Facebook Twitter

№ ას-1359-1282-2012 25 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ.ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ.თ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 აგვისტოს განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.თ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ფ-სა და გ. ფ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ც-ის ქუჩა №1/33-34-ში მდებარე, ზ.ფ-ის კუთვნილ, ქორწინების პერიოდში შეძენილ საცხოვრებელ ბინაზე, მისი მეუღლის გ. ფ-ის თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის დავალდებულება, გაატაროს რეგისტრაციაში გ. ფ-ე აღნიშნული ბინის თანამესაკუთრედ შემედგი დასაბუთებით: კასატორის განმარტებით, 2010 წლის 16 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გ. ფ-სა და თ. ლ-ას წინააღმდეგ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, აღნიშნული განაჩენითვე მათ დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 40000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მოპასუხე გ. ფ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ.ფ-ან, რომელის სახელზეც, გაფორმებულია ქორწინების განმავლობაში შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. ქუთაისში, ც-ის ქ. №1/33-34-ში. აღნიშნული ბინა 2012 წლის 16 იანვრის აუდიტორული დასკვნით შეფასდა 80000 ლარად, შესაბამისად, მის იურიდული ინტერესს წარმოადგენს აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღოს თავისი კუთვნილი თანხა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ.თ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ფ-ე ცნობილ იქნა ქ. ქუთაისში, ც-ის ქ. № 1/33-34-ში არსებული ზ.ფ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის ს/კ ... - ½ ნაწილის თანამესაკუთრედ; იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გ. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაატაროს ქ. ქუთაისში, ც-ის ქ. № 1/33-34-ში არსებული ზ.ფ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის ს/კ - ... - ½ ნაწილი.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ.ფ-ემ და გ. ფ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ზ.ფ-სა და გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის წერილით, ამონაწერითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვეოდა, რომ ქ. ქუთაისში, ც-ის ქუჩა №1/33 -34-ში, ს/კ ... მდებარე უძრავი ქონების ზ.ფ-ის სახელზე რეგისტრაციის საფუძველია 2011 წლის 6 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.18, 37,42).

ვინაიდან, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა კანონით (სკ-ის 1161-ე მუხლი) გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სადავო უძრავ ქონებაზე, მხოლოდ მისი საკუთრების უფლებას, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებად განიხილება უშუალოდ მეუღლეთა შორის დავის არსებობის დროს, ხოლო მესამე პირებისათვის აღნიშნული ქონება თანასაკუთრებად ჩაითვლება, მხოლოდ ორივე მეუღლის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში და, რომ გ.თ-ა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში არასათანადო მოსარჩელეა. პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ 2010 წლის 16 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს №1/2138-10 გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც გ. ფ-ეს დაზარალებულ გ.თ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, უფლებამოსილს ხდიდა გ.თ-ას, სსსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად წარედგინა სარჩელი უფლების დადგენის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა , რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა გ.თ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო ზ.ფ-ის სახელზე რიცხულ სადავო უძრავ ქონებას მდებარე ქ. ქუთაისში, ც-ის ქუჩა №1/33-34-ში, ს/კ ....(ს.ფ.85-87)

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 54-ე და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 631-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 12 ივნისს შედგენილი ე.წ ”საქორწილო ხელშეკრულებით” გ. ფ-ემ უარი განაცხადა, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას, ზ.ფ-ან თანასაკუთრების უფლებაზე ყველა უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენდა ქ. ქუთაისში, ც-ის ქუჩა №1/33 -34-ში (ს/კ ...) ზ.ფ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონებიდან გ. ფ-ის, როგორც მეუღლის ½ ნაწილის ზ.ფ-ის გადაცემას, კერძოდ: შეთანხმების დადების დროისათვის უძრავი ქონება სასამართლოს განჩინებით დაყადაღებულს წარმოადგენდა და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 631-ე მუხლის თანახმად, მის განკარგვასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთანხმება ბათილი იყო. ამდენად, პალატის აზრით, აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოადგენდა სასარჩელი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც გ.თ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ.ფ-ემ და გ.ფ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზე, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებად განიხილება უშუალოდ მეუღლეთა შორის დავის არსებობის დროს, ხოლო მესამე პირებისათვის აღნიშნული ქონება თანასაკუთრებად ჩაითვლება, მხოლოდ ორივე მეუღლის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში და, რომ გ.თ-ა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში არასათანადო მოსარჩელეა. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი, ამასთან, პალატამ მართალია გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ზ.ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ.ფ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1700 ლარი) 70% – 1190 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ზ.ფ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 22 ოქტომბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1700 ლარი) 70% – 1190 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე