Facebook Twitter

საქმე №ას-1482-1398-2012 14 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – 1.ზ. ჯ.-ე (მოსარჩელე)

2. რ. გ.-ის უფლებამონაცვლე მ. გ.-ი (მოპასუხე)

მესამე პირი – გ. გ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – 1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, რ. გ.-ის უფლებამონაცვლედ მ. გ.-ის ცნობა

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჯ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. გ.-ის მიმართ მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოთხოვისა და მათთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობის აღკვეთის, აგრეთვე, მოპასუხისათვის სასაზღვრო მიჯნაზე არსებული ჭიშკრის აღების დავალების მოთხოვნით.

მოპასუხე რ. გ. -მა სარჩელი არ ცნო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჯ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ჯ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. გ. -ს მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად დაევალა ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გათავისუფლება უკანონო მფლობელობიდან და საჩხერეში, რ.-ის ქ.№4-ში მდებარე ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გზად გამოყენება, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ. ჯ.-ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მან მოითხოვა რ. გ.-ისათვის სასაზღვრე მიჯნაზე არსებული ჭიშკრის აღების დავალდებულება.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 2 აპრილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ რ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების გამო.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებებით მიმართა ზ. ჯ.-ემ ამავე სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტებისა და რ. გ.-ის უფლებამონაცვლედ მისი ოჯახის წევრების (მეუღლე ა. ა.-ის, შვილების: მ., გ. და მ. გ. -ების) ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამ გადაწყვეტილებით მოპასუხე რ. გ.-ი დავალდებულდა „მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად გაათავისუფლოს ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონო მფლობელობიდან და აღიკვეთოს მათი მხრიდან საჩხერეში, რ.-ის ქ№4-ში ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენება გზად“. იმის გამო, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა ნებაყოფლობით შეესრულებინა აღნიშნული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროს წარედგინა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალედ მიეთითა რ. გ.-ი, აღმასრულებელმა კრედიტორს განუმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი იყო ბუნდოვანი, რადგან არ დგინდებოდა თუ ვის გულისხმობდა სასამართლო რ. გ.-თან ერთად მცხოვრებ პირებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელმა მოითხოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტება იმგვარად, რომ სასამართლოს მიეთითებინა, თუ ვინ იგულისხმებოდა რ. გ.-თან ერთად მცხოვრებ პირებში. მოვალის უფლებამონაცვლედ ცნობის განცხადებაში ზ.ჯ.-ემ აღნიშნა, რომ მოვალე რ. გ.-ი გარდაიცვალა. რ. გ.-ის გარდაცვალების შემდეგ მან რამდენჯერმე სთხოვა ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებს, მიეღოთ მემკვიდრეობა რ. გ.-ის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, რაზეც რ. გ.-ის ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს მიერ რ. გ.-ის უფლებამონაცვლის დადგენა, კერძოდ, რ. გ.-ის უფლებამონაცვლეებად მისი ოჯახის წევრების: მეუღლე ა. ა.-ის, ასევე შვილების: მ. , გ. და მ. გ.-ების მიჩნევა, ასევე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომელშიც მოვალეებად მითითებული იქნებოდნენ რ. გ.-ის უფლებამონაცვლეები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ზ. ჯ.-ის განცხადება უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ზ. ჯ.-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, განიმარტა შემდეგნაირად: „დავალდებულდეს რ. გ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ყველა პირი გაათავისუფლოს ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონო მფლობელობიდან და აღიკვეთოს მათი მხრიდან საჩხერეში, რ.-ის ქ№4-ში ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენება გზად“. სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. გ.-ი გარდაიცვალა, მაგრამ მისი დანაშთი სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღია მის არც ერთ მემკვიდრეს, საქმეში არ მოიძებნებოდა დამამტკიცებელი საბუთი (რეზო გ.-ის მემკვიდრეების მხრიდან სამკვიდროს მიღება ან ფაქტობრივი ფლობით ან სანოტაროში ორგანოში განცხადების წარდგენით) და არც განმცხადებელი უარყოფდა, რომ რ. გ.-ის სამკვიდრო მის არც ერთ დარჩენილ მემკვიდრეს არ მიუღია, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედგინა რ. გ.-ის უფლებამონაცვლე. განმცხადებლის განმარტებით, თუკი სასამართლო დააკმაყოფილებდა განცხადებას გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, ისინი უარს განაცხადებდნენ განცხადებაზე რ. გ.-ის უფლებამონაცვლის ცნობის თაობაზე, რადგან ამის აუცილებლობა აღარ იქნებოდა. აღნიშნული კი სასამართლომ უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების თაობაზე განცხადებასთან მიმართებით სასამართლომ ჩათვალა, რომ ის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი მიიჩნია ბუნდოვნად. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში აღნიშნული იყო, რომ ,,4. დავალდებულდა რ. გ.-ი მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად გაათავისუფლოს ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონო მფლობელობიდან და აღიკვეთოს მათი მხრიდან საჩხერეში, რ.-ის ქ№4-ში ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწი ნაკვეთის გამოყენება გზად”. აღმასრულებელმა ზ. ჯ.-ეს განუმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი იყო ბუნდოვანი, რადგან წინადადებაში: ,,დავალდებულდეს რ. გ.-ი მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად...“ ვერ დგინდებოდა, თუ ვის გულისხმობდა სასამართლო რ. გ.-თან ერთად მცხოვრებ პირებში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი უნდა განმარტებულიყო შემდეგნაირად: „დავალდებულდეს რ. გ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ყველა პირი გაათავისუფლოს ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონო მფლობელობიდან და აღიკვეთოს მათი მხრიდან საჩხერეში, რ.-ის ქ№4-ში მდებარე ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენება გზად“.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ჯ.-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება შემდეგი სახით: „დაევალოს რ. გ. -ს მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან: მეუღლესთან - ა. ა.-თან და შვილებთან - მ., გ. და მ. გ.-ებთან ერთად გაათავისუფლოს ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონო მფლობელობიდან და აღიკვეთოს მათი მხრიდან საჩხერეში, რ.-ის ქN4-ში ზ. ჯ.-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენება გზად“, კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა აწ გარდაცვლილი რ. გ.-ის უფლებამონაცვლედ შვილის - მ. გ.-ის ცნობა შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მხარეს უფლებამონაცვლის დადგენაზე, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ განმცხადებელს არ წარუდგენია მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ რ. გ.-ი 2012 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა, გარდაცვალების რეგისტრაცია 30 აპრილს განხორციელდა, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად კი, მემკვიდრეები სამკვიდრო მოწმობის მიღებას მხოლოდ 2012 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ შეძლებდნენ (სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ), აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ. ჯ.-ემ კერძო საჩივარს დაურთო რ. გ.-ის სამკვიდროს მ. გ.-ის მიერ მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება - სამკვიდრო მოწმობის ასლი.

სააპელაციო პალატამ მართალია გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა სასამართლოს განმარტება არ შეესაბამება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს, სასამართლოს ამჯერადაც არ მიუთითებია იმ პირთა ვინაობა, ვინც გადაწყვეტილებით დადგენილ მოვალეს წარმოადგენს. სასამართლოს განმარტების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, კვლავ შეუძლებელი გახდება მისი აღსრულება, რადგანაც მოვალეების კონკრეტულად მითითება სააღსრულებო ფურცელში შეუძლებელი იქნება, არ ირკვევა, თუ ვის გულისხმობდა სასამართლო „ყველა პირში“. ამასთანავე, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ გადაწყევტილების განმარტების შემთხვევაში განმცხადებელი უარს აცხადებდა უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ მოთხოვნაზე, რადგანაც, რეალურად, მხარემ, აღნიშნა, რომ განცხადებაში მითითებული სახით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტების შემთხვევაში რ. გ.-ის უფლებამონაცვლეების დადგენის აუცილებლობა აღარ იარსებებდა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი მოთხოვნა განპირობებულია იმითაც, რომ გარდაცვლილი რ. გ.-ის მემკვიდრეთა შორის სამკვიდროს შემდგომი გასხვისებისა თუ დავის წამოწყების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება კვლავ ვერ მოხერხდება, რადგანაც თითოეული ახალი მესაკუთრისა თუ თანამესაკუთრის მიმართ სავალდებულო გახდება ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა. აღნიშნული მოსაზრება ზ.ჯ.-ემ იმ გარემოებასაც დაამყარა, რომ სამკვიდროს მიღების თხოვნით ნოტარიუსს მხოლოდ ერთმა მემკვიდრემ მიმართა, რაც შესაძლოა წილების განაწილების თაობაზე ახალი დავის წამოწყების საფუძველიც კი გახდეს.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე ასევე შეიტანა კერძო საჩივარი რ. გ.-ის სავარაუდო უფლებამონაცვლე მ. გ.-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო პალატამ განმარტა ამავე სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი გადაწყვეტილების განმარტებას ითვალისწინებს იმგვარად, როდესაც არ იცვლება მისი სარეზოლუციო ნაწილი, მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებით, პრაქტიკულად, ახალი რედაქციით ჩამოაყალიბა იგი, რის გამოც გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, სხვა პირების მიმართ გამოიტანა. ის ფაქტი, რომ რ. გ.-ი გარდაცვლილია, სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის და მისი სხვა პირების მიმართ გამოტანის შესაძლებლობას არ აძლევს. მოპასუხის გარდაცვალების პირობებში, ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა ითვალისწინებდა უფლებამონაცვლეობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო საქმის წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე შეეჩერებინა. ამასთანავე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი არ იყო ბუნდოვანი და მისი დათქმა რ. გ. -თან მცხოვრებ პირებზე მიუთითებდა არა სარეზოლუციო ნაწილის ახლებური რედაქციით ჩამოყალიბებაზე, არამედ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტის მითითების აუცილებლობაზე. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ მხარე იყო ვალდებული მიეთითებინა უფლებამონაცვლეობის ფაქტზე, რის დაუდგენლადაც სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, განემარტა გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ზ. ჯ.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მ. გ.-ი ცნობილ იქნა რ. გ.-ის უფლებამონაცვლედ, ხოლო 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით რ. გ.-ის უფლებამონაცვლე მ. გ.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უფლებამონაცვლის დადგენის მოთხოვნის ნაწილში ზ. ჯ.-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, დანარჩენ ნაწილში კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რ. გ.-ის უფლებამონაცვლე მ. გ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ. გ.-ის სავარაუდო უფლებამონაცვლე მ. გ.-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გარდაცვლილი რ. გ.-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა მ. გ.-ი. სასამართლომ მიუთითა ზ. ჯ.-ის მიერ კერძო საჩივარზე დართულ 2012 წლის 5 ნოემბრით დათარიღებულ სამკვიდრო მოწმობაზე, რომლის თანახმადაც მ. გ.-მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა, სრულად მიიღო 2012 წლის 28 აპრილს გარდაცვლილი რ. გ.-ის სამკვიდრო, ნოტარიუსისათვის კი, სხვა მემკვიდრეს არ მიუმართავს. აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლებამონაცვლეობის დადგენისათვის საკმარის საფუძვლად მიიჩნია.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, პრაქტიკულად, დაკმაყოფილდა ზ. ჯ.-ის კერძო საჩივარი უფლებამონაცვლის დადგენის მოთხოვნის ნაწილში, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დავის საგანი აღარ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად, 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღარ არსებობს ზემოაღნიშნულ ნაწილში ზ. ჯ.-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობის კვლევის წინაპირობები დავის საგნის არარსებობის მოტივით, პალატა თვლის, რომ უფლებამოსილია, რ. გ.-ის უფლებამონაცვლის დადგენის მოთხოვნის ნაწილში ზ. ჯ.-ის კერძო საჩივარზე შეწყვიტოს წარმოება.

საქმის სხვა გარემოებებთან მიმართებაში საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. ჯ.-ემ 2010 წლის 9 სექტემბერს წარდგენილი სარჩელით მოპასუხედ დაასახელა რ. გ.-ი და სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნაწილში ჩამოაყალიბა შემდეგი ფორმულირებით: „დაავალდებულოთ მოპასუხე რ. გ.-ი მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად გაათავისუფლოს ჩემი კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონო მფლობელობიდან, აღიკვეთოს მათი მხრიდან საჩხერეში, რ.-ის ქN4 ჩემი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენება გზად“.

უდავოა, რომ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მოსარჩელეს არ დაუზუსტებია იმ პირთა წრე, რომლებიც მოპასუხესთან ერთად ახორციელებდნენ მოსარჩელის საკუთრების უკანონო ხელშეშლას.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საქმის არც პირველი და არც ზემდგომი ინსტანციის წესით განხილვისას მოპასუხედ რ. გ.-თან ერთად სხვა პირი არ დასახელებულა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით სარჩელი სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილდა, კერძოდ, ხელშეშლა აეკრძალა მოპასუხე რ. გ. -სა და მასთან ერთად მცხოვრებ პირებს.

გადაწყვეტილების სადავო პუნქტის განმარტებას განმცხადებელი მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და მიუთითებს მის ბუნდოვანებაზე, დასახელებული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება ექვემდებარე მხოლოდ გადაწყვეტილების სუბიექტების შეუცვლელად, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილებას სხვა სუბიექტებიც დაექვემდებაროს. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მყარ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა მოპასუხის დაზუსტების აუცილებლობა (იხ. სუსგ Nას-1057-1087-2011, 3 იანვარი, 2012 წელი), კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ასევე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც გარანტირებულია სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენება.

იმ ვითარებაში, როდესაც სარჩელი არ არის განხილული განცხადებაში მითითებული რ. გ.-ის მეუღლისა და შვილების მიმართ, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ პირთა გადაწყვეტილებაში მითითების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რაც ზ. ჯ.-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი, უშუალოდ მიმართულია მასში დასახელებული პირების მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). ის, მართალია, შესასრულებლად სავალდებულოა ყველა პირისათვის, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ამა თუ იმ სამართლებრივი სიკეთის კრედიტორი არის პირი, რომლის სასარგებლოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, ხოლო მოვალე - რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული გადაწყვეტილება. საყურადღებოა, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის დაწყებისას თუ ვის მიმართ რა მოთხოვნა დააყენოს და სასამართლო სარჩელში მითითებული პირთა წრის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას დავაზე. ზემოაღნიშნული კი განაპირობებს იმას, რომ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი უშუალოდ ვრცელდება მხოლოდ გადაწყვეტილების სუბიექტურ ფარგლებზე - მის სუბიექტებზე.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ზ. ჯ.-ის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებით განმარტა გადაწყვეტილება და „მოპასუხესთან ერთად მცხოვრები პირები“ განსაზღვრა „მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ სახლში მცხოვრები პირებით“. საკასაციო პალატა აღნიშნული განმარტების შესწავლის შედეგად ეთანხმება ზ. ჯ.-ის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნიდან არ გამომდინარეობს, თუმცა ამ ვითარებისა და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობები, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს. აღნიშნული თავისთავად მოწმობს რ. გ.-ის უფლებამონაცვლე მ. გ.-ის კერძო საჩივრის ნაწილობრივ საფუძვლიანობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი, საკასაციო პალატა თვლის, რომ შეფასებას აღარ ექვემდებარება მ. გ.-ის კერძო საჩივრის მითითება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლების არარსებობის გამო, კერძო საჩივრების ავტორების მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ზ. ჯ.-ეს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. გ.-ის უფლებამონაცვლის დადგენის მოთხოვნის ნაწილში ზ. ჯ.-ის კერძო საჩივარზე შეწყდეს წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო. ზ. ჯ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. რ. გ.-ის უფლებამონაცვლე მ. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და ზ. ჯ.-ეს უარი ეთქვას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტებაზე. კერძო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე