საქმე №ას-1626-1526-2012 28 იანვარი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „თ.-ს“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე, შპს „თ.-ს“ სარჩელის გამო, შპს „ა.-ის“ მიმართ მესაკუთრედ ცნობისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ასევე, შპს „ა.-ის“ შეგებებული სარჩელის გამო შპს „თ.-ს“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „თ.-ს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, შპს „თ.-ს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა და ასევე დაევალა დაეზუსტებინა რა ნაწილში ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებას.
2013 წლის 8 იანვარს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „თ.-ს“ წარმომადგენელმა ჯ. ფ.-ემ, რომელმაც დააზუსტა მოთხოვნა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილში იშუამდგომლა საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინებით, შპს „თ.-ს“ წარმომადგენელ ჯ. ფ.-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა შპს „თ.-ს“ წარმომადგენელ ჯ. ფ.-ეს (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ. 108-109) 2013 წლის 10 იანვარს (ტ.II, ს.ფ. 171).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 11 იანვარს და დასრულდა ამავე წლის 17 იანვარს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ.-ს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე