№ ას-1365-1287-2012 25 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ვ. ბ. ჯ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შ.თ-ი, შპს „დ. ა-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ.თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ. ა-სა“ და სს „ვ. ბ. ჯ-ას“ წინააღმდეგ და მოითხოვა 2011 წლის 24 ივნისს შპს „დ.ა-ის“ მიერ გამართული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა კერძო სპეციალისტის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციის წინასამართლებრივი პირობები, ვინაიდან მხარეთა (სს „ვ.ბ.ჯ-სა და შ.თ-ის) შეთანხმებით დავა უნდა განეხილა არბიტრაჟს, რის შემდეგაც იძულებით აღსრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო შპს „დ.ა-ის“ მიერ ქონების რეალიზაცია. ამასთან, იგი აუქციონის შესახებ არ ყოფილა გაფრთხილებული და აუქციონი ჩატარდა დარღვევებით.
მოპასუხე შპს „დ.ა-მა“ სარჩელი არ ცნო.
მოპასუხე სს„ვ.ბ.ჯ-ას“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. სარჩელი ასევე არ ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით შ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „დ.ა-ის“ 2011 წლის 24 ივნისის აუქციონის ჩატარების შესახებ ოქმი და 2011 წლის 24 ივნისის განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ. ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის რეგისტრაცია - ოზურგეთი, გურიის №24 (26.26.03.303) და ოზურგეთი, დაბა უ-ში 433 მ2 მიწის ნაკვეთზე (26.28.06.600) სს „ვ.ბ.ჯ-ას“ საკუთრების უფლების შესახებ.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ვ.ბ.ჯ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინებით სს „ვ.ბ.ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 3 ივლისს სს „ვ.ბ.ჯ-სა“ და შპს,,ა-ს” (დირექტორი: შ.თ-ი) შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება №4515344657 საკრედიტო მომსახურებაზე.
2009 წლის 6 ივლისს ბანკსა და შპს „ა-ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით, კრედიტის ვადა –730 დღით; სარგებელი - კრედიტის ოდენობით წლიური 24%-ით.
2009 წლის 6 ივლისს ბანკსა და შ.თ-ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ.თ-მა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ბანკსა და შპს,,ა-ს” შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის.
ბანკსა და შ.თ-ს შორის 2009 წლის 03 ივლისს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკსა და შპს „ა-ს“ შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა შ.თ-ის კუთვნილი უძრავი ნივთით, ოზურგეთის რაიონი, დაბა უ-ში მდებარე 433 მ2 მიწის ნაკვეთით.
ბანკსა და შ. თ-ს შორის იმავე დღეს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შ.თ-ის კუთვნილი მეორე უძრავი ნივთით, სახელდობრ: ქ.ოზურგეთში, გურიის ქ. №24-ში მდებარე 371 მ2 მიწის ფართითა და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილით.
2009 წლის 03 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების 7.3. მუხლის თანახმად, ნებისმიერი დავა გამომდინარე ამ ხელშეკრულებიდან და მასთან დაკავშირებული აქსესორული ხელშეკრულებებიდან, დაკავშირებული მათ გაუქმებასთან, შეწყვეტასთან, ბათილობასთან, ხელშეკრულებიდან გასვლასთან და მისგან გამომდინარე ნებისმიერ შედეგთან (მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებასთან), ასევე წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დათქმის ნამდვილობისა და არსებობასთან დაკავშირებული საკითხები მოსარჩელის არჩევით განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაცემა „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატას” ან „საქართველოს საარბიტრაჟო პალატას“, რომელთა იურისდიქციას მოცემულ საკითხებზე მხარეები აღიარებენ ანულირების გარეშე. ხელშეკრულების იმავე მუხლის მე-3 აბზაცის მიხედვით: უზრუნველყოფის სახით წარდგენილ ქონებათა მიმართ იძულებითი აღსრულების შემთვევაში მხარეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-309-ე მუხლების თანახმად თანხმდებიან, რომ სპეციალისტად დაინიშნოს კომპანია „დ.ა-ი“.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა შ.თ-ის სარჩელი და სწორად ცნო ბათილად შპს „დ.ა-ის“ 2011 წლის 24 ივნისის განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ, აგრეთვე, სწორადვე მიიჩნია ძალადაკარგულად საჯარო რეესტრის რეგისტაცია – ოზურგეთი, გურიის №24 (26.26.03.303) და ოზურგეთი, დაბა ურეკში 433 მ2 მიწის ნაკვეთზე (26.28.06.600) სს „ვ.ბ.ჯ-ას“ საკუთრების უფლების შესახებ, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბუნდოვანი ტექსტი სწორად განმარტა მეორე მხარის, მესაკუთრის, შ.თ-ის სასარგებლოდ, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დავა ჯერ უნდა გადაწყვეტილიყო არბიტრაჟის მეშვეობით, რაზეც არსებობდა შეთანხმება მხარეებს შორის და შემდეგ მომხდარიყო იძულებითი აღსრულება სპეციალისტის მიერ.
პალატამ ასევე მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივირება იმის თაობაზე, რომ პირველი და მეორე აუქციონის შესახებ მხარე არ იყო გაფრთხილებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, შესამაბისად, მოცემულ პირობებში მესამე აუქციონის გამართვა სწორად იქნა მიჩნეული კანონშეუსაბამოდ.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 309-ე და 345-ე მუხლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ვ.ბ.ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ვ.ბ.ჯ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით: კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სამართლებრივი ნორმების დარღვევით, ვინაიდან მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, გამოიყენა და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 302-306 (2) მუხლები, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლი, არასწორად განმარტა სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 72-ე და 78-ე მუხლები და არასწორად გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სადავო საქმეზე არასწორად დაადგინა და სამართლებრივად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში ბანკის მიერ მითითებული დეტალური და კანონმდებლობის შესაბამისი მსჯელობის საპირისპიროდ, სასამართლო შემოაიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სს „ვ.ბ.ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ვ.ბ.ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი სს „ვ.ბ.ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (892.63 ლარი) 70% – 624.84 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ვ.ბ.ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ვ.ბ.ჯ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (892.63 ლარი) 70% – 624.84 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე