Facebook Twitter
#as-110-389-08

№ა-2376-შ-52-2012 28 იანვარი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. შ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. შ.-ი

განხილვის საგანი – გერმანიის ქ.ვისბადენის სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი განყოფილების 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.ვისბადენის სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი განყოფილების 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 1998 წლის 28 აგვისტოს ქ.ბენსხაიმის მმაჩის განყოფილების მიერ მხარეებს – ნ. შ.-სა და ფ. შ.-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომერი 140).

ნ. შ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით ნ. შ.-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

2013 წლის 23 იანვარს ნ. შ.-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, რომლითაც მან უარი თქვა ხსენებულ შუამდგომლობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი, ხოლო 399-ე მუხლის თანახმად, საქმის (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის) განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებული ნორმების დანაწესები უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის მიმართაც.

მოცემულ შემთხვევაში ნ. შ.-მა შუამდგომლობაზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ნ. შ.-მა უარი განაცხადა შუამდგომლობის განხილვაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე წარმოება უნდა შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. შ.-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება საქმეზე ნ. შ.-ის შუამდგომლობისა გამო გერმანიის ქ.ვისბადენის სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი განყოფილების 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ;

3. განემარტოს მხარეს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე