Facebook Twitter

№ ას-1404-1325-2012 25 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ე-ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. თ-ე-ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 500 ლარისა და 2500 აშშ დოლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ ქ. ქუთაისში, გ-ის ქ. №3-ში შეიძინა უძრავი ქონება საოფისედ თანამშრომელ ლ. ს-ან ერთად, რომელმაც გადაწყვიტა კუთვნილი ფართის გასხვისება, რაზეც ნ.ფ-სა და ლ. ს-ს შორის შედგა შეთანხმება, რომ თუ რომელიმე მათგანი გადაწყვეტდა თავისი საკუთრების გაასხვისებას, იგი მიჰყიდდა მეორე თანამესაკუთრეს 2500 აშშ დოლარად. ლ.ს-მა გადაწყვიტა ფართი მიეყიდა მოსარჩელისათვის, რის სანაცვლოდაც ნ.ფ-ემ მას გადაუხადა 500 ლარი 2008 წლის 14 მაისს, ხოლო იმავე წლის 17 ივლისს კი, გადაუხადა 2500 აშშ დოლარი, 2 თვეში ლ.ს-ი გარდაიცვალა და ნაყიდი ფართი ნ.ფ-ემ ვეღარ გადაიფორმა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. თ-ე-ს-ს ნ.ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარისა და 2500 აშშ დოლარის დაბრუნება.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.თ-ე-ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ე-ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ.ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 06 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა აწ გარდაცვლილი ლ.ს-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ქუთაისი, გ-ის ქ. №3-ში საკადასტრო კოდი №... კვმ, 16.92 კვმ. 2052 კვმ.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისში გ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონება ნ.ფ-სა და ლ.ს-ის თანასაკუთრებაშია რეგისტრირებული. ლ.ს-ი გარდაიცვალა 2008 წლის 14 ოქტომბერს (ს.ფ.14).

ქორწინების მოწმობით დადგინდა, რომ ლ. თ-ე და ლ.ს-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2000 წლის 25 ივნისიდან და შესაბამისად, ლ. თ-ე-ს-ი წარმოადგენს ლ.ს-ის პირველი რიგირს მემკვიდრეს, რაც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსადმი ნ.ფ-ის 2010 წლის 22 ნოემბრის განცხადებით (ს.ფ.107), სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებლითა და სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე ნ.ფ-ე) განმარტებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ლ.ს-ის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა 2010 წლის ნოემბრამდე ლ.ს-ის მემკვიდრისათვის, ლ. თ-ე-ს-ის თანხის დაბრუნების თაობაზე პრეტენზია არ განუცხადებია, ვინაიდან მიაჩნდა, რომ კრედიტორს არ წარმოადგენდა.

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი, ბათილი გარიგების საფუძველზე ლ.ს-ის ნ.ფ-ის მიერ 2500 აშშ დოლარისა და 500 ლარის გადაცემის თაობაზე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია აღნიშნული ფაქტი და, შესაბამისად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ლ.ს-ის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული, 2500 აშშ დოლარისა და 500 ლარის პირველი რიგის მემკვიდრის მხრიდან ანაზღაურების თაობაზე, სარჩელი საფუძვლიანი იყო

სააპელაციო საჩივრის მიხედვით გადაწყვეტილების უსწორობა მდგომარეობს მასში, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტი. აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა შემდეგი:

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ნ.ფ-ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2008 წლის 14 ოქტომბერს ლ.ს-ის გარდაცვალების თაობაზე მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო და რომ 2010 წლის ნოემბრამდე ლ.ს-ის მემკვიდრისათვის, ლ. თ-ე-ს-ის თანხის დაბრუნების თაობაზე რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია, სსსკ-ის 131-132-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ დასახელებული ფაქტი დადასტურებულად ჩათვალა.

სამოქალაქო კოდექსის 128-131-ე, 1320-ე და 1488-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე, პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან გამოსაყენებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილი თავისი შინაარსით ადგენს არა სარჩელის სასამართლოში წარდგენის ხანდაზმულობას, არამედ კრედიტორის მიერ მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის ვადას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო კანონით დადგენილი 6 თვის ვადაში, ანუ 2009 წლის 14 აპრილამდე მიემართა ლ.ს-ის მემკვიდრისათვის ბათილი გარიგების საფუძველზე გადაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნით, რაც მისივე განმარტებით, არ განუხორციელებია. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ის 1488-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე ნ.ფ-ე, ლ.ს-ის სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის ვადაში (2009 წლის 14 აპრილამდე), მის მემკვიდრეს წარუდგენდა მოთხოვნას თანხის დაბრუნების თაობაზე, მის მიერ დაცული იქნებოდა სკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა და მემკვიდრისაგან უარის მიღების შემთხვევაში დაიწყებოდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ.ფ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სადავო თანხის გადაცემა არ მომხდარა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, იგი არ წარმოადგენდა კრედიტორს და, რომ მისი მოთხოვნის შეფასებისას არ უნდა გამოყენებულიყო სკ-ის 1488-ე მუხლი.

პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, ”კრედიტორს” წარმოადგენს მოთხოვნის მფლობელი პირი. ვინაიდან. ნ. ფ-ე ითხოვდა ლ.ს-ის გადაცემული თანხის დაბრუნებას, სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, იგი წარმოადგენდა ”კრედიტორს”. შესაბამისად, მის მოთხოვნაზე ვრცელდებოდა სკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული წესები.

პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელე ნ. ფ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი მოთხოვნის შეფასებისას უნდა გამოყენებულიყო სკ-ის 1489-ე მუხლი. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1488-ე მუხლი; არ შეაფასა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილ 6 თვის ვადაში კრედიტორს, ნ.ფ-ეს მამკვიდრებლის ვალებთან დაკავშირებით არ მიუმართავს მემკვიდრისათვის და მტკიცებულებათა არასწორი შეფასების შედეგად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ფ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტიელბის მიღებისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი, ვინაიდან აწ გარდაცვლილმა ლ.ს-მა გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე მიჰყიდა ფართი, ხოლო ავადმყოფობისა და გარდაცვალების გამო, ვერ მოახერხა ბინის მასზე გადაფორმება საჯარო რესსტრში, რაც ცხადყოფს, რომ იგი ლ.ს-ის გარდაცვალების პერიოდისათვის იყო მისი კუთვნილი უძრავი ქონების გამომთხოვი, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 1489 მუხლი, რაც ხანდაზმულობის საერთო 10-წლიან ვადას ითვალისწინებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ნ.ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ.ფ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ.ფ-ეს (პირადი № ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 24 ნოემბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე