Facebook Twitter

№ ას-1442-1360-2012 25 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მოითხოვა მოსაპუხისათვის, მის სასარგებლოდ, სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის (2008-2009 წლები) - 1050 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოპთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. პალატამ აღნიშნა, რომ განმასხილველ შემთხვევაში არსებითად, მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. იგივე გამომდინარეობს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდანაც, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური, შესაბამისად, კანონით დადგენილი არის საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. ამიტომ, სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამის მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ-ას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლის ოქტომბრიდან არ უვლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებები გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე პალატამ დაუსაბუთებელად ჩათვალა.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრასსიპ ბათუმის შოტა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, ამასთან სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთბის მოსაწრესრიგებლად არასწორად გამოიყენა ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407.1-ე, 411-ე, 414-ე და 131-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150ლარი) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 21 ნოემბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე