№ას-1524-1438-2012 21 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლ.ფ-ე, ე.გ-ი, თ.მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - დროებითი ამხანაგობის სახელით დადებული გარიგებისა და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ლ.ფ-ის, ე.გ-სა და თ.მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 1996 წლის 10 აპრილს გაფორმებული დამფუძნებელი ხელშეკრულებისა და 1996 წლის 11 აპრილის ქ. თბილისის ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ გაცემული №23/756-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ივლისის გადაწყვეტიელბით ნ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მან გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბიილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ნ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2012 წლის 2 ივლისს, რომლის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ნ.ფ-ის წარმომადგენელ ხ. გ-ის ცნობილი იყო, რაც ცხადყოფდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2012 წლის 1 აგვისტოს და ამოიწურა 2012 წლის 15 აგვისტოს, შესაბამისად, აპელანტს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჰქონდათ 2012 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარი ფოსტის საშუალებით სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 26 სექტემბერს ანუ გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ფ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ.ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მზაობის შესახებ შეტყობინებისა და მხარისათვის გაგზავნის ვალდებულება სასამართლოს იმ შემთხვევაში აქვს, თუ გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირი ზემოდასახელებული მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმის საფუძველზე და გაფრთხილების ხელწერილით დგინდება, რომ ნ.ფ-ის წარმომადგენელ ხ. გ-ის ცნობილი გახლდათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, რაც დასტურდება გაფრთხილების ხელწერილზე მისი პირადი ხელმოწერით (ტ.5, ს.ფ. 218-220, 227, 229).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებინდა 30-ე დღეს – 2012 წლის 1 აგვისტოს და ამოიწურა 2012 წლის 15 აგვისტოს, შესაბამისად, აპელანტს გადაწყვეტიელბის გასაჩივრების უფლება ჰქონდათ 2012 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალების თანახმად, აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 26 სექტემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რომლის აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, სააპელაციო სასამართლომ ნ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ.ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე