საქმე №ას-48-45-2013 24 იანვარი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. მ.-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე, სს „ბ. კ.-ას“ სარჩელის გამო, ი/მ ზ. ჯ.-ის, მ. მ.-ისა და დ. ჯ.-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით დასტურდება რომ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სს „ბ. კ.-ას“ წარმომადგენელ კ. ქ.-ის სარჩელი, რომლითაც შეწყვეტილ იქნა 2009 წლის 27 ნოემბერს სს „ბ. კ.-ასა“ და ი/მ ზ. ჯ.-ეს შორის გაფორმებული №23-14-922-000016 გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ და 2009 წლის 30 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმებული №23-14922-000443 შემადგენელი სასესხო ხელშეკრულებები. მოპასუხეებს: ი/მ ზ. ჯ.-ეს, მ. მ.-ეს და დ. ჯ.-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი – 466.88 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 6761.70 აშშ დოლარი და 20125.65 აშშ დოლარი.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნათ მხარეებს, მათ შორის მ. მ.-ესაც და ჩაბარადა მის მეუღლეს ზ.ჯ.-ეს (ტ. I, ს.ფ.83-84).
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მხოლოდ ზ. ჯ.-ემ, მაგრამ 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ი/მ ზ. ჯ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2012 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ჯ.-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ზ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის, დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ზ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება გაეგზავნათ მხარეებს, უშუალოდ მ. მ.-ეს სასამართლომ ოთხჯერ გაუგზავნა განჩინება, მაგრამ არცერთხელ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ საქმეში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მ. მ.-ემ შემოიტანა კერძო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლითაც განმარტებულია დისპოზიციურობის პრინციპი, დასახელებული ნორმის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია რომ მხარეები სარგებლობენ უფლებით საკუთარი სურვილის შესაბამისად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული კი თავის მხრივ ნიშნავს მხარის თავისუფლებას ისარგებლოს თუ არა, გამოიყენოს თუ არა თავის საპროცესო უფლება. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. მ.-ემ არ შეიტანა საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რითაც მან უარი თქვა თავისი უფლების განხორციელებაზე და ამით ფაქტიურად ცნო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. გამომდიანრე აქედან, მის ნაწილში პირველი ინსტანციის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება რომ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. მ.-ეს გაეგზავნა და ჩაბარდა მის მეუღლეს ზ. ჯ.-ეს 2012 წლის 30 აგვისტოს (ტ.I, ს.ფ.84), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებიდან გამომდინარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადა გავიდა 2012 წლის 10 სექტემბერს. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. მ.-ის ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 10 სექტემებრს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მ. მ.-ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუხდია სადავოდ საჩივრით, ხოლო შემდეგ სააპელაციო საჩივრით, ეს უკანასკნელი სააპელაციო წარმოების სუბიექტს აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი არ წარმოადგენს პირს, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა განჩინებზაე შეეტანა კერძო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე