№ ას-1411-1330-2012 25 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს „დ-ის“ , მესამე პირის შპს „ფ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრების გ. ნ-სა და ი. ტ-ის მიერ 2011 წლის 5 ივლისს შედგენილი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით №059-720-06/02 ყადაღადადებული, ხსენებულ აქტში ორმოცდამეოთხე ნომრად მითითებული ბალასტის გამრეცხი კომპლექტის (სპილარული კლასიფიკატორის, 2 (ორი) ცალი ლენტური კონვეირის, მიმწოდებელი ბუნკერის და რკინის გამრეცხი ბადის) მესაკუთრედ მოსარჩელე შპს ”თ-ი”-ს ცნობა და ამ ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება.
მოპასუხეთაგან სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხე შპს ”დ-მა” შესაგებელით სარჩელი ცნო და დაეთანხმა მის დაკმაყოფილებას.
მესამე პირმა შპს ”ფ-მა” აღიარა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ცნო სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ”თ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ”თ-ი” ცნობილი იქნა მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრების გ. ნ-ის და ი. ტ-ის მიერ 2011 წლის 5 ივლისს შედგენილ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით N059-720-06/02 ყადაღადადებული, ხსენებულ აქტში ორმოცდამეოთხე ნომრად მითითებული ბალასტის გამრეცხი კომპლექტის (სპილარული კლასიფიკატორის, 2 (ორი) ცალი ლენტური კონვეირის, მიმწოდებელი ბუნკერის და რკინის გამრეცხი ბადის) მესაკუთრედ და აღნიშნული ნივთი გათავისუფლდა მითითებული აქტის საფუძველზე გამოყენებული ყადაღისაგან.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსახილველ შემთხვევაში პირდაპირ რეგულირდებოდა გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით - ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის დანაწესით, ,,თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი’’. მაშასადამე, ამ ნორმის მაკვალიფიცირებელი გარემოებების არსებობის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი ეკისრება დაინტერესებულ მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 23 ივნისის N059-720 ბრძანების საფუძველზე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ დააყადაღა მოვალე შპს ”დ-ის” საკუთრება, მათ შორის, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში ორმოცდაოთხ ნომრად მითითებული ბალასტის გამრეცხი კომპლექტი.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოება მასზე, რომ შეუძლებელი იყო შპს ,,დ-ის’’ ქონების დაყადაღების აქტის N44 პუნქტში აღნიშნული ბალასტის გამრეცხი კომპლექტის იდენტიფიცირება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დანადგარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტებით. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ თავდაპირველად ზეპირი ხელშეკრულების, ხოლო შემდეგ 2011 წლის 01 მაისის N01-05/2011 წლის იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარე შპს ”თ-მა” მოიჯარე შპს ”ფ-ს” ერთი წლის ვადით, ყოველთვიურად 1000 ლარის საიჯარო ქირის გადახდის პირობით იჯარით გადასცა ქვიშის სარეცხი დანადგარი (იხ. ტომი 1; ს.ფ. 30-31); ასევე, მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გადაცემის შესახებ შპს ”დ-სა” და შპს ”ფ-ს” შორის დადებული 2010 წლის 18 ნოემბერის ხელშეკრულებით, შპს ”დ-მა” შპს ”ფ-ს” იჯარით გადასცა თბილისში, დ. ა-ის მე-14 კილომეტრზე მდებარე 1000 მ2 ფართის მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 30 მ2 არასაცხოვრებელი ფართი. საიჯარო ურთიერთობის პერიოდი განისაზღვრა 2011 წლის 19 ნოემბრამდე. 2010 წლის 19 ნოემბერს მხარეთა შორის ასევე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელის თანახმად საიჯარო ქონება გადაეცა შპს ”ფ-ს” (იხ. ს.ფ. 23-29); პალატამ აღნიშნა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2011 წლის 5 ივლისის აქტზე შპს ”დ-ის” დირექტორ მ. რ-ის გაკეთებულ შენიშვნაზე, რომლითაც აღმასრულებლებს განემარტათ, რომ აქტის ორმოცდამეოთხე გრაფაში მითითებული ნივთი - ქვიშის და ბალასტის სარეცხი დანადგარი არ იყო შპს ”დ-ი”-ს საკუთრება და ის ეკუთვნოდა შპს ”ფ-ს” (იხ. ს.ფ. 19-22, 61-68).
პალატამ მიიჩნია, რომ მეიჯარე შპს ”თ-სა” და მოიჯარე შპს ”ფ-ს” შორის გაფორმებული 2011 წლის 01 მაისის N01-05/2011 წლის იჯარის ხელშეკრულება, ასევე, მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გადაცემის შესახებ 2010 წლის 18 ნოემბერის ხელშეკრულება, გაფორმებული შპს ”დ-სა” და შპს ”ფ-ს” შორის, დადებული იყო სამოქალაქო კოდექსის 581-ე და 531-ე მუხლების სრული დაცვით და ამასთან, მითითებულ ხელშეკრულებებს არც აპელანტი ხდიდა სადავოდ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქვიშისა და ბალასტის სარეცხი დანადგარის მესაკუთრეს წარმოადგენდა არა შპს ,,დ-ი’’, არამედ, შპს ”თ-ი’’, და რომელსაც შპს ”თ-თან’’ გაფორმებული 01.05.2011 წლის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, კანონიერად ფლობდა და სარგებლობდა შპს ”ფ-ი” სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელიც 18.11.2010 წლის ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით გადაცემული ჰქონდა შპს ”დ-ან” (ქ. თბილისში, დ. ა-ის მე-14 კილომეტრზე მდებარე 1000 მ2 ფართის მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 30 მ2 არასაცხოვრებელი ფართი).
პალატამ მიუთითა, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა შპს ,,დ-ის’’ ქონების დაყადაღების აქტის N44 პუნქტში აღნიშნული ბალასტის გამრეცხი კომპლექტის იდენტიფიცირება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დანადგარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ შპს ”მ-ლი 2006”-ის 2007 წლის 5 ივნისით დათარიღებულ ქვითარზე (სალაროს შემოსავლის ორდერი N36), 2007 წლის 5 ივნისით დათარიღებულ საგადასახადო N485150 ანგარიშ-ფაქტურაზე და იგივე თარიღით დათარიღებულ N36 სასაქონლო ზედნადებზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2007 წლის 5 ივნისს 36000 ლარად შპს ”თ-მა” შპს ”მ. 2006”-ან იყიდა ღორღის სამტვრევი კვანძი (იხ. ს.ფ. 139-141). 2008 წლის 28 მარტით დათარიღებულ N2 სასაქონლო ზედნადებით, დასტურდება, რომ 2008 წლის 28 მარტს ი/მ მ. მ-ან შპს ”თ-მა” 18625 ლარად იყიდა ქვიშის საცერი ელექტრო დანადგარი (იხ. ს.ფ. 142), ხოლო, 2008 წლის 20 ივნისით დათარიღებულ N897570 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და ამავე თარიღის N24 სასაქონლო ზედნადებით, ასევე დასტურდება, რომ შპს ”თ-ს” შპს ”ბ. ჯ”-ან 2008 წლის 20 ივნისს ნაყიდი ჰქონდა 16 მეტრი სიგრძის ე.წ. ”ტრანსპარტიორი” და ერთი ცალი ინერტული მასალის ”ბუნკერი” და ამ ნივთებში მყიდველს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით გადახდილი ჰქონდა 37586 ლარი (იხ. ს.ფ. 143-144).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ აღნიშნა, რომ როგორც ქვიშისა და ბალასტის სარეცხი დანადგარი, ასევე ღორღის სამტვრევი კვანძი, ქვიშის საცერი ელექტრო დანადგარი, ”ტრანსპარტიორი’’ და ინერტული მასალის ”ბუნკერი” ის ნივთეები იყო, რომლებიც ერთობლიობაში წარმოადგენდნენ ბალასტის გამრეცხ კომპლექტს და გააჩნდათ საერთო სამეურნეო დანიშნულება, ისინი განკუთვნილნი იყვნენ ერთი სამეურნეო დანიშნულებისათვის. რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ ეს ნივთები ვერ იქნებოდა ბალასტის გამრეცხი კომპლექტის შემადგენელი ნაწილები, აპელანტის მხრიდან არ წარმოდგენილა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შპს ”თ-ი”, როგორც სადავო ნივთის კომპლექტში შემავალი სხვადასვა შემადგენელი ნაწილის მყიდველი, უნდა მიჩნეულიყო ყადაღის დადების შესახებ აქტში 44-ე ნომრად მითითებული ბალასტის სარეცხი კომპლექტის მესაკუთრედ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.3. მუხლზე მითითებით და მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია,რომ შპს ,,თ-ი’’ წარმოადგენდა შპს ”ფ-სა” და შპს ”დ-ს” შორის 18.11.2010 წლის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ფ-ის’’ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ბალასტის სარეცხი კომპლექტის არაპირდაპირ მფლობელს (მესაკუთრეს), ხოლო შპს ”ფ-ი” - პირდაპირ მფლობელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების შპს ,,თ- მი’’ კუთვნილების შესახებ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით მართებულად მიიჩნია ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი საფუძვლიანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა და არ ჩათვალა აუცილებლობად იმ პირების ახსნა-განმარტების მიღება, რომელთა მოსამენაც მნიშვნელოვანი იყო, რათა განსაზღვრულიყო ყადაღის აქტზე გაკეთებული წარწერის ლეგიტიმურობა, ვინაიდან აღნიშნული მინაწერი ვერ ჩაითვლებოდა ცალსახა მტკიცებულებად და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ უნდა დაყრდნობოდა მას, როგორც უტყუარ ფაქტობრივ მტკიცებულებას.
კასატორის აზრით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა შპს „მ. 2006“-ის მიერ 2007 წლის 5 ივნისს შპს „თ-ზე“ გაწერილი ანგარიშ-ფაქტურა და სალაროს შემოსავლის ორდერი სადავო დანადგარის შპს „თ-ის“ მიწოდებაზე, მით უფრო, რომ აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები არ იძლეოდა ყადაღის აქტის 44-ე პუნქტით განსაზღვრული ქონების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებული სახლემწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე