Facebook Twitter

საქმე №ას-1599-1502-2012 28 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ი. დ.-ის სარჩელის გამო, გ. ბ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5(ხუთი) დღის ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მაგრამ არ ჩაბარდა, მეზობლის განმარტებით ადრესატი ცხოვრობს თბილისში და ბინა დაკეტილია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ განმეორებით გაუგზავნა კასატორს გზავნილი საქმეში არსებულ სხვა მისამართზე, მაგრამ არც ამჯერად ჩაბარდა იგივე საფუძვლით. ამასთან, სასამართლო ეცადა დაკავშირეოდა გ. ბ.-ს, რათა დაეზუსტებინა მისამართი სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის გზავნილის ჩაბარება, მაგრამ ადრესატი ტელეფონს არ პასუხობდა, აღნიშნულის დასტურად საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი და სასამართლოს კომპიუტერული პროგრამა X-Lite-ის, საიტ www.myphone.ge-დან ამონაწერი (ტ.II, ს.ფ. 84-87).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ ადრესატს სასამართლო უწყება გაეგზავნა ორჯერ, მის მიერ მითითებულ, საქმეში არსებულ მისამართზე და არ ჩაბარდა, უწყება ჩაბარებულად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, გ. ბ.-ს ორჯერ გაეგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საქმეში არსებულ მისამართებზე, ამას გარადა სასამართლო ეცადა საკონტაქტო ნომერზე დაკავშირებოდა მას მისამართის დაზუსტების მიზნით, მაგრამ ადრესატმა არ უპასუხა ტელეფონს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მეორე გზავნილის უკან მობრუნების თარიღი – 2013 წლის 14 იანვარი უნდა იქნეს მიჩნეული მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებად (ტ.II, ს.ფ.83) და საპროცესო ვადის ათვლაც ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 15 იანვარს და დასრულდა ამავე წლის 19 იანვარს, მაგრამ ვინაიდან 19 იანვარი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2013 წლის 21 იანვარს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე