№ას-1531-1434-2012 25 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ.ზ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ. №1 ჩ ქ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ.ზ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ბ. №1 ჩ. ქ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 27 499 ლარის დაკისრება იმ მოტივით, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა მასალების: ცემენტის, ალიბასტრის, საღებავის, მუყაოს ყუთების, ბენზინის, გამონაცვალი ბორჯომის ბოთლების ტარის, არმარტურის, მეტლახისა და ელექტრო „ტელფერის“ მიწოდებასთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ გადასახდელ თანხას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით კ.ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.ზ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით კ.ზ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 10 ოქტომბერს 14:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2012 წლის 8 ოქტომბერს აპელანტის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, ავადმყოფობის გამო საქმის განხილვის გადადების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობაზე თანდართული ცნობით არ დასტურდებოდა, რომ კ.ზ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო 2012 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ვინაიდან აღნიშნულ ცნობაში ასახული იყო მხოლოდ ის ფაქტი, რომ კ. ზ-ე 2012 წლის 26 ოქტომბერს იმყოფებოდა ამბოლატორიულ გასინჯვაზე, ხოლო ის გარემოება, რომ მას 2012 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით დაენიშნა მკურნალობა, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაენიშნა წოლითი რეჟიმი და გადაადგილება არ შეეძლო, დასახელებული ცნობით არ დასტურდებოდა. ამდენად, ვინაიდან კ.ზ-ის შუამდგომლობა არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სასამართლოს მიერ დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ.ზ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ იგი მოპასუხის მიზეზით დაინვალიდებულია ინსულტით და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას, დანიშნული აქვს ამბოლატრიული მკურნალობა, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კ.ზ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. ამასთან, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით კ.ზ-ე სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, ვინაიდან იგი მოპასუხის მიზეზით დაინვალიდებულია ინსულტით და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას, დანიშნული აქვს ამბოლატორიული მკურნალობა, რასაც დაურთო სამიდიცონო ცნობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებანი საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება და წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება ისეთი გარემოება, რომელიც 2012 წლის 10 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე კერძო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობას ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა. კერძო საჩივარზე დართული ცნობა არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს აპელანტის წარმომადგენლის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. წარმოდგენილ ცნობაში სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის, მით უფრო, რომ აღნიშნულ ცნობაში მითითებულია ის გარემოება, რომ კ.ზ-ე ამბოლატურიულ განყოფილების ნერვოლოგიურ ცენტრში გასინჯვაზე იმყოფებოდა 2012 წლის 19 ნოემბერს, რაც ვერ მიიჩნევა 2012 წლის 10 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული მოტივი სასამართლო პროცესზე კ.ზ-ის გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას.
ზემოაღშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ.ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე