Facebook Twitter

საქმე №ას-1596-1499-2012 8 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ლ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ბ.-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - გ. ლ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ბ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. და გ. ლ.-ების მიმართ გ. ლ.-სა და გ. ლ.-ს შორის 2010 წლის 9 აგვისტოს დაბა ფასანაურში, ვ.-ას ქN50-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2003 წლის 5 აგვისტოს გ. ლ.-მა საჯარო რეესტრში ფარულად განახორციელა მოსარჩელისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის კომლის საკუთრებაში არსებული, დაბა ფასანაურში ვ.-ას ქN50-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაცია, ხოლო 2010 წლის 9 აგვისტოს სადავო ქონება ჩუქების გზით გადასცა შვილს - გ. ლ.-ს. აღნიშნული მოსარჩელისათვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით იგი იძულებით გამოასახლეს საკუთარი სახლიდან. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული ინფორმაციით, ვ.-ას ქN50-ში მდებარე სახლი აღრიცხულია მოსარჩელის მეუღლის - თ. ლ.-ის სახელზე, რომელმაც სადავო ქონება მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან. საკომლო წიგნების ჩანაწერებით სადავო ქონება ერიცხებათ მოსარჩელესა და მის მეუღლეს, რის გამოც მოპასუხე გ. ლ.-ს ქონებაზე რაიმე უფლება არ გააჩნია. მოსარჩელე, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სადავო ქონების რეგისტრაციას ვერ ახორციელებს მანამ, ვიდრე ბათილად არ იქნება ცნობილი სადავო ჩუქების ხელშეკრულება. სადავო ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებაცაა, ვინაიდან არ ითვალისწინებს რაიმე იურიდიული შედეგის დადგომას, ქონებას ფლობს და განკარგავს გ. ლ.-ი, ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ გ. ლ.-ი წარმოჩენილიყო კეთილსინდისიერ შემძენად, რაც შეუძლებელს გახდიდა ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნებას. მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულებას წინ უსწრებდა კანონდარღვევები, რაც დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ჩუქების ხელშეკრულება სრულად უნდა იქნეს ცნობილი ბათილად, ვინაიდან მოსარჩელე მთლიანად დაეუფლა ქონებას, გ. ლ.-ი მხოლოდ 1989 წელს გადავიდა საცხოვრებლად ფასანაურში და მას სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადებში არ მიუღია.

გ. ლ.-მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

2010 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულებით გ. ლ.-მა მას გადასცა დაბა ფასანაურში, ვ.-ას ქN50-ში მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით. ჩუქების საგანზე გ. ლ.-მა წარადგინა ყველა დოკუმენტი, რომლითაც ქონებაზე მისი საკუთრების უფლება დასტურდებოდა და ნივთი იყო უნაკლო. არც საქმის მასალებით და არც ფაქტობრივად არსებული მდგომარეობით არ დასტურდებოდა ხელშეკრულების თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებად მიჩნევის წინაპირობები, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქ. ბ.-ი, რეალურად, სადავო ქონების ¼-ის მემკვიდრეა, რაც დადასტურებულია ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებითა და განაჩენით, შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს მხოლოდ ამ ნაწილში გარიგების გაუქმება. ვინაიდან აღძრულია აღიარებითი სარჩელი, უნდა არსებობდეს იურიდიული ინტერესიც, წარმოდგენილი მტკიცებულებით კი დასტურდება, რომ ქ. ბ.-ის საკუთრებას წარმოადგენს ქონების ¼ ნაწილი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ბ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ლ.-სა და გ. ლ.-ს შორის 2010 წლის 9 აგვისტოს დადებული ჩუქების ხელშეკრულება (საკადასტრო კოდი 71.53.05.132) ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების ¼-ის ჩუქების ნაწილში, ხოლო ამავე ხელშეკრულების ¾ ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ.-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბ.-მაც მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება ¾ ნაწილში ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ქ. ბ.-ის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ არ გაიზიარა გ. ლ.-ის მოსაზრება, რომ გ. ლ.-ის უფლებები დაცულია სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით. ამ მიმართებით, სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 183-ე და 185-ე მუხლებზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმები იცავს კეთილსინდისიერი მესამე პირის ინტერესებს, რომელმაც სადავო უძრავი ქონება შეიძინა (იყიდა); ჩუქების ხელშეკრულების ძირითად თავისებურებას კი წარმოადგენს მისი უსასყიდლო ხასიათი, ამ გარიგებას მესაკუთრისათვის - მჩუქებლისათვის, სარგებლობა არ მოაქვს თანახმად სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლისა. პალატამ აღნიშნა შემდეგი: გ. ლ.-მა განკარგა სამკვიდრო მასაში შემავალი უძრავი ქონების ის წილი, რომელიც მას საკუთრების უფლებით არ ეკუთვნოდა, ამასთან, როგორც მჩუქებლისთვის, ისე დასაჩუქრებულისთვის (ისინი წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს, მამა-შვილს) ცნობილი იყო პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შესახებ, რომელსაც ფაქტობრივად მიღებული ჰქონდა მეუღლის სამკვიდრო ქონება, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად გ. ლ.-სა და გ. ლ.-ს შორის დადებული 2010 წლის 9 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულება 1/4 ნაწილში. პალატის განმარტებით, აღნიშნული გარემოება გ. ლ.-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N949 დადგენილებით, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტით და აღნიშნა, რომ 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა 1993 წლიდან. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. პალატის განმარტებით, საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა.

ი. ლ.-ის კომლს 70-იანი წლებიდან დაბა ფასანაურში (ვ.-ას ქუჩა N50-ში (ყოფილი გოსპიტალი) ერიცხებოდა მიწა სულ 0,23 ჰა, ნაგებობის ქვეშ 0,01ჰა და მისი კომლის წევრს, მეუღლესთან ერთად, წარმოადგენდა შვილი - თ. ლ.-ი, ი. ლ.-ის კომლზე რიცხული ქონება არ შეცვლილა და საკოლმეურნეო კომლების ლიკვიდაციისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის დაწყების დროს (1992 წელი) ამ კომლს ისევ ერიცხებოდა მიწა სულ 0,23 ჰა, ნაგებობის ქვეშ 0,01 ჰა; ამ პერიოდში კომლის შემადგენლობა იყო: ლ.-ი თ. - ოჯახის უფროსი (მამა ი. ლ.-ი გარდაიცვალა 1972 წელს), ბ.-ი ქ. - თ.ის ცოლი, ლ.-ი დ. - შვილი. 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი, საკოლმეურნეო კომლების ლიკვიდაციისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის გამოცხადების დროს საკოლმეურნეო კომლზე რიცხული ქონება კი გამოცხადდა კომლის წევრთა საერთო საკუთრებად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის 2010 წლის 27 სექტემბრის ცნობის თანახმად, დუშეთის არქივში დაცული, ფასანაურის საკრებულოს 1970-1986 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, მოსარჩელე ქ. ბ.-ი, (საქმის მასალების მიხედვით, საკომლო ჩანაწერებით დ. ლ.-ი 1991 წელს ამოეწერა კომლიდან), მეუღლესთან - ოჯახის უფროსად მოხსენიებულ თ. ლ.-თან ერთად მითითებულია ი. ლ.-ის კომლის წევრად, რომელთაც ერიცხებოდათ ი. ლ.-ის კომლზე რიცხული ქონება, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ სადავო ქონებისადმი და, შესაბამისად, დანარჩენ (3/4) ნაწილში სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობისადმი ქ. ბ.-ის იურიდიული ინტერესის საგნის სწორად დადგენისათვის, უნდა გარკვეულიყო კომლის შემადგენლობა საკოლმეურნეო კომლების ლიკვიდაციისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის გამოცხადების დროისათვის, კერძოდ, შეფასება უნდა მისცემოდა იმ გარემოებას, ამ პერიოდისათვის წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე კომლის წევრს და კომლზე რიცხულ ქონებაზე გააჩნდა თუ არა მას თანასაკუთრების უფლება. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ჩუქების ხელშეკრულების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის ფარგლების არასწორად დადგენამ განაპირობა ამ ნაწილში (გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი) საქმის ფაქტობრივ გარემოებათა არასრულად დადგენა, რის გამოც საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების მიღება, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებოდა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ.-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო ხელშეკრულება ქონების 1/4 ნაწილში წარმოადგენდა ბათილ გარიგებას, ვინაიდან ის მიზნად არ სახავდა იურიდიული შედეგის დადგომას, აღნიშნული გარემოება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე პოლიციის გაფრთხილება, რომელიც გ. ლ.-ის მოთხოვნის საფუძველზეა გაცემული, ამ აქტის საფუძველზე გამოსახლდა მოსარჩელე სადავო ქონებიდან, ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ფაქტს მოსარჩელე სარჩელში, ასევე ახსნა-განმარტებაში ადასტურებს. მითითებული გარემოება ადასტურებს ახალი მესაკუთრის - გ. ლ.-ის მიერ ქონების დაუფლებასა და მესამე პირისაგან ხელშეშლის აღკვეთას. მითითებული გარემოებები, თავის მხრივ, გამორიცხავს, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე სასამართლოს მითითების მართებულად მიჩნევის შესაძლებლობას. ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს განმარტება, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულის პრეზუმფცია კასატორის მიმართ ვერ იქნება გავრცელებული. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია კანონი, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობაა. არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილშიც, რომ სადავო ქონების 3/4 ნაწილის განკარგვაზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენისათვის სავალდებულოა გაირკვეს მოსარჩელე კომლის წევრად ირიცხებოდა თუ არა და ჰქონდა თუ არა მას კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება. ამ მიმართებით, სასამართლოს მოსაზრების უსწორობას ადასტურებს ის, რომ მოსარჩელე სარჩელს არა სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ ზემოაღნიშნულ გარემოებას, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას ამყარებდა. საკომლო საკუთრებაზე მოსარჩელემ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითა, აღნიშნულით სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დამადასტურებელ ფაქტებზე მხარეთა მითითების სავალდებულოობა დაარღვია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ლ.-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ლ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ლ.-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. სილაგაძე