№ა-4834-გან-3-2012 21 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ თბილისის სააღსრულებო ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე _ დ.ჯ. მ-ი
განჩინება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
1. ნებას რთავს ცოლ-ქმარ დ. მ-სა და ი. მ-ს იცხოვრონ ცალ-ცალკე ორი წლის ვადით, ანუ 2012 წლის 31 ოქტომბრამდე;
2. ნებას რთავს ი. მ-ს დაიბრუნოს თავისი ტანსაცმელი, აგრეთვე პირადი დოკუმენტები და ნივთები.
3. აცხადებს, რომ დ. მ-ი მონაწილეობას მიიღებს მეუღლის რჩენაში, 3000 ფრანკის ოდენობის ყოველთვიური ალიმენტის რეგულარულად გადახდით. თანხას ხელზე გადაუხდის ი. მ-ს, წინასწარ, ყოველი თვის პირველ რიცხვში, აღნიშნული თარიღით დაწყებული, ანუ 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
4. აცხადებს ცოლ-ქმარ დ. მ-სა და ი. მ-ს ქონების გამიჯვნის რეჟიმს, დაუყოვნებლივ აღსრულებით.
5. არ აკმაყოფილებს მხარეების არცერთ სხვა, ან შემდგომ მოთხოვნებს.
6. აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია მოსაკრებლისა და სასამართლო ხარჯების გარეშე.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 22 სექტემბერს და შვეიცარიის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, დ. მ-მა გადაიხადა მხოლოდ 2009 წლის დეკემბრის თვის ალიმენტი.
ი. მ-მა მიმართა შვეიცარიაში ვოდის კანტონში (შუამდგომლობის ავტორი საცხოვრებელი ადგილი 2009-2010წწ.) „სარჩოს/ალიმენტის გადახის აღსრულებისა და ავანსების გაცემის ოფისს“ (BRAPA), რომელიც სარჩოსა და ალიმენტების გადახდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უფასო აღსრულებას ახორციელებს, სადაც დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ ცხრა თვის საალიმენტო თანხაზე, კერძოდ, 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 31 იანვრამდე.
ი. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
2012 წლის 8 ოქტომბერს ი. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-ემ წარმოადგინა დაზუსტებული შუამდგომლობა და მოითხოვა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების განხორციელების მომენტამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში, 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების განხორციელების მომენტამდე, დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ-ს დაევალა მეუღლის რჩენაში მონაწილეობის მიიღება, 3000 ფრანკის ოდენობის ყოველთვიური ალიმენტის რეგულარულად გადახდით. თანხას ხელზე გადაუხდის ი. მ-ს, წინასწარ, ყოველი თვის პირველ რიცხვში, აღნიშნული თარიღით დაწყებული, ანუ 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
2012 წლის 20 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმსრულებელმა გ. გ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მისი სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვნად მიიჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმსრულებელ გ. გ-ის განცხადება შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების საკითხს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. ამ ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ შეიძლება განმარტოს მხოლოდ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ხოლო მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტებას, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმსრულებელ გ. გ-ის განცხადება უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმსრულებელ გ. გ-ის განცხადება შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე