საქმე №ას-1-1-2013 21 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. კ.-ის წარმომადგენელ ც. დ.-ის დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – შ. შ.-ის სარჩელის გამო, ნ. კ.-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ.-ის წარმომადგენელ ც. დ.-ის 2013 წლის 14 იანვარს №ა-130-13 განცხადებაზე დართული დაზუსტებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. დადგენილი საპროცესო ვადის შემდეგ წარმოდგენილი საჩივარი და საბუთები კი განუხილველად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 იანვრის განჩინებით ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო. გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით ნ.კ.-ის საკასაციო საჩივარზე სამართალწარმოება დასრულდა 2013 წლის 11 იანვარს. განსახილველი №ა-130-13 განცხადება დაზუსტებულ საკასაციო საჩივართან ერთად კი კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოში შემოიტანა 2013 წლის 14 იანვარს, რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამასთან, ნ. კ.-ს უნდა დაუბრუნდეს ნ. ტ.-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 20 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. კ.-ის წარმომადგენელ ც. დ.-ის განცხადებაზე დართული დაზუსტებული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად. კასატორ ნ. კ.-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. ტ.-ის მიერ 2012 წლის 20 დეკემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე