საქმე №ას-1593-1496-2012 14 იანვარი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ი.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ლ. ბ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ი.-ის მიმართ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ი.-ისათვის საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ 2009 წლის 13 მაისის N034-2009 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხით კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ი. ი.-ის სახელზე რეგისტრირებული და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მარნეულის სოფელ დ.-ში მდებარე 10 ჰა მიწის ნაკვეთი და მარნეულის სოფელ დ.-ში მდებარე 10 ჰა მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ი. ი.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
პალატის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1560 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალა, რისთვისაც განესაზღვრა 7 დღის ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან. 2012 წლის 28 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ი. ი.-მა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სრულად გათავისუფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ი. ი.-ს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა და დამატებით განესაზღვრა 7 დღე. აპელანტს განემარტა, რომ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად. 2012 წლის 8 ნოემბერს ი. ი.-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ითხოვდა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რასაც 2012 წლის 28 სექტემბრის განცხადებაში უთითებდა, კერძოდ, რომ სს „დ.-ის“ მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ი. ი.-ს 2010 წელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი - გაუფუჭდა ბანკიდან აღებული სესხით მოყვანილი პროდუქტი და არის გადახდისუუნარო. აღნიშნულ განცხადებასა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში, სააპელაციო პალატამ 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის შეუძლებლობას, ხოლო ახალი მტკიცებულება აპელანტს არ წარუდგენია. სასამართლომ მიუთითა საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისადაც ი. ი.-ს სს „დ.-ის“ წინააღმდეგ მიმართულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჰქონდა 2000 ლარი, რაც პალატამ აპელანტის შუამდგომლობის უსაფუძვლობის დამადასტურებელ გარემოებად ჩათვალა, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ი.-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
გასაჩივრებული განჩინება უკანონო, დაუსაბუთებელია, რადგანაც სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მისი ოჯახის რთულ მატერიალურ მდგომარეობას ადასტურებდა, რომ აპელანტი, ფაქტობრივად, დაზარალებულია საქმეზე, რის გამოც მიმდინარეობს დავა. სანოტარო წესით დამოწმებული, აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ი. ი.-ის ოჯახი 10 წევრისაგან შედგება, რომელთაგან არც ერთი არ არის დასაქმებული, აპელანტს გაუფუჭდა მოსავალი, რომელიც ბანკიდან აღებული აგროსესხით იყო მოყვანილი, აღნიშნულის გამო მსესხებელს გააჩნია ბანკის დავალიანება, სს „დ.-მა“, რომელიც ამჟამად გაკოტრებულია, დაარღვია მემორანდუმით გათვალისწინებული აგროსესხით მოყვანილი მოსავლის შესყიდვის პირობა, ბანკის სესხის გამო, იპოთეკითაა დატვირთული ი. ი.-ის უძრავი ქონება და მას დამხმარე მუშახელისათვის გადასახდელი თანხაც არ გააჩნია. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა რუსთავის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციის ცნობა აპელანტის დავალიანების თაობაზე, სამედიცინო ცნობები მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის დ.-ის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა ი. ი.-ის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით სასამართლოს აპელანტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგნ უნდა გაეთავისუფლებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ი. ი.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ი.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ი.-მა სააპელაციო საჩივრით სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შუამდგომლობა მხარეს სათანადო მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია და აღნიშნა, რომ მტკიცებულებებს წარადგენდა სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს, მართალია, არ შეუფასებია აღნიშნული შუამდგომლობა, თუმცა აპელანტს განუსაზღვრა საპროცესო ვადა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის და დაავალა სახელმწიფო ბაჟის სახით 1560 ლარის გადახდის ქვითრის სასამართლოში წარდგენა.
საპროცესო ვადის დაცვით ი. ი.-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს მიუთითა მის მძიმე ფინანსურ მდგომარეობასა და გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე მას, სს „დ.-სა“ და სს „ლ. ბ.-ს“ შორის არსებულ გარიგებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. ამჯერად, აპელანტმა შუამდგომლობას დაურთო მტკიცებულებები: მარნეულის მუნიციპალიტეტის დ.-ის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა ი. ი.-ის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, ამავე ტერიტორიული ერთეულის მცხოვრებთა მიერ შედგენილი აქტი, სადაც ასევე აღნიშნულია აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა, ენდოკრინოლოგიური ცენტრის ცნობის ასლი ი. ი.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო პალატამ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები და ჩათვალა, რომ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან, მხარეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ი. ი.-ის სახელით მისმა წარომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით კვლავ მიუთითა ის გარემოებები, რაც სასამართლომ 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით არ გაიზიარა.
აღნიშნული მტკიცებულებებისა და მხარის განცხადებების შინაარსის შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით წარდგენილი შუამდგომლობები შინაარსობრივად ანალოგიურია, კერძოდ, ანალოგიურია შუამდგომლობის საფუძველი, რაც სასამართლომ ერთხელ შეაფასა და, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უარი ეთქვა მხარეს მის დაკმაყოფილებაზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მხოლოდ ამ მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნები. საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ადასტურებს სასამართლოს უფლებას, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში მხარე მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას ამყარებდა შემდეგ მტკიცებულებებზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის დ.-ის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობზე ი. ი.-ის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, ამავე ტერიტორიული ერთეულის მცხოვრებთა მიერ შედგენილ აქტზე, სადაც ასევე აღნიშნულია აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა, ენდოკრინოლოგიური ცენტრის ცნობის ასლზე ი. ი.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებები არ განამყარებს სასამართლოს რწმენას აპელანტის ქონებრივი მდგომაროების თაობაზე მათი არასაკმარისობის გამო (არ არის წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების არარსებობისა თუ მათზე თანხის არარსებობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე მტკიცებულება, რომ მხარეს სხვა უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია და სხვა), შესაბამისად, მხოლოდ მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები მხარის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას არ განსაზღვრავდა, მას კი ამ კუთხით მეტად სარწმუნო მტკიცებულება არ წარუდგენია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.
თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არც მეორე მხარის უფლებები შეილახოს.
საკასაციო პალატა ამ მიმართებით ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადამხდელუნარიანობას, ასევე განხილვების სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა(see Kreuz, cited above, §§ 58 and 60). უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის (Weissman and Others, cited above, § 36) (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს მისი ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ი.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის სარწმუნო მტკიცებულებები არ წარუდგენია, ამასთანავე, არც სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედება შეუსრულებია (არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ ქონებრივი მდგომარეობისა (რაც მხარემ სათანადოდ ვერ დაასაბუთა) და ჯანმრთელობის გაუარესების (ამ საფუძვლით შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს) გათვალისწინებით არსებობდა მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ დგინდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ი.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია