№ას-1399-1320-2012 3 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.პ-ი, ი.ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ.რ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ბ.რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ე-ის’’, თ. ვ-ის, მ.პ-ის, ი. დ-ის, ქ. დ-ის, მ. დ.ის, ამხანაგობა ,,ნ. 2005’-ის’, ი.ნ-სა და სხვების წინააღმდეგ და მოითხოვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სს „ბ.რ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.პ-მა და ი.ნ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მ.პ-სა და ი.ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით აპელანტებს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალათ დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის (არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5 000 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მის მიერ მიღებული 2012 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მათივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 5 დღით გაუგრძელდათ საპროცესო ვადა, ხოლო 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 3 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა, თუმცა, მათ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.პ-სა და ი.ნ-ის წარმომადგენელმა ო. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო აპელანტებმა იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, რითაც ფაქტობრივად არ მისცა საშუალება აღედგინათ დარღვეული უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ.პ-სა და ი.ნ-ის წარმომადგენელ ო. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით აპელანტებს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალათ დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის (არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5 000 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მის მიერ მიღებული 2012 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მათივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 5 დღით გაუგრძელდათ საპროცესო ვადა, ხოლო 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 3 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტ მ.პ-ს ჩაბარდა 2012 წლის 14 სექტემბერს, (იხ. ს.ფ. 143), ხოლო ორივე აპელანტის წარმომადგენელს, ადვოკატ ო. კ-ს – 2012 წლის 26 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 162).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 3-დღიანი ვადის დენა მ. პ-ის დაიწყო 2012 წლის 15 სექტემბერს და ამოიწურა 2012 წლის 18 სექტემბერს, ხოლო ი.ნ-ის დაიწყო 2012 წლის 27 სექტემბერს და ამოიწურა 2012 წლის 2 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, აპელანტებმა იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, რითაც ფაქტობრივად მათ არ მისცა საშუალება აღედგინათ დარღვეული უფლებები. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტთა მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, რაც მათი სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი გახდებოდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებმა დაკარგეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ.პ-სა და ი.ნ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.პ-სა და ი.ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე