№ას-739-695-2012 14 იანვარი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ტ. ტ. ს.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ტ. ტ. ს.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „პ.-ს“ მოსარჩელე შპს „ტ. ტ. ს.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6125.22 ლარის გადახდა (ტომი 2, ს.ფ. 106-111).
ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „პ.-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „ტ. ტ. ს.-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 2, ს.ფ. 120-137).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „პ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის (შპს „ტ. ტ. ს.-ის“) მიერ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და შპს „ტ. ტ. ს.-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს – შპს „ტ. ტ. ს.-ს“ დაევალა, შპს „პ.-ის“ სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარედგინა სააპელაციო პასუხი, მასვე განემარტა, რომ სააპელაციო პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში შეიძლებოდა მის წინააღმდეგ გამოსულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება შპს „ტ. ტ. ს.-ს“ სამჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ ორ სხვადასხვა მისამართზე, თუმცა გზავნილი მას ვერ ჩაბარდა მისამართის უსწორობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა ბოლო ჩაუბარებლობის დღიდან – 2011 წლის 30 ნოემბრიდან. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სააპელაციო პასუხი არ ყოფილა წარდგენილი.
სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო პასუხის წარუდგენლობის გამო დადგენილად ჩათვალა შემდეგი გარემოებები: მოსარჩელე შპს „ტ. ტ. ს.-ს“ ჯეროვნად არ განუხორციელებია გადაზიდვა; მოპასუხე შპს „პ.-ის“ ვალდებულება განისაზღვრებოდა მომსახურების ღირებულების (პროვიზიის) გადახდით, მოსარჩელემ კი ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა; 2679140 კგ. ხორბლის გადაზიდვა განხორციელდა დანაკარგით; ფოთის პორტში თბომავალ „ნ.-ადან“ ჩამოიტვირთა 21312 ტონით ნაკლები ხორბალი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთ დასახელებული ფაქტები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 730-ე, 369-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეს (აპელანტს) არ უნდა დაკისრებოდა იმ გადაზიდვის ღირებულების გადახდა, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე და 2321 მუხლების თანახმად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები (ტომი 3, ს.ფ. 21-24).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ტ. ტ. ს.-მა“, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (ტომი ІІІ, ს.ფ. 48).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით შპს „ტ. ტ. ს.-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
შპს „ტ. ტ. ს.-ს“ კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა შპს „პ.-ის“ სააპელაციო საჩივარი და 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც იგი გაფრთხილებულ იქნა 15 დღის ვადაში სააპელაციო პასუხის წარდგენის ვალდებულებასა და წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. დასახელებული გზავნილი შპს „ტ. ტ. ს.-ისათვის“ ჩაბარებულად ითვლებოდა 2011 წლის 30 ნოემბრიდან.
შპს „ტ. ტ. ს.-მა“ თავის მისამართად 2010 წლის 19 ოქტომბრისათვის წარდგენილ სააპელაციო შესაგებელში მიუთითა თბილისი, კ.-ას პირველი შესახვევის N33ა (ტომი 2, ს.ფ. 32), იგივე მისამართი დაფიქსირდა წარმომადგენლის მისამართად (ტომი 2, ს.ფ. 32). ანალოგიურ მონაცემებს შეიცავდა შპს „ტ. ტ. ს.-ის“ მიერ წარდგენილი სარჩელი (ტომი 1, ს.ფ. 1) და შესაგებელი (ტომი 1, ს.ფ. 170), ხოლო საქმეში არსებული მინდობილობიდან არ ირკვეოდა წარმომადგენლის ან მარწმუნებლის რეკვიზიტები (ტომი 1, ს.ფ. 53).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. თუ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2011 წლის 28 დეკემბრის ცვლილებამდე 73-ე მუხლის 11 მუხლი ითვალისწინებდა მხარისათვის გზავნილის პირველად გაგზავნისას ჩაუბარებლობის შემთხვევაში მის გაგზავნას დამატებით ერთხელ მაინც, ხოლო ცვლილების შემდეგ აღნიშნული დანაწესი გაერთიანდა 73-ე მუხლის პირველ ნაწილში. შესაბამისად, მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის გაგზავნისას იგი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება განმეორებით გაგზავნის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა მან გზავნილი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ტ. ტ. ს.-ს“ 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და შპს „პ.-ის“ სააპელაციო საჩივარი გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე – ქ.თბილისში, კ.-ას პირველი შესახვევის N33ა-ში, 2011 წლის 19 ოქტომბერსა და 2011 წლის 25 ნოემბერს, თუმცა გზავნილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ამ მისამართზე ადრესატი ვერ იძებნებოდა (ტომი 3, ს.ფ. 13-15, 19-20). ამდენად, მისთვის გზავნილი ჩაბარებულად ითვლებოდა 2011 წლის 25 ნოემბერს გაგზავნის საფუძველზე კურიერის მიერ ჩაბარების შეუძლებლობის თაობაზე ჩანაწერის განხორციელების დროიდან – 2011 წლის 30 ნოემბრიდან (ტომი 3, ს.ფ. 20).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, უზრუნველეყო გზავნილის ჩაბარება მხარის მიერ მითითებული სხვა რეკვიზიტების (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა) გამოყენებით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, შპს „ტ. ტ. ს.-ისათვის“ ჩასაბარებელი გზავნილის ხასიათიდან გამომდინარე სასამართლომ მართებულად მიიჩნია მიზანშეწონილად მისი მხარისათვის ფოსტის მეშვეობით ჩაბარება და ადრესატის მიერ მითითებული მისამართით ხელმძღვანელობა. შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად საჭირო მისამართის მითითების ვალდებულება მხარეებს ეკისრებათ საქმის წარმოების აღძვრისა თუ მასში ჩართვისას ნებისმიერი საპროცესო დოკუმენტის – სარჩელის, შესაგებლის, სააპელაციო საჩივრისა თუ სხვა დოკუმენტის წარდგენისას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 201-ე, 368-ე მუხლები). აღნიშნული ვალდებულების დადგენით უზრუნველყოფილია სასამართლო წარმოების შეფერხების თავიდან აცილება, მისი შეუსრულებლობის პირობებში მხარე თავის თავზე იღებს სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ცნობების დროულად მიუღებლობიდან გამომდინარე შედეგების დადგომის რისკს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეზე განხორციელებული გზავნილებიდან ირკვეოდა, შპს „ტ. ტ. ს.-ის“ წარმომადგენლის მიერ წარდგენილი სარჩელითა და შესაგებლებით მითითებული არ ყოფილა ორგანიზაციის მისამართი, ასეთი მისამართი – თბილისი, წ.-ის გზატკეცილი N25 (რომელზეც განხორციელდა ბოლო გზავნილის – დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარება) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი 2012 წლის 24 იანვრის ოქმით (საქმეში ასეთი მისამართი არ ფიქსირდებოდა, კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერსა და მინდობილობაში დაფიქსირებულია თბილისი, ვ.-ას 45 და ს.-ის ქუჩა, რომლებზეც გზავნილების ჩაბარება ასევე ვერ მოხერხდა - ტომი I, ს.ფ. 52-53, ტომი მე-3, ს.ფ. 16-18). ამდენად, შპს „ტ. ტ. ს.-ის“ სააპელაციო შესაგებლებსა და სარჩელში ამ ორგანიზაციის მისამართად მითითებული მისამართი – კ.-ას პირველი შესახვევის N33ა (ტომი 2, ს.ფ. 32, ტომი 1, ს.ფ. 1, ტომი 1, ს.ფ. 170) არასწორი იყო, რაც დასტურდებოდა ამ მისამართზე განხორციელებული გზავნილების ჩაუბარებლობის თაობაზე საფოსტო შეტყობინების ბარათებითა (ტომი 2, ს.ფ. 27-29, 58-61, 118, ტომი 1, ს.ფ. 72-73, 204-205, ტომი 3, 13-15, 19-20) და უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტით (ტომი 3, ს.ფ. 42). დასახელებულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება მთელი სამართალწარმოების განმავლობაში განხორციელდა ერთხელ – 2010 წლის 8 ივნისს, რა დროსაც გზავნილის მიმღებად დაფიქსირებულია ოფის-მენეჯერი ნ. გ.-ი, თუმცა ჩაბარება არ არის დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭდით, როგორც ეს ამ ორგანიზაციის მისამართზე გზავნილის ჩაბარებისას განხორციელდა (ტომი 1, ს.ფ. 579, ტომი 3, ს.ფ. 46). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს „ტ. ტ. ს.-ის“ წარმომადგენელს მის მიერ სასამართლოში შეტანილ არც ერთ დოკუმენტში არ მიუთითებია ორგანიზაციის მიმართი, იგი ორგანიზაციის მისამართად უთითებდა თავის მისამართს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მინდობილობის მიხედვით შპს „ტ. ტ. ს.-ის“ მისამართს სარჩელის აღძვრის დროისათვის წარმოადგენდა თბილისი, ს.-ის ქ.N40 (ტომი I, ს.ფ. 53), ორგანიზაციამ საქმის წარმოების განმავლობაში მისამართი შეიცვალა, კერძოდ, უბნის ინსპექტორის ოქმის მიხედვით, შპს „ტ. ტ. ს.-ის“ მისამართი 2012 წლის 24 იანვრისათვის არის თბილისი, დაბა წ.-ის N25 (ტომი მე-3, ს.ფ. 38). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას გზავნილი გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. 233–ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: 1. სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; 2. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარი. რამდენადაც დადგინდა, რომ ასეთი გარემოების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლად ჩათვალა და არ გაიზიარა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად ჩათვალა საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომლის მიხედვითაც, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ ამართლებდა მის მოთხოვნას. როგორც დადგინდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „პ.-ს“ შპს „ტ. ტ. ს.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6125 ლარის გადახდა, შემდეგი გარემოებების საფუძველზე: 2009 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებით შპს „ტ. ტ. ს.-მა“ იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა შპს „პ.-ის“ ტვირთის გადაზიდვა როსტოვიდან ფოთამდე, შემდეგ კი სადგურ ავჭალამდე და სადგურ რუსთავამდე; შპს „ტ. ტ. ს.-მა“ მოახდინა 2679140 კგ. ხორბლის ტრანსპორტირება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რომლის ღირებულებამაც, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობებით, შეადგინა 89009.74 ლარი; შპს „პ.-მა“ შპს „ტ. ტ. ს.-ს“ 89009.74 ლარიდან არ აუნაზღაურა 6125.22 ლარი; შპს „პ.-ის“ სააპელაციო საჩივრის მიხედვით კი, შპს „ტ. ტ. ს.-ის“ მიერ განხორციელებული გადაზიდვისას შპს „პ.-მა“ მიიღო 6125.22 ლარის ღირებულების ხორბლის დანაკლისი.
სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „პ.-ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება შპს „ტ. ტ. ს.-ის“ მიერ 6125.22 ლარის ღირებულების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, სამართლებრივად ამართლებდა მის პოზიციას, უარი ეთქვა ამ ღირებულების საპასუხო შესრულებაზე (ტომი 3, ს.ფ. 74-83).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ტ. ტ. ს.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად მითითებული გარემოება შპს „ტ. ტ. ს.-ისათვის“ სააპელაციო საჩივრის ასლის სამჯერ გაგზავნის და სამივე შემთხვევაში ჩაუბარებლობის თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან საქმის მასალებში მითითებულია როგორც შპს „ტ. ტ. ს.-ის“, ასევე წარმომადგენლის მისამართი, გარდა ამისა, მითითებულია ტელეფონის ნომრები და ელ.ფოსტის მისამართი. პირველი ინსტანციის სასამართლო სწორედ ამ მისამართებზე ახდენდა სასამართლო გზავნილების და უწყებების ჩაბარებას. კასატორისათვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მითითებულ მისამართზე უწყების სამჯერ ჩაუბარებლობასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ამავე მისამართზე ჩაბარდა მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული გარემოების გამო, მხარეს არ მიეცა სასამართლო განხილვაში მონაწილეობისა და შესაბამისი არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა. შედეგად, დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი. სააპელაციო სასამართლოს შეეძლო მხარისათვის გზავნილის ჩაბარება მისამართზე, მას ასევე შეეძლო გამოეყენებინა ტელეფონი ან ელექტრონული ფოსტა, რაც არ განუხორციელებია. საპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის სრული დაცვით და დავალიანება, რომელიც შპს „პ.-ს“ გააჩნია, გამომდინარეობს ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობიდან (ტომი 3, ს.ფ. 86-93).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ტ. ტ. ს.-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში სადავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერება. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუ სპეციალური წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვის მომწესრიგებელი ნორმებით, თუ საპროცესო კოდექსი სააპელაციო ინსტანციაში საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ ადგენს საქმის წარმოებისათვის სპეციალურ ნორმებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების წესებში არ არსებობს ნორმა, რომელიც განსაზღვრავს, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დამდგარ სამართლებრივ შედეგებს. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის სახით კანონმდებელი ადგენს დანაწესს, რომლითაც განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები, თუმცა ეს სხვა ურთიერთობაა და ამ ნორმას ვერ გავავრცელებთ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაზე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობისას ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობას ადგენს და მისი შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი. ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (სააპელაციო მოპასუხეს) კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სააპელაციო საჩივრის ასლი; ბ. იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგთან დაკავშირებით; ბ. სააპელაციო საჩივარში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას; გ. არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ უზრუნველყო სააპელაციო საჩივრის მისთვის ჩაბარება, რის გამოც შპს „ტ. ტ. ს.-ს“, როგორც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს, არ მიეცა საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ უზრუნველყო მისთვის სააპელაციო საჩივრის ჩაბარება, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დადგენილია, რომ შპს „პ.-ის“ სააპელაციო საჩივრისა და აღნიშნული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინების ასლები შპს „ტ. ტ. ს.-ს“ სამჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ ორ სხვადასხვა მისამართზე, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა (ტომი 3, ს.ფ. 13, 15, 16-18, 19-20). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი და 11 ნაწილები, ასევე ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე (სასამართლო შეტყობინების გაგზავნის დროს მოქმედი რედაქციით). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი სააპელაციო სასამართლომ გააგზავნა დამატებით ორჯერ, მათ შორის, იმავე და საქმეში არსებულ სხვა მისამართზე, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება მაინც ვერ მოხერხდა ერთ შემთხვევაში მოუძიებლობის (ტომი 3, ს.ფ. 16-18), ხოლო მეორე შემთხვევაში მისამართის უსწორობის გამო (19-20). ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა სააპელაციო სასამართლოს აძლევდა საფუძველს, გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1 და 72.2 მუხლები და მათზე დაყრდნობით სასამართლო გზავნილი შპს „ტ. ტ. ს.-ისათვის“ ჩაბარებულად ჩაეთვალა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილებას დაევალა ამავე სასამართლოს 2012 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შპს „ტ. ტ. ს.-ისათვის“ ჩაბარება, რის შემდგომაც საქმეში წარმოდგენილ იქნა ხსენებული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის 2012 წლის 27 იანვრის №111650 წერილი. წერილის თანახმად, შპს „ტ. ტ. ს.-ის“ ამჟამინდელი მისამართია: წ.-ის გზატკეცილი №25. ინსპექტორ-გამომძიებელმა წერილს თან დაურთო მის მიერ შედგენილი ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ს.-ის ქ.№40-ში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრის ინფორმაციით, შპს „ტ. ტ. ს.-ი“ დასახელებულ მისამართზე აღარ იმყოფება, იგი გადავიდა დაბა წ.-ში, №25-ში (ტომი 3, ს.ფ. 38-39). აღნიშნული, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმის წარმოების განმავლობაში შპს „ტ. ტ. ს.-ის“ მიერ მისამართის შეცვლის თაობაზე, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლიდან გამომდინარე, დამატებით საფუძველს წარმოადგენს სასამართლო გზავნილის შპს „ტ. ტ. ს.-ისათვის“ ჩაბარებულად მიჩნევისათვის. ხსენებული ნორმის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მისთვის შეტყობინება უნდა გაეგზავნა ტელეფონის მეშვეობით. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ტ. ტ. ს.-ისათვის“ ჩასაბარებელი გზავნილის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად მიიჩნია მიზანშეწონილად მისი მხარისათვის ფოსტის მეშვეობით ჩაბარება და ადრესატის მიერ მითითებული მისამართით ხელმძღვანელობა. შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად საჭირო მისამართის მითითების ვალდებულება მხარეებს ეკისრებათ საქმის წარმოების აღძვრისა თუ მასში ჩართვისას ნებისმიერი საპროცესო დოკუმენტის – სარჩელის, შესაგებლის, სააპელაციო საჩივრისა თუ სხვა დოკუმენტის წარდგენისას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 201-ე, 368-ე მუხლები). აღნიშნული ვალდებულების დადგენით უზრუნველყოფილია სასამართლო წარმოების შეფერხების თავიდან აცილება, მისი შეუსრულებლობის პირობებში მხარე თავის თავზე იღებს სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ცნობების დროულად მიუღებლობიდან გამომდინარე უარყოფითი შედეგების დადგომის რისკს.
კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი იყო კანონის სრული დაცვით და სადავო დავალიანება შპს „პ.-ს“ დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს შემდეგს: შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას არა მარტო სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი თვალსაზრისითაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პრეზუმფციასაც ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გაამართლებენ მასში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მიიჩნევა დამტკიცებულად და, თუ ისინი იურიდიულად ასაბუთებენ აპელანტის მოთხოვნას, სასამართლო დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო.
განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო თავისებურებებიდან გამომდინარე, შპს „პ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა არა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, კერძოდ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე შპს „პ.-ის“ ვალდებულება განისაზღვრებოდა მომსახურების ღირებულების გადახდით, მაგრამ, მოსარჩელემ ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 2679140 კგ. ხორბლის გადაზიდვა განხორციელდა დანაკარგით - ფოთის პორტში თბომავალ „ნ.-ადან“ ჩამოიტვირთა 21312 ტონით ნაკლები ხორბალი, რის გამოც მოსარჩელის მიერ განხორციელებული გადაზიდვისას შპს „პ.-მა“ მიიღო 6125.22 ლარის ღირებულების ხორბლის დანაკლისი (ტომი 2, ს.ფ. 120-137). სააპელაციო საჩივარში მითითებული ამ გარემოებების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სააპელაციო მოპასუხე შპს „ტ. ტ. ს.-ს“, მაგრამ, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო შესაგებელი არ წარადგინა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად (დამტკიცებულად) სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 369-ე, 730-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა ყველა წინაპირობა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ. ტ. ს.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე