საქმე №ას-1681-1577-2012 28 იანვარი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდო.ე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ც. თ.-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - თ. თ.-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. თ.-ემ სარჩელიო აღძრა სასამართლოში თ. თ.-ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ შემდეგი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით: მისაღები ოთახის მრგვალი მაგიდა, 4 სკამი, კომოდი სარკით „დესაუ“, ვიტრინიანი კედელი „გორკა“, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა, ტანსაცმლის დიდი კარადა, სამზარეულოს გარნიტური (სამზარეულოს ავეჯი კომპლექტი 1 ცალი), პერსონალური კომპიუტერი. „LG-ის“ ფირმის ორკარიანი მაცივარი, „DAEWOO-ს“ ფირმის სარეცხი მანქანა. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე დადგინდა გადასახადის გადამხდელ სპს „თ.-ეების“ კუთვნილი ქონების დაყადაღება. აღნიშნულ ბრძანებაში საზოგადოების პარტნიორთა ქონების დაყადაღების თაობაზე არ არის მითითებული. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცერმა შეადგინა ყადაღის დადების შესახებ აქტი და მან ყადაღა არა საზოგადოების, არამედ საზოგადოების დამფუძნებელ თ. თ.-ის კუთვნილ ქონებას. მიუხედავად იმისა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებულია თ. თ.-ის კუთვნილი ქონების დაყადაღების თაობაზე, დაყადაღების აქტში აღწერილია მისი შვილის, ც. თ.-ის ქონება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის ბრძანებით საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის მიზნით ღია საჯარო აუქციონზე საჯარო რეალიზაციისათვის მიექცა საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის მიზნით დაყადაღებული ქონება და აღმასრულებელმა თ. თ.-ეს ჩააბარა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე. 2012 წლის 7 მარტს თ. თ.-ემ სააღსრულებო ბიუროს აცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება დაყადაღებული ქონების რეალიზაციის გზით ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან ქონება თ. თ.-ის შვილის საკუთრებას წარმოადგენდა.
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით ითხოვა:
სარჩელში მითითებული გარემოებები არასწორია, რადგანაც მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მოვალეს წარმოადგენდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობასაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-20 მუხლი განსაზღვრავს, ხოლო სადავო ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 241-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა სარჩელის საფუძველს, რომ ქონება მოვალის საკუთრებას არ წარმოადგენდა, რადგანაც სარჩელს არ ერთვოდა სამოქალაქო კოდექსის 155-ე და 158-ე მუხლებით, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოძრავ ნივთზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები, ამასთანავე, მხარეს არც საგადასახადაო ორგანისათვის და არც აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიუმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ქონების დაყადაღების აქტიდან ამოსარიცხად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ც. თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ო. ი.-ის 2011 წლის 17 დეკემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები: მისაღები ოთახის მრგვალი მაგიდა - 1 ცალი; სკამი - 4 ცალი; კომოდი სარკით „დესეუ“ - 1 ცალი; ვიტრინიანი კედელი „გორკა“; ტელევიზორის დასადგამი მაგიდა - 1 ცალი; ტანსაცმლის დიდი კარადა - 1 ცალი; სამზარეულოს გარნიტური - 1ცალი კომპლექტი; პერსონალური კომპიუტერი - 1 ცალი; „ლჯ-ის“ ფირმის ორკარიანი მაცივარი - 1 ცალი; „დაევოს“ ფირმის სარეცხი მანქანა - 1 ცალი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო სააღსრულებლო საქმე, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის №086-1621 ბრძანების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მოვალეს წარმოადგენს სპს „თ.-ეები“. სპს „თ.-ეებს“ გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის №086-1621 ბრძანების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, 2011 წლის 17 დეკემბერს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოპასუხე თ. თ.-ის საკუთრებაში რიცხულ, ქ.ბათუმში, ბ.-ის ქ№29-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ქონება აღიწერა და დაყადაღდა, რაზეც 2011 წლის 17 დეკემბერს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აქტით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ო. ი.-ემ აღწერა და დააყადაღა მოპასუხე თ. თ.-ის საკუთრებაში რიცხული, ქ.ბათუმში, ბ.-ის ქN29-ში მდებარე, საცხოვრებელ ბინაში შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) მისაღები ოთახის მრგვალი მაგიდა - 1 ცალი; 2) სკამი - 4 ცალი; 3) კომოდი სარკით „დესეუ“ - 1 ცალი; 4) ვიტრინიანი კედელი „გორკა“; 5) ტელევიზორის დასადგამი მაგიდა - 1 ცალი; 6) ტანსაცმლის დიდი კარადა - 1 ცალი; 7) სამზარეულოს გარნიტური - 1 ცალი კომპლექტი; 8) პერსონალური კომპიუტერი - 1 ცალი; 9) „ლჯ-ის“ ფირმის ორკარიანი მაცივარი - 1 ცალი; 10) „დაევოს“ ფირმის სარეცხი მანქანა - 1 ცალი. 11) ნაჭრის სამეული;12) გაზის გამათბობელი - 1 ცალი; 13)ტელევიზორი „სამსუნგი“ - 1 ცალი; 14) ტანსაცმლის საკიდი; 15) ჭაღი - 1 ცალი. მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებებით, ასევე ინდ.მეწარმე „რ. გ.-ისაგან“ შეძენის შესახებ ცნობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მისაღები ოთახის მრგვალი მაგიდის, 4 სკამის, „დესეუ-ს“, ვიტრინიანი კედელი „გორკას“, ტელევიზორის დასადგამი მაგიდისა და ტანსაცმლის დიდი კარადის, სამზარეულოს გარნიტურის შეძენის შესახებ შპს „ლ.-ს“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობის, პერსონალური კომპიუტერის შეძენის შესახებ შპს „V-სა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულების, „ლჯ-ის“ ფირმის ორკარიანი მაცივრის და „დაევოს“ ფირმის სარეცხი მანქანის შეძენის შესახებ შპს „კტმ ელექტრონიქსის“ მიერ გაცემული საგარანტიო ტალონების ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღწერილი და დაყადაღებული 15 მოძრავი ნივთიდან ც. თ.-ეს ეკუთვნოდა სადავო, სარჩელში მითითებული ნივთები: მისაღები ოთახის მრგვალი მაგიდა - 1 ცალი; სკამი - 4 ცალი; კომოდი სარკით „დესეუ“ - 1 ცალი; ვიტრინიანი კედელი „გორკა“; ტელევიზორის დასადგამი მაგიდა - 1 ცალი; ტანსაცმლის დიდი კარადა -1 ცალი; სამზარეულოს გარნიტური - 1 ცალი კომპლექტი; პერსონალური კომპიუტერი - 1 ცალი; „ლჯ-ის“ ფირმის ორკარიანი მაცივარი - 1 ცალი; „დაევოს“ ფირმის სარეცხი მანქანა - 1 ცალი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 158-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონების ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რადგან საქმეში საკმარისად იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა დაყადაღებულ ქონებაზე ც. თ.-ის საკუთრების უფლებას.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლი, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, რადგანაც არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რის გამოც არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მისი გაუქმების საფუძვლები. პალატამ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, რაც არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სპს „თ.-ეებს“ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება და ამ დავალიანების გადახდევინების მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ აღწერა და დააყადაღა საზოგადოების პარტნიორ თ. თ.-ის კუთვნილ სახლში არსებული მოძრავი ქონება, აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 241-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს ქმედების კანონიერებაზე მეტყველებს, რადგანაც დავალიანების მქონე პირი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა რომლის პასუხისმგებლობაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-20 მუხლებიდან გამომდინარე ვრცელდება კომპლემენტარების მიმართაც. სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, მით უმეტეს, რომ მხარეს არ წარუდგენია დაყადაღებულ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუმართავს ქონების დაყადაღების აქტიდან სადავო ნივთების ამორიცხვის მოთხოვნით თანახმად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტისა. აღსანიშნავია, რომ ქონების დაყადაღების შესახებ 2011 წლის 17 დეკემბრის აქტს ხელი მოაწერა სპს „თ.-ეების“ დამფუძნებელმა თ. თ.-ემ, რომელსაც პრეტენზია ქონების საკუთრებაზე არ განუცხადებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საწინააღმდეგოდ, ც. თ.-ეს არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები დაყადაღებული ნივთების მისთვის კუთვნილების თაობაზე, ხოლო სხვა პირის აღიარება, რომ ქონება მისი საკუთრებაა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას. ამ თვალსაზრისით, შესაფასებელია იმ პირის აღქმაც, რომელმაც მისცა სადავო ჩვენება, რადგანაც არ ესწრებოდა ნივთის შეძენას და აღნიშნულის თაობაზე სწორედ მოსარჩელისგან ეცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იანვრის განჩინებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. სადავო საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც გასაჩივრებულ განჩინებაშია ასახული (იხ. სუსგ №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდო.ე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე