხსნარით – 268,75+1,94+125+8,75= 404,44

• გრაფა №17 რკინის კარის შეღებვა - 30,22+0,12+34=64,37

•გრაფა №27 წყალსადენ-კანალიზაციის მილების გაყვანა – 62,5+10,2+23,8+44,8+12,5+12= 165,8

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ სამუშაოთა ჯამური ღირებულება შეადგენს 849 ლარსა და 49 თეთრს. გასათვალისწინებელია აგრეთვე ზედნადები ხარჯის ოდენობა რომელიც ორივე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგენს 6,7%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პ. დ-ზე დასაკისრებელი თანხის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს შემდეგ სახით: 7074,18 + 849,49 + (7074+849,49) x6,7% = 7923,67+530,88 = 8454,55

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით პ.დ-მა გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ სარემონტო სამუშაოების დადგენის საფუძვლად არასწორად მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, ამასთან, არასწორად დაეყრდნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.08.2011 წლის დასკვნას. დასკვნაში მოცემულია სარემონტო სამუშაოების შეფასება 2011 წლის მეორე ნახევრის ფასებით, სადავო ურთიერთობა კი უკავშირდება 2010 წლის ივნის-სექტემბერს; ამასთან, დასკვნაში შესულია იმ ნივთების ღირებულებაც, რომლებიც შეიძლება მოსცილდეს ბინას (მაგ, საშხაპე კაბინა, პირსაბანი ავეჯი და ა.შ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ.დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ განმარტებას და მიიჩნევს, რომ საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პ.დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე