Facebook Twitter

№ას-1685-1579-2012 28 იანვარი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ტ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 28 ივნისს ხაშურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა რ.ტ-მა მოპასუხეების – ა.ხ-სა და რ.ჯ-ის მიმართ ყადაღისაგან მოძრავი ნივთის გათავისუფლების თაობაზე.

ხაშურის რაიონულ სასამართლოს 2012 წლის 1 აგვისტოს საოქმო განჩინებით, მოსარჩელე რ.ტ-ის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეზე სათანადო მოპასუხედ ცნობილ იქნა შემოსავლების სამსახური, ხოლო 22 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოპასუხის სახით მითითებული ა.ხ-ი ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ყადაღისაგან გათავისუფლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2012 წლის 16 მაისს დაყადაღებული, რ.ჯ-ის სახელზე რეგისტრირებული „ბმვ 525“ სახელმწიფო ნომრით ....

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 16 მაისის აქტით, შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო ინდმეწარმე რ.ჯ-ის სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას, „ბმვ 525“, სახელმწიფო ნომრით ...;

სადავო ავტომანქანა რ.ჯ-ისაგან იყიდა ა.ხ-მა, ხოლო 2008 წელს – ა.ხ-ისაგან რ.ტ-მა, თუმცა ავტომანქანა კვლავ რ.ჯ-ის სახელზე დარჩა რეგისტირებული;

სადავო ავტომანქანა – „ბმვ 525“, სახელმწიფო ნომრით ..., წარმოადგენს რ.ტ-ის საკუთრებას. აღნიშნული დასკვნის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს 2012 წლის 12 ივნისის N20/26-7-10-740911 წერილზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ავტომობილის სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის რეგულირების სფეროს სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნული უზრუნველყოფის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. ამ ვალდებულების განხორციელება სადავო პერიოდში წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა – ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. შესაბამისად, ავტომანქანაზე, როგორც მოძრავი ნივთზე, ვრცელდებოდა მოძრავი ნივთის შეძენისათვის დადგენილი წესები.

რაც შეეხებოდა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლს, აღნიშნულ მუხლში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 17 აპრილს, რომელიც, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში კი გამოქვეყნდა 2012 წლის 3 აგვისტოს. ამასთან, დადასტურდა, რომ სადავო ავტომანქანა რ.ჯ-ისაგან იყიდა ა.ხ-მა, ხოლო 2008 წელს – ა.ხ-ან რ.ტ-მა, ანუ, ნასყიდობას ადგილი ჰქონდა კანონის მიღებამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლებზე მითითებით, კანონის უკუძალის მინიჭება 2004 წელს განხორციელებულ სამოქალაქო ურთიერთობაზე ზიანის მომტანი იქნებოდა მოსარჩელის, როგორც რეალური მესაკუთრისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე და განმარტა, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნივთის მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი მასზე საკუთრების წარმოშობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მხარეთა შორის რეალურად მოხდა სადავო ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. ასევე დადასტურდა, რომ შეთანხმებული თანხის გადაცემის შემდეგ, ა.ხ-მა, როგორც მესაკუთრემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ნივთი გადასცა შემძენს – მოსარჩელე რ.ტ-ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ფლობდა და განკარგავდა მას, როგორც მესაკუთრე.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მოძრავი ქონება – ავტომანქანა „ბმვ 525“, სახელმწიფო ნომრით ..., წარმოადგენდა რ.ტ-ის საკუთრებას.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მესამე პირი დაამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდენა აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ავტომანქანა, როგორც რ.ტ-ის საკუთრება, უნდა გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დაყადაღებული ავტომანქანა არის რ.ტ-ის საკუთრება. საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება. მოსარჩელე მხოლოდ მითითებით შემოიფარგლება, კერძოდ, იგი აცხადებს, რომ ავტომანქანა იყიდა დაახლოებით 2008 წელს, ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს. ამასთან, როგორც რ.ტ-ი განმარტავს, მან ნივთი შეიძინა არა რ.ჯ-ისაგან, არამედ ა.ხ-ან, თუმცა მითითებულ პირებს შორის ნივთის გადაცემის შესახებ შეთანხმება მარეგისტრირებელ ორგანოში არ დაფიქსირებულა. ამდენად, რ.ტ-მა სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერც ავტომანქანის შესყიდვის და ვერც რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, სასამართლო დაეყრდნო მარტოოდენ მოწმის ჩვენებას და აღნიშნა, რომ, მართალია, ავტომანქანა რ.ჯ-ის საკუთრებაა, მაგრამ მას ფაქტობრივად ფლობს რ.ტ-ი. აქედან გამომდინარე, სადავო ქონება ყადაღისაგან გათავისუფლდა, ეს იმ პირობებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს ქმედება სრულ შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან. უფრო მეტიც, სასამართლოს არ უმსჯელია ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2012 წლის 16 მაისის აქტზე, ასევე, ბრძანებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 25 აგვისტოს 077-4795 ბრძანებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება, საქმეზე №ას-914-954-2011).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე