Facebook Twitter

საქმე №ას-1678-1574-2012 21 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ი. უ. ქ.-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „თ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ი. უ. ქ.-ის“ მიმართ ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2012 წლის 20 ივლისს, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის შეუტანლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს „თ.-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, სს „ი. უ. ქ.-ას“ სს „თ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2093,17 ლარის გადახდა, ამავე სასამართლოს 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით კი, სს „ი. უ. ქ.-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სს „ი. უ. ქ.-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს განჩინების ასლის გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში დაავალა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. სს „ი. უ. ქ.-ას“ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2012 წლის 8 ნოემბერს და 2012 წლის 9 ნოემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის მენეჯერ გ. კ.-ს, რაც დასტურდებოდა გზავნილის ჩაბარების შეტყობინების ბარათზე მითითებული ხელმოწერითა და პირადი ნომრით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის სამუშაო ადგილზე გაგზავნილი უწყება (განჩინება) უნდა ჩაბარდეს ორგანიზაციის კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემს. ასეთ შემთხვევაში, ჩაბარება დასტურდება მიმღების ხელმოწერით. ორგანიზაციის მისამართზე გაგზავნილი გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საჭიროა, მისი მიღება დასტურდებოდეს საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. კორესპონდენციის მიღებისათვის პირდაპირ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს კანცელარიის თანამშრომელი, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს, ორგანიზაციის სხვა თანამშრომლის მიერ კორესპონდენციის მიღებისას ეს უკანასკნელი ჩაითვალოს უფლებამოსილ პირად. პალატის მტკიცებით, ამავე მუხლის ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ პირი, რომელიც ორგანიზაციის სახელით, ორგანიზაციის მისამართზე გამოხატავს კორესპონდენციის მიღების ნებას და აღნიშნული ქმედების მართლზომიერებას ხელმოწერით დაადასტურებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონტექსტში ითვლება „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს“. მოცემულ შემთხვევაში, გზავნილის მიმღები - მენეჯერი, გ. კ.-ი სასამართლომ სწორედ ასეთად მიიჩნია, ვინაიდან მან გზავნილის მიღებით დაადასტურა, რომ გააჩნდა ამგვარი უფლებამოსილება. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენლის მიერ მითითებული აპელანტის მისამართი, სისწორის თვალსაზრისით, ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და საწინააღმდეგოს დადასტურებამდე არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მხარე უზრუნველყოფს სასამართლოდან მიღებული ნებისმიერი შეტყობინებისა თუ კორესპონდენციის სათანადოდ მიღება-ჩაბარებას. პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და, ვინაიდან, 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2012 წლის 9 ნოემბერს, მისთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შვიდდღიანი ვადის დენის დასაწყისი განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს - 2012 წლის 10 ნოემბერს დაუკავშირა, ხოლო საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა ამოიწურა 2012 წლის 16 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი. აპელანტის წარმომადგენელმა, ა. ქ.-ემ განცხადება ხარვეზის გამოსწორების შესახებ სასამართლოში წარადგინა 3 დღის დაგვიანებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობად მიიჩნია.

პალატამ ასევე განმარტა, რომ საპროცესო ვადის დარღვევით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორება ადასტურებდა მხარის ინტერესს სააპელაციო საჩივრის მიმართ, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, საპროცესო ნორმის დარღვევით შესრულებული მოქმედების ნამდვილად მიჩნევით, ირღვეოდა მეორე მხარის საპროცესო უფლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ი. უ. ქ.-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი დასაბუთებით:

ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინება სს „ი. უ. ქ.-ის“ ხელმძღვანელმა 2012 წლის 10 ნოემბერს მიიღო, შესაბამისად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადა 2012 წლის 17 ნოემბერს იწურებოდა. აპელანტმა დადგენილი ხარვეზი 2012 წლის 19 ნოემბერს გამოასწორა, რადგანაც ვადის უკანასკნელი დღე - 17 ნოემბერი იყო დასვენების დღე, შაბათი, ხოლო მომდევნო პირველი სამუშაო დღე იყო სწორედ ორშაბათი - 19 ნოემბერი. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქვითრითა და აპელანტის წარმომადგენლის განცხადებით. საყურადღებოა, რომ დავის მიმართ აპელანტს იურიდიული ინტერესი გააჩნია, რაც ასევე დადასტურებულია მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით სს „ი. უ. ქ.-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ი. უ. ქ.-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია შემდეგი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ აპალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სს „ი. უ. ქ.-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით და აპელანტს ამომწურავად განესაზღვრა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2012 წლის 8 ნოემბერს სს „ი. უ. ქ.-ას“ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭ.-ის გამზირი N39.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეტყობინა, გზავნილში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა ორგანიზაციის მენეჯერ გ. კ.-ს 2012 წლის 9 ნოემბერს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების გაგზავნისას, როდესაც შეტყობინება უშუალოდ ორგანიზაციას ეგზავნება, შეტყობინება უნდა ჩაბარდეს: ა) კანცელარიას, ბ) ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, გ) პირს, რომელიც შეტყობინებას ადრესატს გადასცემს, დ) მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კანონით განსაზღვრული სუბიექტებიდან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების გადაცემას კანონი მის ნამდვილობას უკავშირებს, რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვება.

კერძო საჩივრის ანალიზით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „ი. უ. ქ.-ას“ 2012 წლის 9 ნოემბერს მენეჯერ გ. კ.-ისათვის (უფლებამოსილი პირისათვის) შეტყობინების გადაცემა სადავოდ არ გაუხდია, არამედ მიუთითა საზოგადოების ხელმძღვანელისათვის შეტყობინების 2012 წლის 10 ნოემბერს გადაცემის ფაქტზე და სწორედ აღნიშნულს დაუკავშირა საპროცესო ვადის დენის დასაწყისი, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგანაც, მართალია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ვინაობა, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მენეჯერისათვის შეტყობინების ჩაბარება სწორედ უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებას წარმოადგენს, რაც საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 10 ნოემბერს და ამოიწურა სამუშაო დღეს, პარასკევს - 16 ნოემბერს, საქმის მასალებით კი დასტურდება და კერძო საჩივარშიც ანალოგიურადაა აღნიშნული, რომ მხარემ საპროცესო მოქმედება 2012 წლის 19 ნოემბერს განახორციელა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის, ხოლო 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობა იყო.

რაც შეეხება მხარის იურიდიული ინტერესის არსებობასა თუ მის ნამდვილობას, საკასაციო პალატა ამ მიმართებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ შეჯიბრებითობის, ასევე მხარეთა თანასწორობის პრინციპების დაცვით, მხოლოდ იურიდიული ინტერესის ნამდვილობა, მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მისთვის ხელსაყრელი შედეგის მიღწევის საშუალებად ვერ იქნება განხილულული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტმა საპროცესო ვადის დარღვევით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და, ბუნებრივია, ამავე ვადის დარღვევით წარუდგინა ის სასამართლოს, ამასთან, რადგანაც გასაჩივრებული განჩინებით სასამართლოს არ უმსჯელია ამ ხარჯების თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ წინამდებარე განჩინებით სს „ი. უ. ქ.-ას“ სრულად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივრის გამო ა. ქ.-ის (სს „ი. უ. ქ.-ის“) მიერ 2012 წლის 19 ნოემბრის N50 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არსებითად სწორი განმარტებით უთხრა უარი სს „ი. უ. ქ.-ას“ სააპელაციო საჩივრის დაშვებაზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ი. უ. ქ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. სს „ი. უ. ქ.-ას“ დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივრის გამო ა. ქ.-ის (სს „ი. უ. ქ.-ის“) მიერ 2012 წლის 19 ნოემბრის N... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტში (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე