საქმე №ას-1581-1484-2012 10 იანვარი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ღ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე, მ. ღ.-ის სარჩელის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თ. გ.-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, მ. ღ.-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენეტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – ღირებულების 5%-ის ოდენობით ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2012 წლის 21 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითარი და იშუამდგომლა ხარვეზის შევსებულად მიჩნევის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდიოს გადავადება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, მ. ღ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა, უკვე გადახდილი 300 ლარის გათავლისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების თაობაზე სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 26 დეკემბერს ეცნობა უშუალოდ კასატორს, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი (ტ.II, ს.ფ.97).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 27 დეკემბერს და დასრულდა ამავე წლის 31 დეკემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამასთან, მ. ღ.-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 19 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ მ. ღ.-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე