Facebook Twitter

საქმე №ა-4751-შ-95-2012 3 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს. ლ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ.-ი

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების მესამე სასამართლო ოლქში, უტაჰის შტატის სოლქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აშშ-ის მესამე სასამართლო ოლქში უტაჰის შტატის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილებით გ. ნ.-ის მოთხოვნა მოპასუხე ს. ლ.-ესთან განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა მეუღლეთა ვალების გასტუმრების საკითხი, ხოლო ქონება განაწილდა მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.

სასამართლოს აპოსტილით დამოწმებული დადგენილების თანახმად, მოპასუხე საქმის განხილვას არ დასწრებია, თუმცა ირკვევა, რომ ის ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, რადგანაც მან ხელი მოაწერა და სასამართლოს ჩააბარა წერილობითი დასტური პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით.

ამავე დადგენილებით ირკვევა, რომ დადგენილება საბოლოოა და ძალაში შედის სასამართლოს მიერ ხელმოწერისთანავე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, ს. ლ.-ე საქართველოს მოქალაქეა, რაც ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ს. ლ.-ის შუამდგომლობა აშშ-ის მესამე სასამართლო ოლქში უტაჰის შტატის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ს. ლ.-ის შუამდგომლობა აშშ-ის მესამე სასამართლო ოლქში უტაჰის შტატის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აშშ-ის მესამე სასამართლო ოლქში უტაჰის შტატის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილებით გ. ნ.-ის მოთხოვნა მოპასუხე ს. ლ.-ესთან განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა მეუღლეთა ვალების გასტუმრების საკითხი, ხოლო ქონება განაწილდა მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.

სასამართლოს აპოსტილით დამოწმებული დადგენილების თანახმად, მოპასუხე საქმის განხილვას არ დასწრებია, თუმცა ირკვევა, რომ ის ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, რადგანაც მან ხელი მოაწერა და სასამართლოს ჩააბარა წერილობითი დასტური პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით.

ამავე დადგენილებით დასტურდება, რომ ის საბოლოოა და ძალაში შედის სასამართლოს მიერ ხელმოწერისთანავე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, ს. ლ.-ე საქართველოს მოქალაქეა, რაც ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, აშშ-ის მესამე სასამართლო ოლქში უტაჰის შტატის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ლ.-ის შუამდგომლობა აშშ-ის მესამე სასამართლო ოლქში უტაჰის შტატის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აშშ-ის მესამე სასამართლო ოლქში უტაჰის შტატის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის დადგენილება, რომლითაც გ. ნ.-ის მოთხოვნა მოპასუხე ს. ლ.-ესთან განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე