Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1607-1509-2012 8 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ თ.ბ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ი.ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ზ. ნ-ი, ე. რ. ნ-ი, ი. ნ. რ-ი, ო. რ-ი, ი. ს. ნ-ი შაოული (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ზ. ნ-ის, ე. რ. ნ-ის, ი. ნ. რ-ის, ო. რ-ის, ი. ს. ნ. შ-ის სარჩელი მოპასუხეების – თ. ქ-ას, თ.ბ-ის, რ. მ-სა და ნ. კ-ის მიმართ 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, 2009 წლის 13 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, 2009 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულების იპოთეკის გაუქმების შესახებ, რ. მ-სა და ა. კ-ს შორის 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ. ნ-ის, ე. რ. ნ-ის, ი. ნ. რ-ის, ო. რ-ის, ი. ს. ნ. შ-ის წარმომადგენელმა ი. ჟ-ნმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ზ. ნ-ის, ე. რ. ნ-ის, ი. ნ. რ-ის, ო. რ-ის, ი. ს. ნ. შ.ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მ.ზ. ნ-ის, ე. რ.ნ-ის, ი. ნ. რ-ის, ო. რ-ის, ი. ს. ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისში, კ-ას ქ. №3-ში, ბინა №38; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 13 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისში, დ-ის სასწ.საცდელი მეურნეობა, მიწის ნაკვეთი - 4000.00 კვ.მ.; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულება იპოთეკის გაუქმების შესახებ და უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისში, დ-ის სასწ.საცდელი მეურნეობა (ზონა-თბილისი 01, სექტორი - 72, კვარტალი - 14, ნაკვეთი 007/024; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეუნეო, დაზუსტებული ფართობი: 4000.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: მშენებარე შენობა №1 საერთო ფართი - 1703.45 კვ.მ.) აღდგა იპოთეკის შესახებ რეგისტრაცია (იპოთეკარები: ნ. ე. რ., ი. რ-ი, ო. რ-ის, ნ. შ. ი.); რ. მ-სა და ა. კ-ს შორის 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ბ-ის წარმომადგენელმა ი.ბ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ი.ბ-ას 2012 წლის 26 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ი.ბ-ას ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 26 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.281).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 27 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 31 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ თ.ბ-ს (პირადი ნომერი №...) დაუბრუნდეს თ. გ-ის მიერ 2012 წლის 6 დეკემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია