№ას-1615-1516-2012 14 იანვარი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ი.მ-ას სარჩელი მოპასუხე ე.მ-ის მიმართ ვალის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.მ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ი.მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე წარდგენილი 2004 წლის დეკემბრის ხელწერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ე.მ-ემ ი.მ-ან ისესხა 1500 ლარი, რომლის დაბრუნების ვადად მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 2005 წლის მასისის ბოლო პერიოდი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ 2009 წლის 26 მარტს მხარეებმა შეადგინეს ახალი ხელწერილი, რომლითაც სესხის დაბრუნების ვადად განსაზღვრეს 2009 წლის მაისის ბოლო პერიოდი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მე-13 და 38 გვ-ებზე წარდგენილი ხელწერილები წარმოადგენდნენ ერთი და იმავე ხელწერილებს იმ განსხვავებით, რომ მე-13 გვ-ზე წარდგენილ ხელწერილში გარკვეული დამატებები იყო შეტანილი, კერძოდ, დამატებით მითითებული იყო დასათაურება – „ვალის აღიარება“, ასევე თარიღი „2005 წელი“ გადასწორებული იყო „2009 წლად“ და სხვა. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში წარდგენილი ეს ორი ხელწერილი წარმოადგენდა ერთი და იმავე ხელწერილს და რომ მე-13 გვ-ზე განთავსებულ ხელწერილში მოხდა გარკვეული შესწორებების შეტანა ი.მ-ას მიერ, დაადასტურა თავად აპელანტმა საქმის ზეპირი განხილვის დროს (იხ. 2012 წლის 8 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი). ამდენად აპელანტის მტკიცება იმის შესახებ რომ 2009 წლის 26 მარტს მხარეებს შორის დაიდო ახალი ხელწერილი, მოკლებული იყო დამაჯერებლობას.
სააპელაციო სასამართლომ აპელანტის არც ის მოსაზრება არ გაიზიარა, რომლის მიხედვითაც მხარეებმა ხელწერილში თარიღის შეცვლით შეათანხმეს სესხის – 1500 ლარის დაბრუნების ახალი ვადა – 2009 წლის მაისის ბოლო პერიოდი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ასევე ამავე კოდექსის 328-ე მუხლის დანაწესზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადის (2005 წლის მაისის ბოლო) შესახებ მხარეთა მიერ წერილობითი ფორმით შეთანხმებული პირობის შეცვლა, ასევე მოითხოვდა ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენას წერილობითი ფორმით. განსახილველ შემთხვევაში კი, დგინდებოდა, რომ საქმეში მე-13 გვ-ზე წარდგენილ ხელწერილში სესხის დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდა ცალმხრივად, მხოლოდ ი.მ-ას მიერ და თანმხვედრი ნება ე.მ-ან გამოვლენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თობაზე, რომ სესხის დაბრუნების ვადად შეთანხმებული იყო 2009 წლის მაისი ბოლო და რომ სწორედ ამ პერიოდიდან წარმოეშვა მოსარჩელეს მოთხოვნა 1500 ლარის დაბრუნების შესახებ ე. მ-ის მიმართ, რის გამოც წარდგენილი სარჩელის მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ, ზემომითითებული გარემოებებისა და მსჯელობის გათვალისწინებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ი.მ-ას ე. მ-ის მიმართ მოთხოვნა 1500 ლარის დაბრუნების თაობაზე წარმოეშვა 2005 წლის მაისის ბოლოდან, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი სასამართლოს მიმართა 2010 წლის 19 ივნისს – ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი.მ-ას სარჩელის მოთხოვნა სწორად ჩათვალა ხანდაზმულად, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი.მ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ მოსარჩელე მოქალაქის შესახებ პერსონალურ მონაცემებს ვერ მოიპოვებდა პირის თანხმობის გარეშე. ხელწერილის ბოლოს მიწერილი პირადი ნომერი მიუთითებდა მხარეთა შორის თავდაპირველად შეთანხმებული ვადის იმ დროიდან განახლებაზე, როდესაც სავალდებულო გახდა პირადი ნომრის მითითება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინების შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნა ხანდაზმული არ იქნებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი.მ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე