Facebook Twitter

№ას-1643-1540-2012 28 იანვარი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ჯ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ.მ-მა მოპასუხე შპს „ა.ჯ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის, მათ შორის, ძირი თანხის – 30100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ერთი თვის გადაუხდელი ტრანშეს – 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „ა.ჯ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ა.ჯ-ს“ ნ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მთლიანობაში 3618 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 6 ივნისს, 11 ივნისს, 15 ივნისს, 16 ივნისს და 17 ივნისს ინდმეწარმე ნ.მ-სა (გამსესხებელი) და ე. გ-ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა 5 სესხის ხელშეკრულება, საერთო თანხით 30100 აშშ დოლარზე. ამ სესხების უზრუნველყოფის მიზნით გირაოთი დაიტვირთა მერსედესის ტიპის ხუთი ავტომანქანა.

თითოეული ამ ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, გათვალისწინებულ იქნა მსესხებლის ვალდებულება გირაოთი უზრუნველყოფილი ავტომანქანა გადაეფორმებინა გამსესხებლის სახელზე, ხოლო ხელშეკრულების 3.9 მუხლით – გამსესხებლის ვალდებულება, მსესხებლის მიერ ძირითადი და საპროცენტო თანხის სრულად და დროულად დაფარვის შემთხვევაში, 2 სამუშაო დღის განმავლობაში გადაეფორმებინა ავტომობილი მსესხებლის სახელზე.

ამდენად, ზემოაღნიშნული 5 ხელშეკრულების საფუძველზე, გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა ჯამში 30100 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის ავტოსატრანსპორტო საშუალებები საკუთრების უფლებით აღირიცხა გამსესხებლის სახელზე, თუმცა დარჩა მსესხებლის სარგებლობაში. ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ იქნა მათი გაგრძელების შესაძლებლობა, იგივე პირობებით.

მითითებული სასესხო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფინანსური რისკების დაზღვევის მიზნით, 2011 წლის ივნისის თვეში (ძალაში შევიდა 2011 წლის 8 ივნისიდან განუსაზღვრელი ვადით) ინდმეწარმე ნ.მ-სა (დამზღვევი) და შპს სადაზღვევო კომპანია ,,ა.ჯ-ს’’ (მზღვეველი) შორის დაიდო ,,სესხის ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ’’ გენერალური ხელშეკრულება.

ხელშეკრულების 1.4 მუხლის თანახმად, ქონება განიმარტა, როგორც დამზღვევის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული (გირაო/იპოთეკა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან უძრავი ნივთი, რომლის მესაკუთრე შესაძლოა ყოფილიყო დამზღვევი, თუ ქონება ფორმდებოდა მის სახელზე. ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები, კერძოდ, 2.1 მუხლის თანახმად, ეს ხელშეკრულება არის მხარეთა შორის ჩარჩო შეთანხმება ზოგადად სესხთა ფინანსური რისკის დაზღვევასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც, დამზღვევის მიერ შევსებული და მიწოდებული განაცხად-ანკეტის განხილვის საფუძველზე, დამზღვევის მიერ გაცემული/გასაცემი ცალკეული ერთი ან მეტი სესხის ფინანსური რისკის, კერძოდ, მსესხებლის მიერ საპროცენტო ან/და ძირითადი თანხის დამზღვევისათვის სასესხო ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის რისკის დაზღვევის მიზნით, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და რისკ-ფაქტორების შეფასების მზღვეველის პოლიტიკის შესაბამისად, მზღვეველის მიერ დამზღვევზე გაიცემა პოლისი. ხელშეკრულების 2.3 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, 2.3.3 მუხლის თანახმად, ერთ-ერთი პრინციპია პარტნიორული გულისხმიერება, როდესაც თითოეული მხარის ზოგადი ვალდებულებაა, გაითვალისწინოს და დაარეგულიროს (საჭიროებისამებრ, მეორე მხარესთან შეთანხმებით) მეორე მხარის ინტერესებისათვის შესაძლო საზიანო შედეგის მქონე საკითხი.

ხელშეკრულების მე-3 მუხლი ითვალისწინებს სესხის ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის გაცემის პირობებს. კერძოდ, 3.1.2 მუხლის თანახმად, ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის, დამზღვევი უზრუნველყოფს ქონების თავის სასარგებლოდ პირველ რიგში გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას ან ქონების თავის სახელზე გადაფორმებას დაზღვევის პერიოდის დასრულებამდე, ხოლო ამ ხელშეკრულების საფუძველზე მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემთხვევაში – სადაზღვევო ზარალის დარეგულირებამდე. 3.1.3 მუხლის თანახმად, დამზღვევი ავსებს და მზღვეველს წარუდგენს განაცხად- ანკეტას (ფორმა NFღI-LL/B1), რომელსაც, იმ შემთხვევაში, თუ სესხი უზრუნველყოფილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, თან ურთავს: ტექნიკური პასპორტის ასლს; ფოტოსურათებს (ოთხივე მხარე, სალონის წინა და უკანა სავარძლები, ოდომეტრი, ვინკოდ(ებ)ი, ახდილი კაპოტი და, თუ არსებობს, ყველა არასტანდარტული აღჭურვილობის, მოდიფიცირებისა ან დეფექტის ახლო რაკურსი). ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, მზღვეველი განიხილავს დამზღვევის მიერ წარდგენილი განაცხად-ანკეტის ფორმალურ სირთულეს, ამ ხელშეკრულებასთან შესაბამისობას და მის მიხედვით გასცემს სესხის ფინანსური რისკის პოლისს განაცხად-ანკეტის წარდგენიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში. თუ განაცხად-ანკეტა არასრული ან მასში შეტანილი ინფორმაცია დასაზუსტებელია, მზღვეველი უთითებს დამზღვევს ხარვეზზე და ელის მის აღმოფხვრას.

ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, თითოეული პოლისით განსაზღვრული დაზღვევის სანაცვლოდ, პოლისის გაცემიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, მზღვეველის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, დამზღვევი მზღვეველს უხდის სადაზღვევო პრემიას, როდესაც სესხი უზრუნველყოფილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით – სადაზღვევო თანხის 5% (კვარტალში). ამასთან, სადაზღვევო თანხად მიიჩნევა ძირითადი თანხისა და საპროცენტო თანხის სამმაგი ოდენობის ჯამი.

ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად მიიჩნევა მსესხებლის მიერ სესხის საპროცენტო ან/და ძირითადი თანხ(ებ)ის დათქმულ ვადაში გადაუხდელობა, თუ ვადის გადაცილება აღემატება 5 კალენდარულ დღეს. ამასთან, დამზღვევი ვალდებულია, რომ ამ 5-დღიან პერიოდში ყოველი შესაძლო ძალისხმევა გამოიყენოს, რათა მსესხებელს დაეკონტაქტოს და ვადის გადაცილების მიზეზი გაარკვიოს, აგრეთვე, დარღვევის აღმოფხვრის თარიღი შეათანხმოს. 5.3 მუხლის თანახმად, ზიანის განაცხადის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მზღვეველი დამზღვევზე გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სესხის საპროცენტო თანხის ოდენობით, რაც ჩაითვლება სადაზღვევო ანაზღაურების პირველ ტრანშედ. 5.4 მუხლის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურების პირველი ტრანშეს მიღების შემდეგ, დამზღვევი ვალდებულია მიმართოს მსესხებლისაგან დავალიანების ამოღების ზომებს. 5.5 მუხლის თანახმად, თუ გაფრთხილება უშედეგო ან ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდება, დამზღვევმა შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადაში უნდა უზრუნველყოს მსესხებლისაგან დავალიანების ამოღება, მათ შორის, ქონების რეალიზაციის გზით. 5.6 მუხლის თანახმად, თუ მსესხებლისაგან დავალიანების ამოღება/ქონების რეალიზაცია ჭიანურდება და დგება მე-2 კალენდარული თვის სადაზღვევო ანაზღაურების თარიღი, მზღვეველი დამზღვევზე მეორედ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სესხის საპროცენტო თანხის ოდენობით, რაც ჩაითვლება სადაზღვევო ანაზღაურების მე-2 ტრანშედ. 5.7 მუხლის თანახმად, თუ მსესხებლისაგან დავალიანების ამოღება/ქონების რეალიზაცია ჭიანურდება და დგება მე-3 კალენდარული თვის სადაზღვევო ანაზღაურების თარიღი, მზღვეველი დამზღვევზე მესამედ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სესხის საპროცენტო თანხის ოდენობით, რაც ჩაითვლება სადაზღვევო ანაზღაურების მე-3 ტრანშედ. ხოლო, 5.8.1 მუხლის თანახმად, როდესაც სესხის უზრუნველსაყოფი ქონება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაა – სადაზღვევო ანაზღაურების მე-3 ტრანშეს გაცემის მომდევნო კალენდარული თვის სადაზღვევო ანაზღაურების თარიღისათვის დავალიანების ამოღება /ქონების რეალიზაცია ვერ მოხერხდა და დგება მე-4 კალენდარული თვის სადაზღვევო ანაზღაურების თარიღი, მზღვეველი დამზღვევზე გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სესხის ძირითადი თანხის ოდენობით, რაც ჩაითვლება სადაზღვევო ანაზღაურების მე-4 ტრანშედ.

2011 წლის 6, 11, 15, 16 და 17 ივნისის სესხის ხელშეკრულებები ინდმეწარმე ნ.მ-სა და ე. გ-ს შორის გაფორმდა ერთი თვის ვადით, მათი ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა. ბოლოს ეს მოხდა 2011 წლის 6, 11, 15, 16 და 17 სექტემბრის ხელშეკრულებებით. დადგინდა ისიც, რომ „სესხის ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ“ ზემომითითებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეზე გაიცა სესხის ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისები თითოეულ სასესხო ხელშეკრულებაზე ჯერ 2011 წლის ივნისში სამი თვის ვადით, ხოლო შემდეგ 2011 წლის სექტემბერში იმავე ვადით. მხარები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ სრულად გადაუხადა მზღვეველს სადაზღვევო შესატანი (პრემია), რომელიც მათ შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენდა კვარტალურ გადასახადს. მხარეთა შორის 2011 წლის 10 ოქტომბრიდან (უვადოდ) გაფორმდა ,,საკრედიტო ვალდებულების დაზღვევის შესახებ’’ გენერალური ხელშეკრულება, რომელიც იგივე შინაარსისა და წინა გენერალური ხელშეკრულებისაგან მხოლოდ სათაური განასხვავებს.

2011 წლის ივნისში ნ.მ-მა მესამე პირებზე გასცა მინდობილობები სესხის უზრუნველსაყოფად მის სახელზე აღრიცხული ავტომანქანების მართვის უფლებაზე, რომელთა საფუძველზეც იმავე თვეში მესამე პირებმა ავტომანქანები გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. ამ დროისათვის მათი მოძებნა და საქართველოში დაბრუნება ვერ ხერხდებოდა. ნ.მ-ის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება (სისხლის სამართლის საქმე №004130212009) საქართველოს სსისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ნ.მ-ი საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად.

დადგინდა, რომ მსესხებელმა ე. გ-მა გამსესხებელ ნ.მ-ის მიმართ არ შეასრულა ზემომითითებული 5 სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. შესაბამისად, სახეზე იყო „საკრედიტო ვალდებულების დაზღვევის შესახებ“ მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების 5.1 მუხლით გათვალისწინებული „სადაზღვევო შემთხვევა“. შესაბამისად, მზღვეველის (ინდმეწარმე ნ.მ-ი) წერილობითი განაცხადის საფუძველზე, დამზღვევმა შპს ,,ა.ჯ-მა’’ ინდმეწარმე ნ.მ-ს 2011 წლის 25-26 ოქტომბერს აუნაზღაურა პირველი ტრანშე, ხოლო იმავე წლის 29-30 ნოემბერს და 1 დეკემბერს მეორე ტრანშე, სულ ორივე ტრანშეთი გაცემულმა სადაზღვევო ანაზღაურებამ შეადგინა 10408.10 ლარი.

2011 წლის 21 დეკემბერს, ინდმეწარმე ნ.მ-მა წერილობით მიმართა შპს ,,ა.ჯ-ს’’ და მოითხოვა ,,სესხის ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ’’ ხელშეკრულების პოლისებით გათვალისწინებული მე-3 ტრანშების სადაზღვევო ანაზღაურებები. შპს ,,ა.ჯ-მა’’ 2012 წლის 26 იანვრის მომართვით ინდმეწარმე ნ.მ-ს აცნობა, რომ, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სესხის/დაზღვევის უზრუნველმყოფი საშუალებების ზოგადად საზღვარგარეთ გაყვანაზე მინდობილობის გაცემის გზით ფაქტობრივად არარეალიზებადი გახადა, როგორც მისი უფლება, ასევე, საბოლოო ჯამში სადაზღვევო კომპანიის რეგრესის უფლების რეალიზაცია და შესაბამისად, დაარღვია ხელშეკრულების 2.3.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, იგი უარს აცხადებდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

ამდენად, შპს ,,ა.ჯ-ი’’ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარს ასაბუთებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების 2.3.3 მუხლი, რომლის თანახმად, მხარეთა თანამშრომლობის ერთ-ერთი პრინციპია პარტნიორული გულისხმიერება, როდესაც თითოეული მხარის ზოგადი ვალდებულებაა, გაითვალისწინოს და დაარეგულიროს (საჭიროებისამებრ, მეორე მხარესთან შეთანხმებით) მეორე მხარის ინტერესებისათვის შესაძლო საზიანო შედეგის მქონე საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, ამ საფუძვლით სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიაჩნია შემდეგი გარემოებების გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის, შპს „ა.ჯ-ის“ სადაზღვევო აგენტ ი.ჯ-ას ჩვენებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანიისათვის 2011 წლის ივნისშივე ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ავტომანქანები უნდა გასულიყო საქართველოდან. მისივე განმარტებით დადგინდა, რომ მსგავსი სახის სადაზღვევო პოლისის გაცემისას მის მიერ ხდებოდა ავტომანქანების დათვალიერება და ფოტოგრაფირება, რაც მის ფუნქციაში შედიოდა. სადავო პერიოდზე (2011 წლის სექტემბერ-დეკემბერი) პოლისების გაცემისას მას ავტომანქანები არ დაუთვალიერებია, არ მოუხდენია მათი ფოტოგრაფირება.

მხარეთა შორის გაფორმებული „სესხის ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ“ ხელშეკრულების მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია სესხის ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის გაცემის პირობები. კერძოდ, 3.1.3 მუხლის თანახმად, ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის დამზღვევი ავსებს და მზღვეველს წარუდგენს განაცხად-ანკეტას (ფორმა NFRI-LL/B1), რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ სესხი უზრუნველყოფილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, თან ურთავს: ტექნიკური პასპორტის ასლს; ფოტოსურათებს (ოთხივე მხარე, სალონის წინა და უკანა სავარძლები, ოდომეტრი, ვინკოდ(ებ)ი, ახდილი კაპოტი და, თუ არსებობს, ყველა არასტანდარტული აღჭურვილობის, მოდიფიცირებისა ან დეფექტის ახლო რაკურსი). ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, მზღვეველი განიხილავს დამზღვევის მიერ წარდგენილი განაცხად-ანკეტის ფორმალურ სირთულეს, ამ ხელშეკრულებასთან შესაბამისობას და მის მიხედვით გასცემს სესხის ფინანსური რისკის პოლისს განაცხად-ანკეტის წარდგენიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში. თუ განაცხად-ანკეტა არასრული ან მასში შეტანილი ინფორმაცია დასაზუსტებელია, მზღვეველი უთითებს დამზღვევს ხარვეზზე და ელის მის აღმოფხვრას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის სექტემბერში ნ.მ-ზე სადაზღვევო კომპანიამ დაზღვევის პოლისები გასცა ხელშეკრულების ზემომითითებული პირობების დარღვევით, ამასთან, სადაზღვევო აგენტს ავტომანქანები არ უნახია, არ მოუხდენია მათი დათვალიერება და ფოტოგრაფირება. ამასთან, ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც სადაზღვევო კომპანიისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ ავტომანქანებს საქართველოს ფარგლები უნდა დაეტოვა. ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ 2011 წლის სექტემბერში მოპასუხემ იცოდა (როგორც მინიმუმ, უხეში გაუფრთხილებლობით არ იცოდა) სესხის უზრუნველმყოფი ავტომანქანების საქართველოში არყოფნის შესახებ. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დააზღვია, ფაქტობრივად, არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გამსესხებლის ფინანსური რისკები. უფრო მეტიც, მზღვეველმა მიიღო სადაზღვევო შესატანები (პრემიები) სრული მოცულობით და თავის მხრივ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, დამზღვევზე გასცა სადაზღვევო ანაზღაურების ნაწილი (ორი ტრანშე).

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოებიდან გამომდინარე რისკი, რაც წარმოიშვა არაუზრუნველყოფილი საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევიდან, უნდა ეტარებინა სადაზღვევო კომპანიას – შპს „ა.ჯ-ს“, რომელიც წარმოადგენდა მეწარმე იურიდიულ პირს და სადაზღვევო საქმიანობა მისი საქმიანობის ერთადერთი სფერო იყო. შესაბამისად, ამ სახის ურთიერთობებში მას, როგორც „ძლიერ კონტრაჰენტს“, გაცილებით მეტი გულისხმიერება და წინდახედულება მოეთხოვებოდა.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმღძვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 799-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-400 მუხლით და მიიჩნია, რომ სადაზღვევო ანაზღაურების მე-3 ტრანშე – 3000 აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა 2011 წლის დეკემბერის ბოლოს, ხოლო მე-4 ტრანშე – 30100 აშშ დოლარის ოდენობით – 2012 წლის იანვრის ბოლოს, რაც მას არ განუხორციელებია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა.ჯ-მა“. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რასაც ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, არასწორად განმარტა კანონი, არ იმსჯელა მოპასუხის სამართლებრივ არგუმენტებზე;

მოსარჩელის (დამზღვევის) მიერ ავტომობილების საზღვარგარეთ გაყვანის უფლებაზე უცნობი, მესამე პირებისათვის მინდობილობის გაცემით დაირღვა ხელშეკრულების პირობები და კანონის ნორმები, კერძოდ: ა. ხელშეკრულების 2.3.1 პუნქტი (ერთმანეთის ბიზნეს-ინტერესების პატივისცემის შესახებ თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების დარღვევა); ბ. ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტი (ერთმანეთის ბიზნეს-ინტერესების განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთსარგებლობის შესახებ თანამშრომლობის ძირითადი პრინციპის დარღვევა); გ. ხელშეკრულების 2.3.3 პუნქტი (პარტნიორული გულისხმიერების შესახებ თანამშრომლობის ძირითადი პრინციპის დარღვევა, როდესაც თითოეული მხარის ზოგადი ვალდებულებაა, გაითვალისწინოს და დაარეგულიროს მეორე მხარის ინტერესებისათვის შესაძლო საზიანო შედეგის მქონე საკითხი ); დ. ხელშეკრულების 2.3.4.7 პუნქტი (დამზღვევის მიერ მზღვეველის იურიდიული და პრაქტიკული შესაძლებლობის უზრუნველყოფა, დამზღვევის ნაცვლად, რეგრესული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისარგებლოდ გამსესხებლის უფლებებით, რისი პრაქტიკული შესაძლებლობაც დამზღვევმა მინდობილობების გაცემითა და, ამგვარად, უზრუნველმყოფი ქონების საზღვარგარეთ გადაყვანის ხელშეწყობის შედეგად დაკარგა); ე. ხელშეკრულების 2.3.4.8 პუნქტი (დამზღვევის ვალდებულება, მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გაეთვალისწინებინა, რომ მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება სესხის როგორც ძირითადი, ისე საპროცენტო, პირგასამტეხლო და საპროცედურო თანხების ოდენობით, რათა მსესხებლის ვალდებულება არ შემოფარგლულიყო მხოლოდ წარდგენილი ავტომობილებით, რა პირობაც ასევე დაირღვა გამსესხებლის მხრიდან). გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს დამზღვევის მიერ ხელშეკრულების 2.3.5, 6.3.4, 6.1.2, 6.2.2 პუნქტების, სამოქალაქო კოდექსის 810-ე, 829-ე მუხლების დარღვევაზე. იგი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა დამზღვევის უფლება, მოეთხოვა ოთხივე ტრანშეს ოდენობით სადაზღვევო ანაზღაურება თავისივე უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარ შემთხვევასთან დაკავშირებით.

სასამართლომ არაწორი ფორმულირება მისცა მოწმე ი. ჯ-ას ჩვენებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ პირადად მას მოსარჩელემ ჰკითხა, იქნებოდა თუ არა თანახმა ზოგადად სადაზღვევო კომპანია ავტომობილის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაყვანაზე გასხვისების შესახებ წინასწარი შეთანხმების შესრულების მიზნით. ჯალაღონიამ ზოგადად არ გამორიცხა ასეთი შესაძლებლობა, თუმცა მათ შორის საუბარი არ ყოფილა არც კონკრეტულ ავტომობილზე და არც კონკრეტულ თანხმობაზე.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია მზღვეველის სადაზღვევო სეილსმენის ფუნქციად ავტომობილების დათვალიერება და დაფოტოსურათება. თავდაპირველი ხელშეკრულებდან გამომდინარე, დამზღვევს ეკისრებოდა ვალდებულება თავად დაეაფოტოსურათებინა ავტომობილი და ფოტოსურათები განაცხად-ანკეტასთან ერთად წარედგინა დამზღვევისათვის. 2011 წლის სექტემბერში, პოლისების ვადის გაგრძელების დროს, ხელშეკრულებაში მსგავსი პირობა აღარ ყოფილა. შესაბამისად, 2011 წლის სექტემბერში დაზღვევის ვადის სადაზღვევო სეილსმენის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევით გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს პოზიცია დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა 2011 წლის სექტემბერში სადაზღვევო კომპანიის მიერ ავტომანქანების საქართველოში არყოფნის ცოდნის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა.ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა.ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2911 ლარი) 70% – 2037.7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ა.ჯ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2911 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 12 დეკემბერი, საგადასახადო დავალება № ...) 70% – 2037.7 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე