Facebook Twitter

№ას-1036-971-2012 3 იანვარი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ე. ქ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ.-ი, შ. ო.-ე (მოპასუხები)

მესამე პირი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საავტორო უფლების დაცვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ქ.-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი. მ.-ის, შ. ო.-ის, ი. ზ.-ისა და ინდ. მეწარმე გ. ღ.-ის მიმართ და მოითხოვა საავტორო უფლების დაცვა შემდეგი დასაბუთებით: ე.ქ.-ე და მ. გ.-ე არიან ავტორები ნაწარმოების „საგამოცდო ტესტები აბც კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად“. აღნიშნული ნაწარმოები არსებობს ობიექტური ფორმით, როგორც „კრებული“ და მოიცავს მეთოდური წესით განლაგებულ მასალას. აღნიშნული კრებული, როგორც ინტელექტუალური შრომის ნაყოფი, დაცულია საავტორო სამართლით. ნაწარმოები შეიქმნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და გამოქვეყნდა 2008 წლის მარტში, თუმცა კრებული უფრო ადრეა შექმნილი და დეპონირებული საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში. აღნიშნული კრებულით უკანონოდ ისარგებლეს მოპასუხეებმა. სახელმძღვანელოებში („საგამოცდო ტესტების სრული კრებული“, „ახალი ტესტები ა.ბ.ც.დ.ე მართვის მოწმობის მისაღებად“) მოსარჩელის ავტორობით გამოცემულ კრებულში არსებული ტესტებია გამოყენებული, თუმცა არეულია მათი თანმიმდევრობა. მოპასუხეებმა განახორციელეს ე.ქ.-ის ნაწარმოების რეპროდუცირება და რეალიზაცია შეცვლილი სათაურით ავტორის თანხმობისა და მისი სახელის მითითების გარეშე, რითაც დაირღვა მოსარჩელის განსაკუთრებული ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები.

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: საგამოცდო ბილეთი, რომელიც განთავსებულია სააგენტოს საიტზე, შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: 1. სიტუაციური ფოტო; 2. კითხვა; 3. პასუხების ვარიანტები; 4. სწორი პასუხი და 5. კომენტარი ბილეთისადმი. როგორც ხელშეკრულების №1.2 მუხლი ცხადყოფს, მოსარჩელეს უნდა შეედგინა 594 ბილეთისათვის მხოლოდ კითხვები და სავარაუდო პასუხები, ანუ მან მიიღო სლაიდები, დასვა კითხვები და შეადგინა სავარაუდო პასუხები, ხოლო კომენტარები მას არ ეკუთვნის. ამასთან, შსს სსიპ მომსახურების საიტზე ამჟამად 1025 ბილეთია განთავსებული, ამდენად, მისი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საიტზე განთავსებული ბილეთები შედგენი. მხოლოდ მის მიერ, არის მცდარი და არ შეესაბამება სინამდვილეს. ხელშეკრულების №3.5 მუხლის მიხედვით, დამკვეთი უფლებამოსი. , შედგენილი კითხვები გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ. აქედან გამომდინარე, სააგენტომ, როგორც მესაკუთრემ საგამოცდო ბილეთები კომენტარების დამატებისა და შეცდომების შესწორების შემდეგ თავის საიტზე განათავსა. მოწმობა არ წარმოშობს საავტორო უფლებებს და ადასტურებს მხოლოდ დეპონირების ფაქტს შესაბამისი თარიღის მითითებით. როგორც „სამართლებრივი დახმარების ცენტრის“ მისამართით გაგზავნილი მომსახურების სააგენტოს პასუხიდან ირკვევა, სააგენტო მართვის მოწმობის თეორიული გამოცდების ტესტების გამოსაცემად ნებართვის გაცემას არ ახორციელებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სააგენტოს არა აქვს ლიცენზიების ან ნებართვების გაცემის უფლება. საგამოცდო ბილეთების მეპატრონე არის მომსახურების სააგენტო, ხოლო მოსარჩელეს მისი განკარგვის ან სხვაგვარი გამოყენების ექსკლუზიური უფლება არ გააჩნია, რადგან საგამოცდო ბილეთები არ წარმოადგენენ მოსარჩელის დამოუკიდებელი ინტელექტუალური შრომის ნაყოფს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მოწმობით დასტურდება, რომ მ. გ.-ის სახელზე, ნაწარმოები: საგზაო მოძრაობის ტესტები A;B;C კატეგორიების მართვის მოწმობის მისაღებად დეპონირებულია 28.02.2008 წელს. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 24 ივლისის წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობების თეორიული გამოცდების ტესტების გამოსაცემად ნებართვის გაცემას არ ახორციელებს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მოწმობით დასტურდება, რომ ი. მ.-ისა და შ. ო.-ის სახელებზე ნაწარმოები, საგზაო მოძრაობისა და მოძრაობის უსაფრთხოების ,,საგამოცდო ტესტი“, რეგისტრირებულია 27.02.2007 წელს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მოწმობით დასტურდება, რომ ი. მ.-ის სახელზე ნაწარმოები - საგზაო მოძრაობისა და მოძრაობის უსაფრთხოების საგამოცდო ტესტები დეპონირებულია 2008 წლის 6 და 25 მარტს. ერთი მხრივ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დამკვეთს) და, მეორე მხრივ, ე. ქ.-ეს (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების 1.2. მუხლის თანახმად, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება, შეედგინა 594 კითხვა - შესაბამისი სავარაუდო პასუხებით მართვის მოწმობის მისაღები საგამოცდო ბილეთებისათვის. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 800 ლარით ( 2.1.-2.2. პუნქტები). ხელშეკრულების 3.5. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთი უფლებამოსი. , შედგენილი კითხვები გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ. უდავოა, რომ 25.03.2008 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები შესრულებულია ორივე მხარის მიერ, დამკვეთმა მიიღო 594 კითხვა შესაბამისი სავარაუდო პასუხებით, ხოლო შემსრულებელმა - შეთანხმებული ანაზღაურება. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში 25.11.2011 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე მესამე პირის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, მოსარჩელე ე. ქ.-ე არ არის დამამზადებელი საგამოცდო ბილეთების, მან მხოლოდ შეადგინა 594 ბილეთისთვის კითხვები და სავარაუდო პასუხები, ხოლო აღნიშნულ საგამოცდო ბილეთებზე, რომელიც განთავსებულია სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს საიტზე, საავტორო უფლება ეკუთვნის შსს მომსახურების სააგენტოს. სააგენტომ, როგორც მესაკუთრემ, განათავსა საგამოცდო ბილეთები თავის საიტზე. მესამე პირის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობების თეორიული გამოცდების ტესტების გამოსაცემად ნებართვის გაცემას არ ახორციელებს და ამასთან, სააგენტოს ამ ეტაპზე არ გააჩნია ინტერესი, გააკონტროლოს საიტზე გამოქვეყნებული საგამოცდო ბილეთების წერილობითი სახით გამოცემასთან დაკავშირებული საკითხები (იხ.25.11.2011წ. სხდომის ოქმი 15:12- 15:43 სთ).

მოსარჩელე ე. ქ.-ე სარჩელით ითხოვს, მოპასუხეებს აეკრძალოთ ,,საგამოცდო ტესტების სრული კრებულის” (თბილისი, 2008 წელი) და ,,ახალი ტესტები ა,ბ,ც, მართვის მოწმობის მისაღებად“ (თბილისი, 2008 წელი) ნაწარმოების დამზადება, გამოცემა, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება და სხვა ყოველგვარი გამოყენება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნულ გამოცემებში გამოყენებულია ე. ქ.-ის მიერ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ტესტები. მოპასუხეების მიერ გამოცემულ კრებულებში, ,,საგამოცდო ტესტების სრული კრებული” (თბილისი, 2008 წელი) და ,,ახალი ტესტები ა,ბ,ც, მართვის მოწმობის მისაღებად” (თბილისი 2008 წელი), მითითებულია, რომ აღნიშნული ტესტები (ან მათი ნაწილი) შედგენი. შსს-ს ვებ-გვერდზე (www.police.ge) გამოქვეყნებული მასალის მეშვეობით. კრებულების გამომცემლები მადლობას უხდიან შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობას გაწეული მეთოდური დახმარებისთვის. აღნიშნული ფაქტი მოპასუხეებმა დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გაკეთებულ ახსნა-განმარტებებსა და შესაგებლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით მართებულად მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა ე. ქ.-ის მიერ ქონებრივი საავტორო უფლებების რეალიზაციის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლების დაცვის საკითხები რეგლამენტებულია საქართველოს კანონით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე კანონის მე-6 მუხლი განამტკიცებს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ჩამონათვალს. კანონმდებლობა არ იძლევა ნაწარმოების ზუსტ ცნებას, რადგან ნაწარმოები წარმოადგენს რთული, მრავალმხრივი შინაარსის ობიექტს და ამა თუ იმ განსაზღვრებამ შეიძლება, წინ წამოწიოს მხოლოდ მისი რამდენიმე ნიშანი. საავტორო სამართლის სფეროში სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა აღნიშნული კანონმდებლობით დაცული ობიექტების მიახლოებით და არა ამომწურავ ჩამონათვალს შეიცავს. ზოგჯერ ასეთი საჩვენებელი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ასეა საქართველოს კანონმდებლობაშიც (მე-6 მუხლის 1 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი). აღნიშნულის გამო თვით ნაწარმოებია ერთადერთი უნივერსალური მაჩვენებელი, რომელიც, ნებისმიერ სადავო შემთხვევაში უნდა შეფასდეს. ამასთან, ასეთი შეფასების ტვირთი მოსამართლის შეხედულებაზეა დამოკიდებული. საავტორო დავის განხილვისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წარმოადგენს თუ არა დაცვის ობიექტი ნაწარმოებს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგს. ასეთი ობიექტი დაცვას ექვემდებარება მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა მისი კონკრეტულად რომელიმე სფეროსათვის მიკუთვნება.

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის, „,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი და მერვე პუნქტების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ე. ქ.-ის მიერ ქონებრივი საავტორო უფლებების რეალიზაციის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ქ.-ემ შემდეგი დასაბუთებით: გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა გამოიხატება იმაში, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი, კერძოდ: 2008 წლის 25 მარტის №176 ხელშეკრულება და საქპატენტის №29992 მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილი ტესტები გამოხატული ობიექტური ფორმით – „საგამოცდო ტესტები აბც კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად“ შექმნი. გაცილებით ადრე და დეპონირებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე, კერძოდ, 2008 წლის 28 თებერვალს. აღნიშნული გამორიცხავს მის მიჩნევას შსს მომსახურების სააგენტოს მოთხოვნით შექმნილ და მით უფრო სამსახურებრივ ნაწარმოებად. სასამართლომ ყოვლად უკანონოდ მოაქცია სადავო ტესტები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის განხილვის არეალში.

პალატამ ასევე შეფასების გარეშე დატოვა სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული №49/8-7005 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ შსს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის თეორიული გამოცდების ტესტების გამოსაცემად ნებართვას არ გასცემს, რაც უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სააგენტოს სადავო ტესტებზე საავტორო და ქონებრივი უფლება არ გააჩნია.

სასამართლომ მიიღო რა ე. ქ.-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რომლითაც დგინდება მისი საავტორო უფლება არსებულ ტესტებზე, არ შეუფასებია იგი, უფრო მეტიც, თავისი გადაწყვეტილებით, მხარეს, კერძოდ კი, მესამე პირად ჩართულ სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. პალატამ უკანონოდ აღიარა მესამე პირის, საავტორო უფლება აღნიშნულ ტესტებზე. დარღვეულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლების დათქმა, რომელიც ადგენს საავტორო უფლების დამოუკიდებლობას საკუთრების უფლებისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება, ერთი მხრივ, ე. ქ.-ესა და, მეორეს მხრივ, ი. ზ.-სა და გ. ღ.-ს შორის შემდეგი პირობებით: მოპასუხეები ი. ზ.-ი და გ.ღ.-ი მათ მიერ სამომავლოდ გამოცემულ საგამოცდო ტესტების კრებულთა (რომელიც განკუთვნი. მართვის მოწმობის მისაღებად) ყველა ეგზემპლარზე მიუთითებენ, რომ „594 (ხუთასოთხმოცდათოთხმეტი) ტესტი (კითხვა-პასუხი) შეადგინა ე.ქ.-ემ“. მოპასუხეები ასევე დათანხმდნენ, რომ ე. ქ.-ის სასარგებლოდ ერთჯერადად გადაიხდიდნენ 150 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასმართლოს მსჯელობის საგანია ი. მ.-ისა და შ. ო.-ის მიმართ ე. ქ.-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მოწმობით დასტურდება, რომ მ. გ.-ის სახელზე, ნაწარმოები: საგზაო მოძრაობის ტესტები A,B,C კატეგორიების მართვის მოწმობის მისაღებად დეპონირებულია 28.02.2008 წელს (ტ. I, ს.ფ. 20);

2. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 24 ივლისის წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობების თეორიული გამოცდების ტესტების გამოსაცემად ნებართვას არ გასცემს;

3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მოწმობით დასტურდება, რომ ი. მ.-ის, შ. ო.-ის სახელზე, ნაწარმოები: „საგზაო მოძრაობისა და მოძრაობის უსაფრთხოების ,,საგამოცდო ტესტი“ რეგისტრირებულია 27.02.2007წ. (ტ. I, ს.ფ.74);

4. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მოწმობით დასტურდება, რომ ი. მ.-ის სახელზე, ნაწარმოები: „საგზაო მოძრაობისა და მოძრაობის უსაფრთხოების საგამოცდო ტესტები“ დეპონირებულია 06.03.2008წ. (ტ. I, ს.ფ.75);

5. 25.03.2008 წელს ერთის მხრივ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დამკვეთს), და მეორეს მხრივ, ე. ქ.-ეს (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების 1.2. მუხლის თანახმად, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება შეედგინა 594 კითხვა - შესაბამისი სავარაუდო პასუხებით მართვის მოწმობის მისაღები საგამოცდო ბილეთებისათვის. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 800 ლარით (2.1.-2.2. პუნქტები). ხელშეკრულების 3.5. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთი უფლებამოსი. შედგენილი კითხვები გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ (იხ.: ხელშეკრულება ტ. I, ს.ფ. 18-19). 25.03.2008წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები ორივე მხარემ შეასრულა: დამკვეთმა მიიღო 594 კითხვა შესაბამისი სავარაუდო პასუხებით, ხოლო შემსრულებელმა - შეთანხმებული ანაზღაურება;

6. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში 25.11.2011წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მესამე პირის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, მოსარჩელე ე. ქ.-ე არ არის დამამზადებელი საგამოცდო ბილეთების, მან მხოლოდ შეადგინა 594 ბილეთისთვის კითხვები და სავარაუდო პასუხები, ხოლო აღნიშნული საგამოცდო ბილეთებზე, რომელიც განთავსებულია სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს საიტზე საავტორო უფლება ეკუთვნის შსს მომსახურების სააგენტოს. სააგენტომ, როგორც მესაკუთრემ, განათავსა საგამოცდო ბილეთები თავის საიტზე. მესამე პირის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობების თეორიული გამოცდების ტესტების გამოსაცემად ნებართვის გაცემას არ ახორციელებს და ამასთან, სააგენტოს ამ ეტაპზე არ გააჩნია ინტერესი, გააკონტროლოს საიტზე გამოქვეყნებული საგამოცდო ბილეთების წერილობითი სახით გამოცემასთან დაკავშირებული საკითხები (იხ.25.11.2011წ. სხდომის ოქმი 15:12- 15:43 სთ);

7. ე. ქ.-ე სარჩელით ითხოვს მოპასუხეებს აეკრძალოთ ,,საგამოცდო ტესტების სრული კრებულის“ (თბილისი 2008 წელი) და ,,ახალი ტესტები ა,ბ,ც, მართვის მოწმობის მისაღებად“ (თბილისი 2008 წელი) დამზადება, გამოცემა, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება და სხვა ყოველგვარი გამოყენება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნულ გამოცემებში გამოყენებულია ე. ქ.-ის მიერ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ტესტები.

8. მოპასუხეების მიერ გამოცემულ კრებულებში ,,საგამოცდო ტესტების სრული კრებული“ (თბილისი 2008 წელი) და ,,ახალი ტესტები ა,ბ,ც, მართვის მოწმობის მისაღებად“ (თბილისი 2008 წელი), მითითებულია, რომ აღნიშნული ტესტები (ან მათი ნაწილი) შედგენი. შსს ვებ-გვერდზე - www.police.ge გამოქვეყნებული მასალის მეშვეობით. კრებულების გამომცემლები მადლობას უხდიან შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობას გაწეული მეთოდური დახმარებისთვის. აღნიშნული ფაქტი მოპასუხეებმა დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გაკეთებულ ახსნა-განმარტებებში და შესაგებლებში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კანონის დაცვის ობიექტია მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებთან დაკავშირებული ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები.

იმავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებებ­ზე, რო­მ­ლებიც წარ­მო­ად­გენს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-შე­მოქ­მე­დე­ბითი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დეგს, გა­ნურ­ჩევ­ლად ნა­წარ­მო­ე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა, ავ­კარ­გი­ა­ნო­ბი­სა, ჟან­რი­სა, მო­ცუ­ლო­ბი­სა, გა­მო­ხატ­ვის ფორ­მი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბი­სა.

აღნიშნული ნორმის თანახმად, ნაწარმოები შეფასებითი კატეგორიაა და გულისხმობს კრეატიული პროცესის შედეგად შექმნილ ობიექტს. ამ განსაზღვრების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგამოცდო ტესტი, კითხვები და სავარაუდო პასუხები შეიძლება იყოს მითითებული კანონის დაცვის საგანი, როგორც ინტელექტუალური საქმიანობის შედეგი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ტესტები წარმოადგენს სამსახურეობრივ ნაწარმოებს და მათზე საავტორო უფლებები გააჩნია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები ), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ ე. ქ.-ემ 25.03.2008 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ მომსახურების სააგენტოს დაკვეთით, შეადგინა 594 კითხვა შესაბამისი სავარაუდო პასუხებით, მართვის მოწმობის მისაღები საგამოცდო ბილეთებისათვის, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო ტესტები სამსახურებრივ ნაწარმოებად უნდა იქნეს განხილული.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლი მე-6 პუნქტის თანახმად კი, დამსაქმებელს უფლება აქვს, სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი (დასახელება) ან მოითხოვოს ასეთი მითითება. სწორედ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ნათელია, რომ დამსაქმებელს ან დამკვეთს გადაეცემა არა მხოლოდ შეკვეთის ფარგებში შესრულებულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებები, არამედ სახელის მითითების უფლებაც. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ე. ქ.-ის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ ტესტებზე, როგორც ქონებრივი, ისე დასახელების მითითების უფლება გადაეცა მომსახურების სააგენტოს და სწორედ ეს უკანასკნელია უფლებამოსილი მესამე პირებისაგან აღნიშნული უფლების დაცვა მოითხოვოს, რაც სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა და ე. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად არ დააკმაყოფილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება ი. მ.-ისა და შ. ო.-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე