საქმე №ას-1584-1487-2012 11 იანვარი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რ. დ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, ტ. ჭ.-ას სარჩელის გამო, რ. დ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ რ. დ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, რ. დ.-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 516 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის ჩარიცხვის ქვითრისა და ჯ. ქ.-ის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
2012 წლის 19 დეკემბაერს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორის წარმომადგენელ ჯ. ქ.-მა და მოითხოვა საპროცესო ვადის 7 (შვიდი) დღით გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი არის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, რ. დ.-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 516 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ჯ. ქ.-ის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, სასამართლოს განჩინების შესახებ სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს 2012 წლის 26 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ.192).
2013 წლის 8 იანვარს სასამართლოს მომართა რ. დ.-ის წარმომადგენელ ჯ. ქ.-მა, წარმოადგინა ადვოკატის მოწმობის ასლი და იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე საპროცესო ვადის 5 (ხუთი) დღით გაგრძელების თაობაზე.
ზემოაღნიშნულთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. აღნიშნული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და არ გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, მხარის შუამდგომლობის შემთხვევაში აუცილებლად გაუგრძელოს მას საპროცესო ვადა, პირიქით, ის სასამართლოს ანიჭებს უფლებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაგანი რწმენით გადაწყვიტოს ვადის გაგრძელება-არგაგარძელების საკითხი. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხარის დასაბუთებეულ შუამდგომლობასა და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის წარმომდგენელი შუამდგომლობაში არ უთითებს, თუ რის საფუძველზე ითხოვს საპროცესო ვადის გაგრძელებას და ამასთან არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად რომ მხარეს არ გააჩნია შესაძლებლობა დადგენილ ვადაში გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და გაუგრძელეა საპროცესო ვადა 7 (შვიდი) დღით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რ. დ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. დ.-ის წარმომადგენელ ჯ. ქ.-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგარძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. რ. დ.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე