Facebook Twitter

№ას-98-93-2013 29 იანვარი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ რ. იშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ჯ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ც.-ე, ჯ. დ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჯ.-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში რ. ც.-ისა და ჯ. დ.-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ჯ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების 1.1; 1.2 და მეორე პუნქტები, კერძოდ, გაუქმდა გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც რ. ც.-ეს მ. ჯ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 22 000 აშშ დოლარი, ასევე დადგინდა დაკისრებული თანხის ამოღების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, ჯ. დ.-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, კერძოდ 301 კვ.მ. ფართის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ.ბათუმი, დასახლება კ.-ი, მიწის საკადასტრო კოდი №... იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, და მოპასუხე რ. ც.-ეს მოსარჩელე მ. ჯ.-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1083,72 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის 50 ლარის ოდენობით გადახდა დაეკისრა (მე-2 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ. ც.-ეს მ. ჯ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16 000 აშშ დოლარი. რ. ც.-ეზე დაკისრებული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მიზნით ჯ. დ.-ის საკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული ქონების, მდებარე ქ.ბათუმი, დასახლება კ.-ი, 301 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მიწის საკადასტრო კოდი №05.32.10.144 იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნა - არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჯ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კასატორ მ. ჯ.-ის წარმომადგენელი ს. შ.-ე (იხ. მინდობილობა ტ.II, ს.ფ. 14) ესწრებოდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, მ. ჯ.-ე არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2012 წლის 22 ნოემბერს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 12 დეკემბერი, ხოლო 30-ე დღე - 22 დეკემბერი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.

რაც შეეხება საქმეში არსებულ ს. შ.-ის განცხადებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაგზავნის მოთხოვნის თაობაზე (იხ.ტ.III, ს.ფ. 100), აღნიშნული ვერ ჩაითვლება მხარის მიერ საპროცესო კოდექსით დადგენილი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს სასამართლოსათვის მიმართვის ვადას - არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან. აღნიშნული მუხლი ასევე ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის (მისი წარმომადგენლის) სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებას გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით. გადაწყვეტილების ფოსტით გაგზავნის თაობაზე განცხადება კი კასატორის წარმომადგენელმა ს. შ.-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გაუგზავნა 2012 წლის 24 დეკემბერს (იხ. კონვერტი ტ.III, ს.ფ. 101).

შესაბამისად, გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 22 დეკემბერს და ამოიწურა 2013 წლის 11 იანვარს. საკასაციო საჩივარი კი ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 14 იანვარს (იხ. საფოსტო კონვერტი ტ.III, ს.ფ. 115), საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2013 წლის 14 იანვარი (იხ.ტ.III, ს.ფ.113), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როიშვილი