Facebook Twitter

საქმე №ას-9-7-2013 17 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე, ლ. ხ.-ის განცხადების გამო, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისა და მემკვიდრეობის მიღების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად კი თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, მხარე, რომელიც წინასწარ, წერილობით განაცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო წესით. სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა კი გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას, ვინაიდან წერილობითი უარის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინება ვ. ნ.-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტის გაუქმების თაობაზე, რომლითაც დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ლ. ხ.-ის მიერ გ. ნ.-ის მემკვიდრეობის მიღების თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილია ვ. ნ.-ისა და ლ. ხ.-ის განცხადებები (ტ.I, ს.ფ.103-104), რომლებიც 2012 წლის 20 ნოემბრითაა დათარიღებული და რომელთა შინაარსიდანაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ორივე მხარე სრულად ეთანხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინებას და არ ასაჩივრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. პალატის ამ მოსაზრებას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. გამომდინარე აღნიშნული ნორმიდან, მხარეთა მიერ გასაჩივრებაზე წერილობითი უარის თქმის გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, რაც ლ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 370-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე