საქმე №ა-2877-შ-61-2012 14 იანვარი, 2013 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ნ. ქ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ჰ. ჯ. ა.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც
მხარე მოითხოვს - გერმანიის პირმასენსის სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის პირმასენსის სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ქ.-ესა და ჰ. ჯ. ა.-ს შორის დანიაში ტონდერის მმაჩის ბიუროში 2009 წლის 3 დეკემბერს რეგისტრირებული №6760/2009 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
ნ. ქ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა პირმასენსის სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების (№1F 9/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივლისის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ჰ. ჯ. ა.-ი სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილი შესახებ.
დადგენილ ვადაში უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. ქ.-ის წარმომადგენელმა ე. წ.-ამ და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გონივრულად გაგრძელება, რადგან მხარეს უნდა გამოეთხოვა სათანადო მტკიცებულება გერმანიის ფედერაციიდან და უნდა ეთარგმნა სამართალწარმოების ენაზე, რაც საჭიროებდა დამატებით დროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივლისის განჩინებით ნ. ქ.-ეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის. დადგენილ ვადაში ნ. ქ.-ის წარმომადგენელმა ე. წ.-ამ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა პირმასენსის სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომლიდანაც დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ჰ. ჯ. ა.-ი სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილი შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ნ. ქ.-ის შუამდგომლობა მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ქ.-ის შუამდგომლობა გერმანიის პირმასენსის სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების (№1F 9/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის პირმასენსის სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით (№1F 9/12) ნ. ქ.-ესა და ჰ. ჯ. ა.-ს შორის დანიაში ტონდერის მმაჩის ბიუროში 2009 წლის 3 დეკემბერს რეგისტრირებული №6760/2009 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 23 თებერვალს, ასევე დასტურდება, რომ მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ მის განხილვაში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
გერმანიის პირმასენსის სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება (№1F 9/12) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ქ.-ის შუამდგომლობა გერმანიის პირმასენსის სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების (№1F 9/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის პირმასენსის სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება (№1F 9/12), რომლითაც ნ. ქ.-ესა და ჰ. ჯ. ა.-ს შორის დანიაში ტონდერის მმაჩის ბიუროში 2009 წლის 3 დეკემბერს რეგისტრირებული №6760/2009 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე