Facebook Twitter

საქმე №ას-526-836-09 14 იანვარი, 2013 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ა. უ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. დ.-ე

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. დ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და თ. უ.-ეების, ჟ. ხ.-ის, ქ.ბათუმის ნოტარიუსების - ლ. ჭ.-ა და ხ. კ.-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებებსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.ბათუმის ნოტარიუს ო.ჭ.-ის მიერ 1999 წლის 23 აპრილს დამოწმებულ ხ. კ.-ასა და ა. უ.-ეს შორის დადებულ სახლთმფლობელობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და ქ.ბათუმში, შ.-ის ქ№16-ში საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის ოდენობად მიეთითა 910 კვ.მ, ხოლო ნოტარიუს ლ. ჭ.-ი მიერ 2003 წლის პირველ დეკემბერს დამოწმებულ თ. გ.-სა და თ. უ.-ეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ქ.ბათუმში, შ.-ის ქ№16-ში თ. გ.-ის საკუთრებად მიეთითა 910 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ.ბათუმში, შ.-ის ქ№16-ში არსებულ საკუთრების მონაცემებში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, გაუქმდა თ. გ.-ის, შემდეგ თ. უ.-ისა საკუთრებაში გამოყოფილი 302 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღრიცხვა და ა. უ.-ის, თ. უ.-ის, ჟ. ხ.-ისა და გ. დ.-ის საერთო საკუთრებად მიეთითა 910 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. და თ. უ.-ეების წარმომადგენელმა დ. შ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინებით გ. დ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქალაქ ბათუმში, შ.-ის ქუჩა №16-ში მდებარე ა. უ.-ის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებას, რაც შეადგენს მთლიანი სახლთმფლობელობის 3/11-ე ნაწილს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაცული საქმე №3/ბ-149-2008წ., ა. და თ. უ.-ეების სააპელაციო საჩივრის გამო, გადაეცა განსჯად სამოქალაქო საქმეთა პალატას. ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით თ. უ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით ა. უ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ქ.ბათუმის ნოტარიუს ო. ჭ.-ის მიერ 1999 წლის 23 აპრილს დამოწმებულ ხ. კ.-ასა და ა. უ.-ეს შორის დადებულ სახლთმფლობელობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში და ქ.ბათუმში, შ.-ის ქ№16-ში საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის ოდენობად მიეთითა 910 კვ.მ მიწა, ასევე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა შესწორების შეტანა ქ.ბათუმში, შ.-ის ქ№16-ში არსებულ საკუთრების მონაცემებში და თ. უ.-ის, ა. უ.-ის, ჟ. ხ.-ისა და გ. დ.-ის საერთო საკუთრებად მიეთითა 910 კვ.მ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. უ.-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. უ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. დ.-ის სარჩელი ა. უ.-ის მიმართ 1999 წლის 23 აპრილის ხ. კ.-ასა და ა. უ.-ეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2012 წლის 12 ნოემბერს ა. უ.-ის წარმომადგენელმა ვ. ლ.-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინებით (№3ბ-149) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქალაქ ბათუმში, შ.-ის ქუჩა №16-ში მდებარე ა. უ.-ის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებას, რაც შეადგენს მთლიანი სახლთმფლობელობის 3/11-ე ნაწილს (იხ. ტ. II, ს.ფ.23-26). ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაცული საქმე №3/ბ-149-2008წ., ა. და თ. უ.-ეების სააპელაციო საჩივრის გამო, გადაეცა განსჯად სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე № ას-526-836-09), ა. უ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. დ.-ის სარჩელი ა. უ.-ის მიმართ 1999 წლის 23 აპრილის ხ. კ.-ასა და ა. უ.-ეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

განმცხადებელი მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით გ. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. განსახილველ შემთხვევაში კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე № ას-526-836-09) გ. დ.-ის სარჩელი ა. უ.-ის მიმართ 1999 წლის 23 აპრილის ხ. კ.-ასა და ა. უ.-ეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, დასაბუთებულია განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. უ.-ის წარმომადგენელ ვ. ლ.-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის განჩინებით (№3ბ-149) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, მოეხსნას ყადაღა ქალაქ ბათუმში, შ.-ის ქუჩა №16-ში მდებარე ა. უ.-ის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებას, რაც შეადგენს მთლიანი სახლთმფლობელობის 3/11-ე ნაწილს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე