Facebook Twitter

საქმე №ას-1566-1469-2012 21 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ს.-შ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს.-შ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.-ის“ მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, კერძოდ, სს „თ.-ისათვის“ შვილის – ბ. შ.-ის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის 15000 აშშ დოლარის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიყენებული მორალური ზიანის – 15000 აშშ დოლარის, მატერიალური ზიანის – 12000 აშშ დოლარის, ასევე მკურნალობისათვის გაწეული და სამომავლოდ გასაწევი ხარჯების ანაზღაურება.

მოპასუხე სს „თ.-მა“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 8 ივნისს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ ბ. შ.-ის გარდაცვალება წარმოადგენდა სს „თ.-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგს, რითაც ნ. ს.-შ.-ეს მიადგა მორალური ზიანი, ასევე დადგინდა, რომ ნ. ს.-შ.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენს სს „თ.-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგს, რითაც ნ. ს.-შ.-ეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.

საქალაქო სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილება სს „თ.-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი სასამართლოების მიერ, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა წინასწარი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ ბ. შ.-ის გარდაცვალება წარმოადგენდა სს „თ.-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგს, რითაც ნ. ს.-შ.-ეს მიადგა მორალური ზიანი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ბ. შ.-ის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით სს „თ.-ის“ საკასაციო საჩივარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ.-ი“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ ნ. ს.-შ.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენდა სს „თ.-ის“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგს, რითაც ნ. ს.-შ.-ეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) და ნ. ს.-შ.-ისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ნ. ს.-შ.-ისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 7 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ნ. ს.-შ.-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების გამო, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწვეტილებით ნ. ს.-შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა სასამართლო ხარჯები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. ს.-შ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის წესი და ვადები, ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2012 წლის 27 სექტემბერს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 17 ოქტომბერი, ხოლო 30-ე დღე - 27 ოქტომბერი, ანუ მხარეს შეეძლო მითითებულ პერიოდში სასამართლოში გამოცხადება და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდებოდა, რომ ნ. ს.-შ.-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 22 ოქტომბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა 2012 წლის 5 ნოემბერს. აპელანტმა საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 6 ნოემბერს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ს.-შ.-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით (იხ. 2013 წლის 8 იანვრის განცხადება, კერძო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება):

თავდაპირველად წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარემ მიუთითა სს „თ.-ის“ ბრალით გაჩენილი ხანძრის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესებაზე, ასევე მის რთულ ქონებრივ მდგომარეობაზე, რის გამოც მას არ აქვს შესაძლებლობა ადვოკატის მეშვეობით დაიცვას მისი უფლებები, სწორედ ამ მიზეზის გამო საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი მხარემ წარადგინა დაგვიანებით, ავადმყოფობის გამო მან ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრის სათანადოდ შედგენა და მოითხოვა აღნიშნულის საპატიოდ მიჩნევა, მოგვიანებით მხარემ წარმოადგინა განცხადება, სადაც მიუთითა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობებზე, ასევე წარმოადგინა მტკიცებულებები, 2012 წლის 21 დეკემბერს კერძო საჩივრის ავტორმა კვლავ მომართა სასამართლოს და წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც სადავოდ ხდიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებას, მოითხოვა ამ გადაწყვეტილების, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს მხარემ დაურთო არაერთი მტკიცებულება, მოგვიანებით მხარემ კვლავ მომართა სასამართლოს საქმეზე მტკიცებულებების წარდგენის მიზნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინებით ნ. ს.-შ.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს.-შ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა 2012 წლის 27 სექტემბერს.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე ნ. ს.-შ.-ე.

საქმის მასალებით დასტურდება და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პრეტენზია ან მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია, რომ ის არ განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით ან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.

გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა უპირობოდ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2012 წლის 17 ოქტომბერი, ხოლო 30-ე დღე - 27 ოქტომბერი.

გასაჩივრებული განჩინებითა და საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ ხელწერილით დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 22 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის დაცვით, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2012 წლის 6 ნოემბერს, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-15 დღეს.

ზემოაღნიშნული გარემოებები კერძო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი, უფრო მეტიც, ნ. ს.-შ.-ე თავდაპირველად წარდგენილი კერძო საჩივრით (განცხადებით) ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას და ჯანმრთელობის, ასევე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ამ ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევას მოითხოვს, რაც ვერ იქნება გაზიარებული, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო პალატა დადგენილად მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოებების შესაბამისად, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სადავო არ არის ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაგზავნის წინაპირობები არ არსებობდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო მხარის მიერ გადაწყუვეტილების ჩაბარების დღის მე-2 დღეს - 2012 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა 5 დეკემბერს, მხარემ კი სააპელაციო საჩივარი ამ ვადის დარღვევით წარადგინა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი განუხილველად დატოვების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე ნ. ს.-ა შ.-ის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მხარე მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მისი წინმსწრები, საკასაციო პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით გაუქმებული 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პირობები, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. საყურადღებოა, რომ მხარე საკასაციო წესით ასაჩივრებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც მოქმედი კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საფუძვლიანობა შეფასებულია საკასაციო სასამართლოს მიერ, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ეტაპზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს ნ. ს.-შ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის უფლებამოსილი განსახილველად მიიღოს საკასაციო საჩივარი.

რაც შეეხება ნ.ს.-შ.-ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს (2012 წლის 10 დეკემბრის განცხადებაზე დართული მასალები 105 ფურცლად და 1 CD დისკი, 2012 წლის 21 დეკემბერს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 35 ფურცლად, 2012 წლის 31 დეკემბრის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 27 ფურცლად), საკასაციო პალატა თვლის, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღინიშნა შეზღუდულია კონკრეტული, კანონით განსაზღვრული ფარგლებით და არ არის უფლებამოსილი შეფასება მისცეს ამ ფარგლებს მიღმა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს.-შ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ნ. ს.-შ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 მარტისა და 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებებზე დარჩეს განუხილველად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. ნ. ს.-შ.-ეს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: 2012 წლის 10 დეკემბრის განცხადებაზე დართული მასალები 105 ფურცლად და 1 CD დისკი, 2012 წლის 21 დეკემბერს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 35 ფურცლად, 2012 წლის 31 დეკემბრის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 27 ფურცლად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე