საქმე №ას-1461-1476-2011 9 იანვარი, 2013 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ გ.კ-ე (მოწინააღმდეგე მხარე)
კასატორი _ ს.ს-ა
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ს.ს-ას მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ხოლო ს.ს-ამ შეგებებული სარჩელი შეიტანა გ.კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.კ-ის სარჩელი მოპასუხე ს.ს-ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს.ს-ას დაეკისრა გ.კ-ის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის გადახდა; განისაზღვრა ს.ს-ის გ.კ-ის მიერ სადავო ავტომანქანის დაბრუნება; არ დაკმაყოფილდა გ.კ-ის სარჩელი ს.ს-ას მიმართ მიუღებელი შემოსავლის სახით 48 000 ლარის და გაწეული ხარჯის – 5 000 ლარის დაკისრების თაობაზე; არ დაკმაყოფილდა ს.ს-ას შეგებებული სარჩელი გ.კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრეს მხარეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით გ.კ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით ს.ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული განჩინება საკსაციო წესით გაასაჩივრა ს.ს-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ს.ს-სა და გ.კ-ის შუმადგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდა. დამტკიცდა მორიგება ს.ს-სა და გ.კ-ეს შორის შემდეგი პირობებით:
1. გ.კ-ე იღებს ვალდებულებას, 2012 წლის 15 იანვრამდე ს.ს-ას ქ.თბილისში ჩამოუყვანოს ავტომანქანა მოდელი ,,დაფ-ლეილანდი 126’’; სახელმწიფო ნომერი ..., ფერი ნარინჯისფერი 7/8; მანქანის გამოშვების წელი 1998 წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი ..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AV2345651 გაცემული 2008 წლის 10 ოქტომბერს, თავისი სვლით.
2. ს.ს-ა იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს გ.კ-ეს 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი 2012 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 30 დეკემბრამდე ყოველთვიურად 2500 (ორი ათას ხუთას) აშშ დოლარის ოდენობით.
3. გ.კ-ის მიერ 2012 წლის 15 იანვრამდე ავტომანქანის ს.ს-ზე გადაუცემლობის შემთხვევაში გ.კ-ეს დაეკისროს ს.ს-ის 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის გადახდა და მანქანა აღირიცხოს გ.კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით.
4. ს.ს-ა იღებს ვალდებულებას, ავტომანქანის ჩაბარებისთანავე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით გ. კ-ის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთოს აღნიშნული ავტომანქანა, შსს-ის მომსახურების სააგენტოში.
შეწყდა საქმის წარმოება გ. კ-ის სარჩელისა გამო ს.ს-ას მიმართ ავტო-მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, თანხის დაბრუნების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2012 წლის 21 დეკემბერს გ.კ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თანხმობა გამოთქვა ყადაღა მოხსნოდა ს.ს-ას ავტომანქანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ს.ს-ას კუთვნილ ავტომანქანას: სახელმწიფო ნომერი - ..., მარკა, მოდელი - დაფ ლეილანდ 12,6, სარეგისტრაციო მოწმობა - AV 2345651, გამოშვების წელი - 1998, საიდენტიფიკაციო ნომერი ... (იხ. ტ. I, ს.ფ.11-12).
ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით (საქმე №ას-1461-1476-2011), ერთის მხრივ, ს.ს-ას, ხოლო მეორეს მხრივ, გ.კ-ეს შორის დამტკიცდა მორიგება და საქმეზე შეწყდა წარმოება მორიგების დამტკიცების გამო. მორიგების აქტის მეორე პუნქტის თანახმად, ს.ს-ა იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა გ.კ-ის 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი 2012 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 30 დეკემბრამდე ყოველთვიურად 2500 (ორი ათას ხუთას) აშშ დოლარის ოდენობით.
განმცხადებელი გ. კ-ე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ს.ს-ამ სრულად შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მასზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, ს. ს-ას წარმომადგენელმა გ. მ-ემ ნ. მ-ის თანდასწრებით განმცხადებელს გადასცა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, რის გამოც გ. კ-ეს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა ყადაღა მოეხსნას ს.ს-ას ავტომანქანას (...), რომელიც დადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების უზრუნველსაყოფადაც მხარის ქონების მიმართ გამოყენებული იყო ყადაღა, აღსრულებულია. შესაბამისად, დასაბუთებულია განმცხადებელთა მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ივნისის განჩინებით (საქმე №6636-10) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, მოეხსნას ყადაღა ს.ს-ას კუთვნილ ავტომანქანას: სახელმწიფო ნომერი - ..., მარკა, მოდელი - დაფ ლეილანდ 12,6, სარეგისტრაციო მოწმობა - AV 2345651, გამოშვების წელი - 1998, საიდენტიფიკაციო ნომერი ....
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე