№ას-1537-1440-2012 18 იანვარი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „მ. ღ. მ-ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა.ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ-ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა.ხ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „თ-მა“ საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში შპს „მ.ღ.მ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 5702,50 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „თ-სა“ და შპს „მ. ღ. მ-ს“ შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ბუნებრივი აირით მომარაგების შესახებ. 2008 წლის 21 მარტიდან მოსარჩელე მოპასუხეს ბუნებრივ აირს აწვდიდა. მოპასუხეს არ გადაუხდია მოხმარებული აირის ნაწილის საფასური - 5702,50 ლარი. დავალიანების არსებობა შპს „მ. ღ. მ-მა“ წერილობით აღიარა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით შპს „თ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს „თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „მ. ღ. მ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 5702,50 ლარის გადახდა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2008 წლის 21 მარტს შპს „თ-ს“ და შპს „მ. ღ. მ-ს“ შორის დაიდო ბუნებრივი აირის ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება. ბუნებრივი აირი ეტაპობრივად მიეწოდებოდა;
2. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მონაცემებისა (იხ. ს.ფ. 13.– 19) და მხარეთა პოზიციების (იხ. 24 სექტემბრის საოქმო ჩანაწერი) საფუძველზე, შპს „თ-მა“ შპს „მ. ღ.ს მ-ს“ შვიდჯერ მიაწოდა ბუნებრივი აირი. მთლიანად შპს „მ. ღ. მ-ს“ მიეწოდა 8409 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი: 2008 წლის 21 მარტს –865 ლარის, 2008 წლის 24 აპრილს – 729 ლარის, 2008 წლის 31 მაისს – 848 ლარის, 2008 წლის 11 ივლისს – 550 ლარის, 2008 წლის 8 ოქტომბერს – 2572 ლარის, 2008 წლის 12 ნოემბერს –2000 ლარის, ხოლო 2009 წლის 25 თებერვალს – 845 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი, საიდანაც შპს „მ. ღ. მ-მა“ შპს „თ-ს“ გადაუხადა მხოლოდ 2706,5 ლარი, ხოლო დარჩენილი 5702,5 ლარი შპს „მ. ღ.მ-ს“ მოსარჩელისათვის არ გადაუხდია;
3. მხარეები ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ზეპირი სახის ხელშეკრულების გაფორმებისას არ შეთანხმებულან მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების გადახდის კონკრეტულ ვადაზე;
4. საქმეში წარმოდგენილ 2010 წლის 29 სექტებრით დათარიღებულ შპს „თ-ის“ წერილზე დაფიქსირებული შპს „მ.ღ.მ-ის“ დირექტორის მოადგილე ი. გ-ის განმარტება შპს „თ-ის“ მიმართ დავალიანების არსებობის და მისი 2011 წლის ბოლომდე დაფარვის თაობაზე, არ შეიძლება განხილულ იქნეს ვალის აღიარებად, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ იმ პერიოდისათვის ინგა გოგიაშვილი უფლებამოსილი იყო, შპს „მ.ღ.მ-ის“ წარმომადგენლობაზე;
5. დასახელებული წერილით შპს „თ-მა“ შპს „მ. ღ. მ-ს“ წარდგენა მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების – 5702,5 ლარის გადახდის მოთხოვნა წარუდგინა;
6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს „მ.ღ.მ-ის“ წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს „თ-მა“ ბოლო მიწოდებისთანავე წარუდგინა მხარეს მოთხოვნა 5702,5 ლარის გადახდის შესახებ. პალატა მიუთითებს, რომ ამგვარი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება;
7. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ ეფუძნება არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება უნდა გადახდილიყო მოწოდებისთანავე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სადავოდ მხოლოდ სარჩელის ხანდაზმულობას ხდიდა, შესაბამისად, სწორედ, მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოებათა დადასტურების ტვირთი, რაც დაამტკიცებს მოთხოვნის ხანდაზმულობას, კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა მხარეთა შეთანხმების არსებობა მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის კონკრეტული ვადის შესახებ, რამდენადაც, მოპასუხის მტკიცებით, ღირებულება მხარეთა შეთანხმების მიხედვით უნდა გადახდილიყო საქონლის მიწოდებისთანავე დაუყოვნებლივ. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხე უთითებს საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე. საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურების მონაცემები შეიცავენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, თუ კონკრეტულ დროში რა ოდენობის, რა ღირებულების საქონლის მიწოდება იქნა განხორციელებული, თუმცა დასახლებული დოკუმენტები არ შეიცავენ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების დასადასტურებლად მონაცემებს იმის შესახებ, თუ როდის უნდა მომხდარიყო საქონლის ღირებულების გადახდა. სამოქალაქო კოდექსის 130–ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა აით-ოს მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა 2011 წლის 22 აგვისტოს, შესაბამისად, შპს „თ-ის“ მოთხოვნა შპს „მ.ღ.მ-ის“ მიმართ ხანდაზმული არ არის და შპს „თ-ი“, როგორც კრედიტორი, სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უფლებამოსილია შპს „მ.ღ.მ-ან“, როგორც მოვალისაგან, მოითხოვოს 5702 ლარისა და 50 თეთრის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „მ. ღ. მ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების მომენტი. სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების საფუძველზე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა აით-ოს მოთხოვნის წარმოშობიდან. მოცემულ შემთხვევაში კი, შპს „თ-ს“ მოთხოვნის უფლება ბოლო მიწოდებისთანავე - 2009 წლის 25 თებერვალს წარმოეშვა, შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ.ღ.მ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევის გარეშეა განხილული, რომელსაც შეეძლო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „მ.ღ.მ-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს 20.11.2012 წლის N.. საგადახდო დავალებით გადახდილი 286 ლარისა და 29.11.2012 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი 14 ლარის, სულ 300 ლარის 70%, 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე