Facebook Twitter

№ას-1402-1323-2012 3 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ტ.კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ.კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა და საიჯარო ქირის დაკისრება.

მ.კ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა, გაწეული მომსახურების, სარემონტო სამუშაოების ღირებულებისა და გადახდილი საიჯარო ქირის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ტ.კ-სა და მ.კ-ეს შორის შეწყდა 2009 წლის 30 ივნისს დადებული იჯარის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით; მოპასუხე მ.კ-ეს ტ. კ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა საიჯარო ქირა 7200 ლარი, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე ტ. კ-ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება ტრაქტორი K-701 და გადაეცა ტ.კ-ეს; მ.კ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.06.2012 წლის საოქმო განჩინებით დამტკიცდა მორიგება მ.კ-სა და ტ.კ-ეს შორის და 2012 წლის 6 ივლისს აღნიშნულ განჩინებაზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

2012 წლის 3 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ.კ-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.06.2012 წლის განჩინების აღსრულების შეჩერება იმ მოტივით, რომ კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად საგრძნობლად დაზარალდა მისი მეურნეობა, განადგურდა საცხოვრებელი სახლი, ფერმა, ვენახი და პირუტყვი, რამაც შეუშალა ხელი ვალის გადახდას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2-012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მ.კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განჩინების აღსრულება გადაიდო სამი თვის ვადით შემდეგი დასაბუთებით: პალატამ მიიჩნია, რომ აღსრულების შეჩერების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნა შინაარსობრივად ფასდებოდა აღსრულების გადადების თაობაზე მოთხოვნად. საქმეში წარმოდგენილი კ-ის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სოფელ კ-ში მცხოვრები მ.კ-ე მიეკუთვნებოდა სტიქიით დაზარალებულ ოჯახს და ირიცხებოდა სახელმწიფო დახმარების სიაში (ტ.II, ს.ფ.79).

კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიმართვით პალატამ დადგენილად მიიჩნია,რომ 2012 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით მ.კ-ის დავალიანება კრედიტორ ტ.კ-ის მიმართ შეადგნდა 4 173,28 ლარს (ტ.II, ს.ფ.83).

პალატამ მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა განმცხადებლისათვის სტიქიური უბედურებით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც წარმოადგენდა მხარის სწორედ იმ ქონებრივ მდგომარეობას, რაც შეიძლება შეფასებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებულ აღსრულების გადადების საფუძვლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ.კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაედო სტიქიური უბედურება, რამაც გამოიწვია მ.კ-ის მატერიალური სიკეთის განადგურება, რომლის გამოც თითქოსდა იგი ვერ შეძლებდა ფულადი ვალდებულების შესრულებას, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სტიქიურ უბედურებამდე, ჯერ კიდევ 2012 წლის 5 მაისიდან აღნიშნული განჩინებით ეკისრებოდა მორიგების პირობების შესრულება, რომელსაც თავს არიდებდა, რის გამოც წარმოებულ იქნა იძუელბითი აღსრულება, რა დროისთვისაც სტიქიური უბედურება არ არსებობდა, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს არ დაუდგენია თუ რა ოდენობის ზიანი განიცადა მ.კ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორი განჩინების გაუქმებას მოითხოვა იმ საფუძვლითაც, რომ სასამართლომ განჩინების მთლიანი აღსრულების შეჩერებით შელახა მისი უფლებები, ვინაიდან მ.კ-ეს არამარტო ფულადი ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი, არამედ დაკისრებული ჰქონდა მისი კუთვნილი ტრაქტორის დაბრუნება უკანონო მფლობელობიდან, რაც დღემდე არ შეუსრულებია. აღნიშნული განჩინებით კი, მისი დაბრუნების აღსრულებიაც შეჩერდა, რადგან ტრაქტორის დაბრუნებას ვერანაირად ვერ შეუშლიდა ხელს სტიქიური უბედურება.

2012 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ტ.კ-ემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 05.06.2012 წლის საოქმო განჩინების სარეოზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული მორიგების პირობის განმარტება, ხოლო 2012 წლის 16 ოქტომბერს აღნიშნული განცხადების განხილვის მიზნით გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინების სარეოზოლუციო ნაწილის განმარტება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ტ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მორიგების შესახებ განჩინების აღსრულების გადავადებას როგორც ფულადი ვალდებულების შესრულების, ისე ტრაქტორის დაბრუნების ნაწილში.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ტ. კ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინებისა (მორიგების თაობაზე) და ამავე სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე.

აღნიშნული განცხადების განხილვისას 2012 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მ.კ-ემ განმარტა, რომ მოითხოვა რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.06.2012წ. განჩინების აღსრულების გადადება, მორიგების პირობების შინაარსიდან გამომდინარე, გულისხმობდა მისი აღსრულების გადადებას მხოლოდ ფულადი ვალდებულების შერულების ნაწილში. სააპელაციო პალატა დაეყრდნო რა მტკიცებულებას მ.კ-ის სტიქიის შედეგად დაზარალების შესახებ, ასევე კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მომართვას მ.კ-ის დარჩენილი შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების თაობაზე, 17.09.2012წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობდა სწორედ ფულადი ვალდებულების შესრულების აღსრულების გადადების საკითხზე, შესაბამისად, ორივე მხარემ გამოავლინა ნება ასევე განმარტებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.09.2012წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი იმგვარად, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.06.2012წ. განჩინების აღსრულება გადაიდო მხოლოდ ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში (16:46:33 - 16:47:52).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლიის შესაბამისად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე,ვინაიდან ორივე მხარე დაეთანხმა შუამდგომლობას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.06.2012 წლის განჩინების 1.3. პუნქტისა და ამავე სასამართლოს 17.09.2012 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე, განცხადება დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით აღმოიფხვრა კერძო საჩივარში დაყენებული მოთხოვნები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს დავის საგანი, რის გამოც ტ. კ.ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ.კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე