Facebook Twitter

საქმე # ა-4688-შ-87-2012 11 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ე. გ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ.-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის დალასის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის დალასის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. გ.-სა და ნ. ბ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2008 წლის 24 ოქტომბერს და აღსრულდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ე. გ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის დალასის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ე. გ.-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის დალასის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

2013 წლის 3 იანვარს ნ. ბ.-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის დალასის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. ნ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის დალასის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. გ.-სა და ნ. ბ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2008 წლის 24 ოქტომბერს და აღსრულდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამასთან, ნ. ბ.-ემ წარმომადგინა თანხმობა იმის თაობაზე, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის დალასის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ.-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის დალასის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის დალასის საოლქო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. გ.-სა და ნ. ბ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე