Facebook Twitter

საქმე №ას-439-416-2012 9 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებლები - ი.მ-ე, ი.გ-ი, ი.გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ა-ა

განმცხადებელთა მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ა-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის მიმართ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით თ.ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.მ-ემ, ი.გ-მა და ი.გ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით თ.ა-ას, ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდა. დამტკიცდა მორიგება ერთი მხრივ თ.ა-სა და მეორეს მხრივ, ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის შორის შემდეგი პირობებით:

1. ი.მ-ე, ი.გ-ი და ი.გ-ი თ.ა-ას გადაუხდიან 27000 აშშ დოლარს წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო განჩინების დამტკიცების დღიდან 06 თვის ვადაში. აღნიშნული ვალდებულება შესაძლებელია შესრულდეს ვადამდეც.

2. იმ შემთხვევაში, თუ ი.მ-ე, ი.გ-ი, ი.გ-ი ვერ შეასრულებენ მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფულად ვალდებულებას, თ.ა-ას საკუთრებაში გადაეცემა ქ.თბილისში, სოფელ წ-ი მდებარე, ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში (საკადასტრო კოდი №...) მხოლოდ მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ფართი, (სარჩელში აღნიშნული საცხოვრებელი ფართი 75 კვ.მ და ეზოში განთავსებული დამხმარე სათავსო 14 კვ.მ.) ხოლო ამის სანაცვლოდ თ.ა-ა ვალდებულია, ი.მ-ეს, ი.გ-სა და ი.გ-ს გადაუხადოს 8000 აშშ დოლარი (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება 25%).

3. ი.მ-ის, ი.გ-სა, ი.გ-ის მიერ მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულებამდე თ.ა-ა უფლებამოსილია ისარგებლოს ქ.თბილისში, სოფელ წ-ი, ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომით.

4. ი.მ-ის, ი.გ-სა, ი.გ-ის მიერ მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულებამდე ყადაღა დაედოს ქ.თბილისში, სოფელ წ-ი მდებარე, ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში (საკადასტრო კოდი №...) არსებულ 75 კვ.მ. ფართს და ეზოში განთავსებული დამხმარე 14 კვ.მ ფართის ნაგებობას, ხოლო მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულებისთანავე აღნიშნულ უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა გაუქმდეს.

5. ი.მ-ის, ი.გ-სა, ი.გ-ის მიერ მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების მომენტიდან 10 დღის ვადაში თ.ა-ა ვალდებულია უზრუნველყოს ქ.თბილისში, სოფელ წ-ი, ი.მ-ის, ი. გ-სა და ი.გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (№...) ფარგლებში მის მიერ დაკავებული მთლიანი ფართის გამოთავისუფლება და სრულად დაცლა, გარდა საცხოვრებელ ფართში და მის ეზოში არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო აღჭურვილობებისა (წყლის ავზი და სხვ.). შესაბამისად, თ.ა-ამ აღნიშნული ფართი ინგა მაჩაიძეს, ი.გ-სა და ი.გ-ს უნდა გადასცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

6. იმ შემთხვევაში, თუ თ.ა-ა დაარღვევს მორიგების აქტის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ვალდებულებას, მას ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის მიმართ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მთლიანი თანხის (27000 აშშ დოლარის) 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7. მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუფერხებლად შესრულების მიზნით თ.ა-ა ვალდებულია გადასცეს ი.მ-ეს, ი.გ-სა და ი. გ-ს თავის კუთვნილი საბანკო რეკვიზიტები წერილობითი ფორმით, რომლის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება თ.ა-ას, ხოლო არასწორი საბანკო რეკვიზიტების მიწოდების შემთხვევაში ი.მ-ეს, ი.გ-ს და ი.გ-ის ეხსნებათ ყოველგვარი პასუხისმგებლობა.

8. წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული პირობებით მთლიანად არის მოწესრიგებული თ.ა-ას უფლებრივი საკითხები, რომლებიც გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის მიერ მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებისთანავე თ.ა-ას უწყდება მოსარგებლის სტატუსი ი.მ-ან, ი.გ-ან და ი.გ-ან არსებული სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში.

შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება თ.ა-ას სარჩელისა გამო ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის მიმართ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.

2012 წლის 27 დეკემბერს ი.მ-ემ, ი.გ-მა და ი.გ-მა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მოითხოვეს მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლები მოითხოვენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ ჯეროვნად და დათქმულ დროს იქნა შესრულებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით (საქმე №ას-439-416-2012), ერთის მხრივ, თ.ა-ას, ხოლო მეორეს მხრივ, ი.მ-ეს, ი.გ-სა, ი.გ-ს შორის დამტკიცდა მორიგება და საქმეზე შეწყდა წარმოება მორიგების დამტკიცების გამო. მორიგების აქტის პირველი პუნქტის თანახმად, ი.მ-ეს, ი.გ-სა და ი.გ-ს თ.ა-ის უნდა გადაეხადათ 27000 აშშ დოლარი წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო განჩინების დამტკიცების დღიდან 06 თვის ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შესრულება შესაძლებელი იყო ვადამდეც. ხოლო, მორიგების აქტის მეოთხე პუნქტის თანახმად, ი.მ-ის, ი.გ-სა, ი.გ-ის მიერ მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულებამდე ყადაღა დაედო ქ.თბილისში, სოფელ წ-ი მდებარე, ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში (საკადასტრო კოდი №...) არსებულ 75 კვ.მ. ფართს და ეზოში განთავსებული დამხმარე 14 კვ.მ ფართის ნაგებობას, ხოლო მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულებისთანავე აღნიშნულ უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმებულიყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების პირობების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქ.თბილისში, სოფელ წ-ი მდებარე, ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში (საკადასტრო კოდი №...) არსებულ 75 კვ.მ. ფართს და ეზოში განთავსებული დამხმარე 14 კვ.მ ფართის ნაგებობას ყადაღა მოეხსნებოდა მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულებისთანავე.

განმცხადებლებმა მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) გაუქმება და წარმოადგინეს 27 000 აშშ დოლარის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ზემოაღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმა თ.ა-აც, რომელმაც განმარტა, რომ განმცხადებლებმა ნამდვილად შეასრულეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით დამტკცებული მორიგების პირობა, მათგან მიიღო 27 000 აშშ დოლარი და იგი თანახმაა ყადაღა მოეხსნას უძრავ ქონებას, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ 2013 წლის 8 იანვარს შედგენილი აქტი (იხ. სატელეფონო აქტი ტ. II, ს.ფ.162).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების უზრუნველსაყოფადაც მხარის ქონების მიმართ გამოყენებული იყო ყადაღა, აღსრულებულია. შესაბამისად, დასაბუთებულია განმცხადებელთა მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის №ას-439-416-2012 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, მოეხსნას ყადაღა ქ.თბილისში, სოფელ წ-ი მდებარე, ი.მ-ის, ი.გ-სა და ი.გ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში (საკადასტრო კოდი №...) არსებულ 75 კვ.მ. ფართს და ეზოში განთავსებული დამხმარე 14 კვ.მ ფართის ნაგებობას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე