Facebook Twitter

№ას-1623-1523-2012 30 იანვარი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.მ-ემ ი.ა-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის ბეს თანხის, 2500 აშშ დოლარის ორმაგად დაკისრება.

მოსარჩელის განმართებით, მხარეებს შორის უნდა დადებული ე.წ. ბინის „გირავნობის ხელშეკრულება“ 5000 აშშ დოლარად. მ.მ-ემ ი.ა-ს ბეს სახით გადასცა 2500 აშშ დოლარი. დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა ხელშეკრულების დადებისას, მაგრამ მოგვიანებით შეიტყო, რომ დასაგირავებელი ბინა არ იყო ი.ა-ის სახელზე აღრიცხული საჯარო რეესტრში, რაც ამ უკანასკნელმა დაუმალა. ხელშეკრულების დადება მოპასუხის ბრალით ვერ მოხერხდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 3 წლის ვადით და თანხას ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დააბრუნებდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი.ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი.ა-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.მ-ემ ი.ა-ს 2012 წლის 14 მაისს გადასცა 2 500 აშშ დოლარი. საქმეში არსებული ხელწერილით დადგენილია, რომ „ი.ა-ი, მცხოვრები მ. კ-ას ქ. № 39-ში სესხულობს გარკვეულ თანხას 5000 აშშ დოლარის ოდენობით სამი წლით სარგებლის გარეშე მ.მ-ისაგან. ნაწილი თანხა 2 500 აშშ დოლარის ოდენობით მ.მ-ემ მისცა 2012 წლის 14 მაისს ბეს სახით, ხოლო თანხის მეორე ნაწილს მისცემს 2012 წლის 28-30 მაისს, არა უგვიანეს 10 ივნისისა. როგორც კი ეს თანხა შეივსება მაშინ დაწერენ ხელშეკრულებას და გააფორმებენ წერილობით, გირავნობის სახით.“ საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ.ქუთაისში, მ.კ-ას (ყოფ. მ-ის) ქუჩის №39 მდებარე ბინის მესაკუთრეა ც. ბ-ი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელწერილი ბათილი გარიგება იყო, ვინაიდან გირავნობით შესაძლებელია, მხოლოდ უძრავი ნივთების დაბრუნება. გარიგების ბათილობისას კი, თითოეული მხარე ვალდებულია დააბრუნოს მიღებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი.ა-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლომ მხოლოდ ჩამოთვალა სამოქალაქო კოდექსის მუხლები და არ დაუსაბუთებია, რატომ იყენებდა მათ. მხარეები არ აპირებდნენ „გირავნობის“ ხელშეკრულების დადებას. მათ სესხის ხელშეკრულება გააფორმეს. სასამართლომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ საქმეში ორი განსხვავებული შინაარსის ხელწერილია წარმოდგენილი. მითითება გირავნობის შესახებ ტექსტში თავად მოსარჩელემ ჩაამატა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევის გარეშეა განხილული, რომელსაც შეეძლო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი.ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე