საქმე №ას-18-16-2013 28 იანვარი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რ. ფ.-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – რ. ფ.-ის სარჩელის გამო, ჟ. კ.-ის მიმართ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დადების, ვალდებულების შესრულებლად ჩათვლისა და საჯარო რეესტრის მონაცემებში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ვალდებულების მოხსნის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისიწნებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია რომ კანონი, ზუსტად განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას და ამბობს, რომ კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ იმ განჩინებაზე, რომელზეც პირდაპირ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა უსწორობის გასწორების თაობაზე განცხადება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად, კანონი ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას იმ შემთხვევაში, თუ განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდება, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის განცხადება. აღნიშნულის კერძო საჩივრით გასაჩივრებას კი საპროცესო კადექსი არ ითვალისწოინებს.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანდ ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას. გამომდინარე იქიდან, რომ რ. ფ.-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია, მხარეს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 16 იანვრის № 195322 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ფ.-ის კერძო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. რ. ფ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 16 იანვრის №... საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე