Facebook Twitter

№ას-1415-1334-2012 3 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ-ი, გ.ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.ტ-ემ და მ. ს-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ.გ-სა და გ.ნ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით დ.ტ-სა და მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ.ტ-ემ და მ. ს-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით აპელანტებს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 1560 ლარის ოდენობით სოლიდარულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

2012 წლის 11 ივლისს დ.ტ-ის წარმომადგენელმა რ. რ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ აპელანტები, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, რის გამოც მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად, ხოლო დ.ტ-ეს, იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე თანდართულ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ცნობაში, დ.ტ-ე აღნიშნული არ იყო, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დ.ტ-ის სააპელაციო საჩიავრი დარჩა განუხილევლად სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ტ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო მას არ ჰქონდა რეალური შესაძლებლობა ბაჟის გადახდისა, სასამართლომ კი, არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და არ შეუწყო მხარეს ხელი ისეთი საპროცესო გარემოებებით, როგორციაა სახელმწიფო ბაჟის გადავადება ან მისი გადახდისაგან გათავისუფლება, რის თაობაზეც მათ არაერთხელ დააყენეს შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ დ.ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით აპელანტებს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 1560 ლარის ოდენობით სოლიდარულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებებით მ.ს-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად, ხოლო დ.ტ-ეს, იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე თანდართულ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ცნობაში დ.ტ-ე აღნიშნული არ იყო, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტ დ.ტ-ის წარმომადგენელ რ. რ-ეს, კერძოდ, მის მეუღლეს ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2012 წლის 18 სექტემბერს, (იხ.ტ.2,ს.ფ. 192).სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 19 სექტემბერს და ამოიწურა 2012 წლის 28 სექტემბერს.

სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების ან გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის 2 ოქტომბერს, რაც ცხადყოფდა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა დაარღვია ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ.ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე